ეკლესია და თავისუფლება

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საზოგადოების თავისუფლებას უპირისპირდება, უფრო ზუსტად, დაპირისპირება ორი იდეის: თავისუფლებისა და იძულების (ჩვენი ცხოვრების დარეგულირების) მომხრეებს შორის მიმდინარეობს. და სწორედ ამ უკანასკნელის მომხრეები ცდილობენ, რელიგიას ამოეფარონ. თუმცა, თუ კარგად წავიკითხავთ ბიბლიას, აღმოვაჩენთ, რომ ადამი მაშინ იქცა თავისუფალ ადამიანად, როდესაც პირველი რეგულაცია დაარღვია, ცნობადის ხის ნაყოფი გასინჯა და ამის შედეგად განსჯის უნარი გაუჩნდა. სწორედ, ადამის ამ საქციელმა გვაქცია ჩვენ საკუთარი მორალის მქონე არსებებად. სანამ თავისუფლები გავხდებოდით, ვცხოვრობდით ულამაზეს ედემში, გვპატრონობდა და ყველაფერს გვირეგულირებდა ღმერთი, არ გვქონდა მორალი და განსჯის უნარი, რადგან ღმერთმა იცოდა, რომ თუ საკუთარი გონება და ავტონომიურობა გვექნებოდა, მისი უფლებები შეზღუდულ იქნებოდა. სწორედ ამიტომ, ამ უნარების მომნიჭებელი ხილის ჭამა მისივე ბრძანებით ჰქონდა აკრძალული ადამსა და ევას.

17. ხოლო ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ. (ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მეორე)

და რატომ ქნა ეს?

5. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა.(ძველი აღთქმა, დაბადება,თავი მესამე)

აქედან ვასკვნით, რომ თუ ჩვენ მივირთმევდით აკრძალულ ხილს, აღარ ვიქნებოდით ის უბრალო, მარტივი არსება, რომელიც სხვათა მსგავსად, სხვის, თუნდაც ღმერთის ჭკუაზე იარსებებდა და დათანხმდებოდა ღმერთის უსიტყვო მორჩილებას, რადგან ის დასვამდა კითხვებს, ეჭვქვეშ დააყენებდა ყველაფერს, ექნებოდა საკუთარი განსჯა და აზროვნება, სწორედ ამიტომ, ადამი აღარ იქნებოდა არსება, რომლადაც ის შექმნეს. ჩვენ განსჯის უნარისა და კითხვების დასმის უნარის შეძენის შედეგად, გადავიქცეოდით თავისუფალ არსებებად. და ასეც მოხდა:

7. და განეხუნეს თუალნი ორთა-ნი-ვე და აგრძნეს, რამეთუ შიშუელ იყვნეს. და შეკერეს ფურცელი ლეღჳსა და ქმნეს თავთა თჳსთა გარემოსარტყმელნი. (ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მესამე)

როდესაც ჩვენ საკუთარი მორალი გაგვიჩნდა, ღმერთი მიხვდა, რომ მისი დაწესებული რეგულაცია დავარღვიეთ და თავისუფლებაც მოვიპოვეთ:

11. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ? უკუეთუ არა ხისაგან, რომლისა გამცენ შენ მისგან ხოლო არა ჭამაჲ, მისგან სჭამე-ა ? (ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მესამე)

და რას აკეთებს ამის შემდეგ ღმერთი? როგორც კი ის მიხვდა, რომ ადამიანს საკუთარი მორალი, საკუთარი აზროვნება გაუჩნდა, უარი თქვა პატერნალიზმზე; მან არ იკადრა თავისუფალ არსებაზე მბრძანებლობა, რადგან თავისუფალი არსება მას, მის ედემში არ სჭირდებოდა. არც ერთი სხვა არსება, ჩვენ გარდა, ღმერთს სამოთხიდან არ გამოუგდია, რით დავიმსახურეთ ამხელა ავტონომია? იმით, რომ ჩვენ გაგვიჩნდა საკუთარი რაციო, გონება, განსჯა, მორალი და ამ უნარებმა ღმერთებად გვაქცია. ამიტომაც უთხრა ადამსა და ევას უფალმა, რომ ისინი ერთ-ერთი მისთაგანნი გახდნენ:

22. „და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.“ „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.“(ძველი აღთქმა, დაბადება, თავი მესამე)

ჩვენ დღეს იმიტომ ვართ ადამიანები, ის ერთადერთი არსება, რომელსაც ღმერთმა ერთ-ერთი მისთაგანნი უწოდა და რომელიც სამოთხიდან გამოაძევა, რადგან ჩვენ თავისუფლები ვართ და თავად ვწყვეტთ, რა არის კეთილი და რა ბოროტი ჩვენთვის. ჩვენ უკვე თავად ვაგებთ პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებებზე, შეცდომებსა და წარმატებებზეც, ამიტომ არავის აქვს უფლება დაგვირეგულიროს ჩვენი ცხოვრების წესი, წაგვართვას ჩვენი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

ჩვენ ვართ შემოქმედნი საკუთარი ღირებულებებისა და თუ ვინმე ეცდება ჩვენს ცხოვრებაში ძალადობრივად ჩარევას, გამოდის, იგი არ აღიარებს, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და კადრულობს იმას, რაც თვით უფალმაც არ იკადრა — წაგვართვას თავისუფლება და ავტონომიურობა. ამიტომ უფლის სახელით მოსაუბრე ყველა ინსტიტუტი, თუ ადამიანი, რომელიც ცდილობს ძალით, კანონმდებლობით, რეგულაციებით ჩაერიოს ჩვენს მორალში და საკუთარ ქცევას პატერნალიზმით ამართლებს, იცოდეთ, რომ ისე არ გეპყრობათ, როგორც ადამიანს, გეპყრობათ როგორც ცხოველს ან ნივთს.

და როდესაც ეკლესია გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, პასუხი ვაგოთ საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ჩვენ თვითონ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება და მორალი, ესე იგი, ის თავად უფლის ნებას უპირისპირდება.

ავტორი: ცოტნე კობერიძე



კომენტარები