თინათინ ბოლოკაძის ინტერვიუ ამერიკელ შერიფთან

თინათინ ბოლოკაძის ინტერვიუ ამერიკის შეერთებული შტატების, ტულარის მუნიციპალიტეტის შერიფთან, Mike Bodreaux-თან.

ჩემი პირველი კითხვა იქნება, რატომ არის არჩევითი შერიფები უკეთესი ვიდრე ცენტრალიზებული სისტემა?

- მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა. კალიფორნიის შტატში 58 რაიონი და 58 შერიფია. უნიკალური კი იმიტომ არის, რომ თემი თვითონ ირჩევს შერიფს, მის წარმომადგენელს. მაგალითად, ჩვენი თემი ბევრად განსხვავებულია სან-დიეგოსთან შედარებით. ასევეა საკრამენტოშიც, რადგან კალიფორნია დიდი შტატია, მილიონობით მოსახლეობით, და განსხვავება არის აზრებში. შერიფების სისტემა კი, იმიტომ არის კარგი, რომ მე ჩემი თემის წარმომადგენელი ვარ და ჩემი თემის ინტერესებს წარმოვადგენ. თუ ერთი ლიდერი გვეყოლებოდა კალიფორნიაში - საკრამენტოში, ის ადამიანი ჩვენი რაიონის ინტერესებს ვერ გაითვალისწინებდა. მე კი, როგორც ლიდერს, შემიძლია ყველაზე კარგად დავიცვა უსაფრთხოება ჩემს რაიონში. კრიმინალიც კი განსხვავებულია. ჩვენს რაიონში დიდი სოფლის მეურნეობის თემია და მე მყავს დანიშნული გამომძიებელი, რომელიც სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ კრიმინალს იძიებს. საქართველოს უნივერსალური სისტემით სოფლის მეურნეობის თემი ვერ იქნებოდა კარგად დაცული კონკრეტულ თემში, რადგან ლიდერს არ ეცოდინებოდა ეს თემა კარგად. ამიტომ ირჩევენ ამერიკაში შერიფებს, ჩვენ ყველაზე კარგად წარმოვადგენთ თემის ინტერესებს. მე ამ რაიონში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაშიც აქ ვსწავლობდი და მთელი ცხოვრებაა შერიფის ოფისში ვმუშაობ, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რა სჭირდება ხალხს ჩვენს თემში, ალბათ, ჩემს კონკურენტზე კარგადაც, რადგან მოსახლეობამ მე ამირჩია შერიფად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შერიფების არჩევითობა. მე ძალიან განვიცდი თითოეულ კრიმინალს ჩვენს თემში, რადგან ჩემი ოჯახი და მეგობრები სწორედ ამ თემში ცხოვრობენ.

როგორ მუშაობს ეს სისტემა? ვინ აგყავთ სამსახურში და ვინ არის თქვენი უფროსი?

- მე ვარ ხალხის მიერ არჩეული, იერარქიით ყველაზე მაღალ პოზიციაზე მყოფი წარმომადგენელი სამართალდამცავი ორგანოებიდან, რომელიც დაცულია კალიფორნიის შტატის კონსტიტუციის მიერ, ამიტომ მე უფროსი არ მყავს. მე ვამბობ, რომ უფროსი არ მყავს, თუმცა რეალურად მყავს, რადგან მე უნდა ჩავაბარო ანგარიში იმ ხალხს, რომლებმაც ამირჩიეს ამ პოზიციისთვის. თუ 4 წლის შემდგომ მათ დაინახეს, რომ კარგად ვერ ვასრულებ ჩემს საქმეს, ისინი ვინმე სხვას აირჩევენ. თუმცა, კალიფორნიის გენერალური პროკურორი აკვირდება შერიფის საქმიანობას და თუ შერიფმა გარკვეული კრიმინალი ჩაიდინა, მას აქვს უფლება, რომ გამოიძიოს შერიფის საქმე. ამიტომ, ჩემი მთავარი უფროსი ხალხია, რომელმაც ამირჩია და ასევე გენერალური პროკურორი, რომელსაც აქვს უფლება, მომხსნას კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში.

და თქვენ ირჩევთ, ვინ იმუშავებს შერიფის განყოფილებაში?

- დიახ, მე მათ ვირჩევ, მაგრამ ძალიან დიდი ნდობა მაქვს იმ ხალხის მიმართ, ვისაც ვაბარებ საქმეს. ჩვენ დიდი ოფისი გვაქვს, დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობს ჩვენთან, მე კი მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, შერიფის განყოფილების მთავარი სახე ვარ, პასუხისმგებელი ვარ გადასახადების გადამხდელების მიმართ, რადგან სწორედ ისინი გვაძლევენ ფულს. ამიტომ, როდესაც ვაწინაურებ თანამშრომლებს, მათდამი მაქვს სრული ნდობა, რომ სწორედ ისეთ ხედვებს ატარებენ ისინი, როგორსაც - მე. ვფიქრობ, რომ ყველა დიდი ორგანიზაციის ლიდერს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ ხალხის მიმართ, ვინც მასთან მუშაობს. ამიტომ ძალიან მკაცრი წესები მაქვს, რასაც მიჰყვებიან ჩვენი თანამშრომლები.

მე საქართველოდან ვარ და ამიტომ განსხვავება არც კი ვიცი შერიფსა და პოლიციის განყოფილებას შორის. რა არის ის პასუხისმგებლობები, რაც თქვენ გაქვთ და რაც პოლიციის განყოფილებას აქვს?

- შერიფის და პოლიციის განყოფილებას შორის ორი არსებითი განსხვავებაა. პოლიციის განყოფილება პატრულირებს, მუშაობს გზებზე და აკავებს ხალხს, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ, თუმცა მთავარი განსხვავება ის არის, რომ შერიფის განყოფილება პასუხისმგებელია ციხეებზე.

რაც შეეხება კანონებს, თქვენ გაქვთ იმის უფლება რომ კანონის წინააღმდეგ წახვიდეთ თუ ამას მიიჩნევთ სწორად?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა. არსებობს მკაცრი კანონები, რომლებიც კალიფორნიის შტატმა უნდა დავიცვათ, ეს კანონები ხალხმა აირჩია. ჩემი პასუხისმგებლობა კი არის ის, რომ გავატარო ეს კანონები პრაქტიკაში. თუმცა, კოვიდ-19-თან მიმართებით ჩვენმა გუბერნატორმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველას უნდა ეკეთოს პირბადე, მე არ ვეთანხმები ამ ბრძანებას და როგორც შერიფმა, არ გავატარე ეს ბრძანება პრაქტიკაში ჩემს რაიონში. თუმცა ეს განსხვავებულია კანონთან შედარებით. მე გადავწყვიტე, რომ არ დამეკავებინა უდანაშაულო ხალხი და არ დამეწერა ჯარიმა იმ ხალხზე, ვინც არ ატარებდა პირბადეს. ზოგი ადამიანი მეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებაში, მაგრამ მე მჯერა, რომ უმჯობესია დავურიგოთ პირბადეები იმ ხალხს, ვისაც ეს სჭირდება, ვიდრე დავაკავოთ ისინი. თუმცა არსებობს ისეთი კანონები, რომლის გატარებაც აუცილებელია, მაგალითად, ოჯახში ძალადობა ისეთი დანაშაულია, რომელსაც არასდროს არ ავარიდებ თავს და ყოველთვის დავიცავ ჩვენს მოქალაქეებს. საბოლოო ჯამში, არსებობს კანონები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავატარო, თუმცა რამდენიმე მათგანზე შემიძლია ვთქვა უარი და მოვიქცე სხვაგვარად.

როგორ ხდებიან შერიფები ამერიკაში? აუცილებელია, რომ ამ სფეროში გქონდეთ განათლება? მაგალითად, მეც გავხდებოდი შერიფი ამერიკაში, რომ მქონდეს ამის სურვილი?

- პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გქონდეთ უმაღლესი სკოლის ატესტატი. ამის შემდგომ აუცილებელია, რომ კალიფორნიის შტატის მიერ ორგანიზებული პოლიციელების წვრთნის სერტიფიკატი მიიღოთ და შემდგომში შესაძლებელია, რომ შერიფის განყოფილებაში დაიწყოთ მუშაობა. რეალურად, მხოლოდ სკოლის განათლება არის აუცილებელი, კოლეჯი არ არის მოთხოვნადი. თუ გსურთ დაწინაურება, კარგი იქნება, რომ კოლეჯის განათლებაც მიიღოთ, თუმცა ესეც არ არის აუცილებელი, რადგან ჩვენ ბევრ წვრთნას ვატარებთ ჩვენი თანამშრომლებისთვის და წვრთნების შედეგად შესაძლებელია დაწინაურებაც.

სანამ თქვენთან ინტერვიუს ჩავწერდი, თქვენს ფეისბუქ გვერდს გადავხედე და დავაკვირდი, რომ ძალიან პოზიტიურ კამპანიას ატარებთ. მაინტერესებს, როგორია თქვენი საარჩევნო კამპანია?

- შერიფად არ აგირჩევენ, თუ ხალხს არ მოსწონხარ. ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ ვარ, როგორი ხასიათი მაქვს, რა მომწონს და რა არ მომწონს და რას შეუძლია, გამაცინოს. ამიტომ ვდებ ძალიან ბევრ ინფორმაციას სოციალურ მედიაში, რათა ხალხმა თქვას: „ამ კაცს არ შევხვედრილვარ, მაგრამ მას ვიცნობ“. ზოგადად, ნეგატიური ნიუსები უფრო გაყიდვადია, ვიდრე პოზიტიური, თუმცა მე ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და ყოველთვის ვცდილობ, რომ ხალხი პოზიტიური გავლენის ქვეშ მოვაქციო და ვაჩვენო, რომ მათთან ერთად შეგვიძლია ბევრი კარგი საქმის გაკეთება. კამპანიისთვის ყოველთვის უნდა გაარეკლამო შენი ბრენდი, ამიტომ მეც ვცდილობ, რომ ჩემი ბრენდი გავარეკლამო და ვაჩვენო ხალხს, რომ მათთვის საუკეთესო არჩევანი ვარ, ძალიან სერიოზული ვარ იმაში, რასაც ვამბობ და ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც მათ ვპირდები. თუმცა ხალხს ეს უნდა დაუმტკიცო, ამიტომ შერიფის ფეისბუქ-კამპანიის და ჩემს პირად გვერდზე ყოველთვის ვასრულებ იმას, რასაც ვამბობ. მე ასევე ყოველთვის ვდებ ჩემი ოჯახის ფოტოებს გვერდზე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არა მხოლოდ მათი, მათი ოჯახების და სკოლების, არამედ ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზეც ვზრუნავ. ამისთვის ვიყენებ პირად ფეისბუქს, რომ ხალხმა დაინახოს, რომ მეც მათნაირი ვარ, მათსავით ვმუშაობ და მეც მყავს ოჯახი. კამპანიის გვერდზე მე ვამტკიცებ იმას, რომ იმ ყველაფრის შესრულება შემიძლია, რასაც ხალხს ვპირდები, ხოლო შერიფის გვერდზე მე კამპანიას ვაჩვენებ ხალხს, ჩვენს პროგრამებს ვაცნობ, მაგალითად, ფეხბურთის თამაშებს, საჭმლის დარიგებას, პირბადეების დარიგებას. მე მგონია, რომ არავის არ შეუძლია ისე კარგად გაგყიდოს, როგორც შენ შეგიძლია ეს გააკეთო. ამიტომ, თუ გადახედავთ გვერდებს, პოზიტიურ ინფორმაციას ნახავთ, ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ. ასევე კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი ის არის, რომ ხალხი არა მხოლოდ სოციალურ მედიასა და ტელევიზორში, არამედ პირადადაც მიცნობდეს და ხელი ჩამომართვას. ამისთვის მე დავდივარ ყველა იმ ღონისძიებაზე, სადაც მიწვევენ, ყველგან ვსაუბრობ და ვიცნობ ხალხს. შეგხვდებათ ნეგატიური კომენტარებიც ჩემზე, თუმცა ჩვენს თემს ისეთი ნდობა აქვს ჩემი და ჩემი ოფისის, რომ მათ სჯერათ ჩვენი საქმიანობების, ეს ჩვენი დამსახურებაა, რადგან ბევრი ვიმუშავეთ ნდობის გამოსამუშავებლად.

მგონია, რომ ეს პოლიტიკურ კამპანიას ჰგავს, პოლიტიკოსები როგორც დადიან სხვადასხვა სოფელში და ეცნობიან თემის საჭიროებებს ზუსტად ასეა.

- დიახ, ზუსტად. შერიფს უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ხალხი გაიცნოს და გაეცნოს მათ საჭიროებებს. ჩემთვის რომ არაფერს ნიშნავდეს შერიფობა, მთელი დღე ჩემს ლამაზ ოფისში ვიჯდებოდი და ყავას დავლევდი, თუმცა ჩემთვის შერიფობა ბევრს ნიშნავს.

ახლა მინდა თქვენზეც მომიყვეთ: როგორ მოხვედით შერიფობამდე, რატომ გსურდათ, რომ შერიფი ყოფილიყავით?

- არც ერთ ოცნებაში არ წარმოვიდგენდი იმას, რომ არჩეული შერიფი ვიქნებოდი და კამპანიას ვუხელმძღვანელებდი. მამაჩემი შერიფის ოფისში 30 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და მეც ისე გავიზარდე, რომ ყველაფერი ვიცოდი ამ საქმიანობაზე და ძალიან მომწონდა. მამაჩემს ძალიან დიდ პატივს ვცემდი და მინდოდა, რომ გავყოლოდი მის კვალს. ამიტომ, ჩავაბარე პოლიციის აკადემიაში და შემდგომ გავხდი შერიფის მოადგილე. არასდროს არ მინდოდა სხვა საქმის კეთება, ბევრი სხვა ორგანიზაციისგან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ვიცოდი, რომ ამ თემში მინდოდა მუშაობა. მოგვიანებით მაგისტრის ხარისხიც მივიღე, FBI-ს აკადემიაში ვისწავლე, ასევე გავიარე ლოს-ანჯელესში პოლიციის პროგრამა და კიდევ არ მჯეროდა, რომ ვიქნებოდი არჩეული შერიფი. მოულოდნელად მომიწია შერიფის შეცვლა, მისი ჯანმრთელობის პრობლემის გამო და მაშინ მივხვდი, რომ მომწონდა ეს საქმე. არავინ არ ყოფილა ასეთი თავდაჯერებული ამ პოზიციაზე, როგორც მე ვარ, მესმის ჩვენი თანამშრომლების ძალიან კარგად და ძალიან მადლიერი ვარ, რომ აღმოვჩნდი აქ. თუმცა არასდროს არ მინდა დავკარგო თავდამბლობა, თუ მივხვდები რომ აღარ ვარ თავმდაბალი, გადავალ სხვა საქმიანობაზე. ახლა ხალხი მიცნობს, ისინი დიდი ხანია მიცნობენ და სწორედ ამიტომ ამირჩიეს.

რას ფიქრობთ რა თვისებები და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს შერიფს?

- შერიფმა უნდა იცოდეს კანონები და ჰქონდეს მრავალმხრივი გამოცდილება, რაც მას განავითარებს. კანონების გარდა, მნიშნელოვანია, მან იცოდეს პოლიტიკა და მედიასთან მუშაობა, ასევე ხალხის უნდა ესმოდეს. განათლება, გამოცდილება და საქმის სიყვარული მნიშვნელოვანია. მე, მაგალითად,მოვდივარ სამსახურში და ვამბობ კიდეც, რომ სამსახურში მოვდივარ, თუმცა, იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ ეს სამსახური არ არის. ზოგადად, ის საქმე უნდა აკეთოს ადამიანმა, რაც მას ძალიან უყვარს, მე ეს საქმე მიყვარს ძალიან და არც წარმომიდგენია, რომ სხვა რამ ვაკეთო.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა მინდა დაგისვათ: როგორ ფიქრობთ, საქართველოში რომ მოხდეს დეცენტრალიზაცია და შერიფის არჩევითობა გვქონდეს, გვექნება თუ არა გამოწვევები და გვიღირს თუ არა ეს გამოწვევები?

- გექნებათ გამოწვევები და ეს ნამდვილად გიღირთ. არავის არ მოსწონს ცვლილებები, საქართველოში, თქვენს გარემოში ხალხი მოქცეულია ძალაუფლების ქვეშ და ძალიან რთულია ამ ძალაუფლებისგან თავის დაღწევა, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხისთვის, რადგან მათ აძლევს ხმის უფლებას. მე რომ მოქალაქემ დამირეკოს, მოვისმენ მათ პრობლემას და დავეხმარები, თქვენ სისტემაში ეს ასე არ მუშაობს. ამიტომ, შერიფის პროგრამის სარგებელი არის ის, რომ თქვენი ხალხი აირჩევს ისეთ ადამიანს შერიფად, რომელიც იზრუნებს თემის უსაფრთხოებაზე. მაგრამ უამრავი გამოწვევა გექნებათ, რადგან ახლა თქვენთან კაბინეტებში ზის ხალხი, რომელსაც ძალიან ანაღვლებთ თავიანთი ადგილი და ცვლილება მათზე პირდაპირ იმოქმედებს. მაგრამ ყველანაირი გამოწვევა ღირს ამ აღიარებულ სისტემად, რომელიც კარგად მუშაობს მთელ ამერიკაში.

მადლობა ინტერვიუსთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამეგო შერიფის პროგრამა, რადგან ძალიან მაწუხებს ჩემი ქვეყნის დღევანდელი სამართალდამცავი ორგანოების მდგომარეობა.


კომენტარები