რით განსხვავდება საზოგადოებრივი სახინკლე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან

პირველ არხს უყურებთ? თქვენ გარშემო ვინმე უყურებს? მეორე არხს? პირველ რადიოს უსმენთ? მეორეს? მესამეს? სულ რამდენია, იცით? ვინმემ იცის, იქ მომუშავეთა გარდა? ალბათ, არა. რატომ? იმიტომ, რომ არ ვარგა საყურებლად და მოსასმენად.

რამდენი წელია დიდი მონდომებით ვცდილობთ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი მაუწყებლის „გაჯანსაღებას”? რამდენჯერ შევცვალეთ ცალკე სამეთვალყურეო საბჭო, ცალკე მისი დაკომპლექტების წესი? ბევრჯერ. ნაწილს „ობიექტური” მაუწყებლის შექმნა სურს, ცდილობს, „დაბალანსებული” ტელევიზია დაუტოვოს შთამომავლობას და ვერ ხვდება, რომ „ობიექტურობა”, ობიექტურად, ბუნებაში არ არსებობს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ტელევიზიის მიზანი მაღალი რეიტინგი უნდა იყოს (ეს განსაკუთრებით ახლად არჩეულ მენეჯმენტს ახასიათებს ხოლმე, უპირატესად, მმართველობის პირველ წლებში); თუმცა, ეს მიზანიც მიუღწეველი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირთან ერთად ისტორიას ჩაბარდა მოამბის მონოპოლია ახალ ამბებზე.

ტელევიზიისა თუ რადიოს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა პრობლემა არ იქნებოდა, ის რომ ვიღაცის კერძო საკუთრება იყოს, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ვყრიდეთ მილიონებს მაუწყებელში, რომელსაც არავინ უყურებს და უსმენს? მილიონებს! ყოველ წელს!

საერთოდ, რისთვის არის საჭირო საზოგადოებრივი მაუწყებელი? თუ ტელევიზია ბიზნესია, მაშინ ეს არ არის სახელმწიფოს საქმე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ უნდა ვიხადოთ გადასახადი ისეთი ბიზნესის შესანახავად, რომელიც თავისთავად არ არის რენტაბელური? თუ ასეთი ტელევიზიის ჩვენს კმაყოფაზე ყოფნა ნორმალურია, რატომ არ შევინახოთ იგივე პრინციპით ერთი სახინკლე? რით განსხვავდება საზოგადოებრივი სახინკლე საზოგადოებრივი მაუწყებლისგან?

არა, ეს არ არის ბიზნესი. სახელმწიფო დოტაციის გარეშე (ჩვენი ფულის გარეშე, რომელიც სახელმწიფომ გადასახადების სახით ჩამოგვართვა) ის ვერ გადარჩება. ერთ წელსაც ვერ გაძლებს თავისუფალი კონკურენციის პირობებში. ამის მიზეზი მარტივია - ეს „საზოგადოებრივი” საკუთრებაა, ანუ არავის ეკუთვნის. ამ მაუწყებლის არაეფექტური მუშაობის გამო მისი მენეჯმენტი პასუხს არ აგებს საკუთარი ქონებით. ყურებადი იქნება თუ არა ტელევიზია, გარკვეული ადამიანების ჯგუფი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც მიიღებს ხელფასს. შემდეგ კი... შემდეგ მოვა ახალი მენეჯმენტი და ყველაფერი თავიდან დაიწყება.

და თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ბიზნესი, მაშინ ის ყველა შემთხვევაში წარმოადგენს მედიასაშუალებას სახელმწიფოს ხელში. მიუხედავად იმისა, რამდენად იზოლირებულია კანონმდებლობით მაუწყებელი ხელისუფლებისგან, ის ვერ გაექცევა პოლიტიკურ გავლენას. თეორიულად შეიძლება, პრაქტიკულად - არა. მაუწყებლის „დამოუკიდებლობის” უზრუნველყოფის არსებული სისტემა რომ მუშაობდეს კიდეც, რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ „ცუდი” ხელისუფლება არ გვეყოლება და ამ რესურსს ბოროტად არ გამოიყენებს?

მსგავსი მაუწყებლის არსებობას ხშირად ამართლებენ კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნებით. თითქოს არსებობს ისეთი სფეროები/გადაცემები, რომლებიც ვერ მოხვდება რიგითი კომერციული მაუწყებლის სატელევიზიო ბადეში, რადგან არ წარმოადგენს ფართო მასების ინტერესს (და, შესაბამისად, ვერ მოიზიდავს რეკლამას, რაც კომერციული არხის ფინანსირების წყაროა). და რატომ უნდა არსებობდეს ისეთი გადაცემები, რომლებსაც „ბევრი” არ უყურებს? გამოდის, რომ „ბევრმა” მოქალაქემ საკუთარი გადასახადით უნდა დააფინანსოს ისეთი გადაცემა, რომელსაც რამდენიმე ადამიანი უყურებს. მაგალითად, რამდენიმე ასეულმა ათასმა უნდა გადაიხადოს გადასახადი იმისათვის, რომ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა უყუროს გოგი გვახარიას „წითელ ზონას”. სამართლიანია ასეთი მიდგომა? ალბათ, ნაკლებად.

აქ სხვა ტიპის პრობლემასაც ვაწყდებით. როდესაც სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მაუწყებელი ცდილობს საგანმანათლებლო/კულტურული ნიშის დაკავებას, ჩნდება რამდენიმე კითხვა: ა) ვინ განსაზღვრავს, რა ტიპის განათლება უნდა მიეწოდოს მაყურებელს? ბ) ვინ ადგენს, ხელოვნების რომელი დარგი ან რომელი ხელოვანი მოხვდება ტელევიზიის ინტერესის არეალში? გ) ვინ წყვეტს, ერთი საგანმანათლებლო მაუწყებელია საკმარისი თუ შვიდი? „საზოგადოება” ვერ მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებებს, რადგან ის აბსტრაქტული ცნებაა. გადაწყვეტილებას, საბოლოო ჯამში, ყოველთვის კონკრეტული პირები იღებენ, რომლებიც საკუთარი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე „ანათლებენ” მაყურებელს და „ზრდიან” მის კულტურულ დონეს. დღეს „მათ” იმდენად მოსწონთ გვახარია, რომ მზად არიან მისი გადაცემა კვირაში ერთხელ, 00.00 საათზე გაუშვან ეთერში, მაგრამ ხვალ?

„უპატრონო” მაუწყებლის არსებობის კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი კომერციული მაუწყებლების არათანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენებაა. სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ტელევიზია იჭრება ისედაც შეზღუდულ სარეკლამო ბაზარზე და შემოსავლის ნაწილს ართმევს კერძო მაუწყებლებს, რომელთაც შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნიათ.

მოკლედ, მილიონებს ვხარჯავთ, შედეგი კი სტაბილურად ნეგატიურია. ამის მიზეზი არ არის არც კანონმდებლობა, არც სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტების წესი და არც მენეჯმენტის კომპეტენციის ნაკლებობა. პრობლემა სისტემურია - მაუწყებელი არ არის კერძო საკუთრება. შესაბამისად, საზოგადოებრივი სიკეთის მოტანის თვალსაზრისით, მისი ბალანსი ყოველთვის ნეგატიური იქნება. ეს ტელევიზია უნდა გაიყიდოს - რაც მალე, მით უკეთესი (ნაკლებს დავხარჯავთ უმიზნოდ). საერთოდ, ყველაფერი „საზოგადოებრივი” უნდა გაიყიდოს, იქნება ეს ტელევიზია თუ აბანო.

P.S. „წითელ ზონას” კი ეშველება და შეიძლება უფრო წარმატებული პროექტიც გახდეს.



კომენტარები