9 Views
ბლოგი ეკონომიკა

დასაქმება თუ წარმოება

1933 წლის 6 აპრილს აშშ-ს სენატმა 53-30-ზე დაამტკიცა კონსერვატორი სენატორის, ჰუგო ბლეკის მიერ მომზადებული კანონპროექტი 30-საათიანი სამუშაო კვირის შესახებ. კანონპროექტი ითვალისწინებდა, აკრძალულიყო იმ კომპანიების პროდუქციით ვაჭრობა, რომელთა თანამშრომლებიც დასაქმებულნი იქნებოდნენ კვირაში 30 საათზე მეტხანს. აღნიშნული კანონი ჩავარდა წარმომადგენლობით პალატაში, თუმცა ხელისუფლების მხრიდან დასაქმების ხელოვნურად გაზრდის მცდელობანი ამით არ შეწყვეტილა - არც აშშ-ში და არც სხვა ქვეყნებში. მსგავს ქმედებათა უმეტესობა უარესი შედეგით მთავრდებოდა, რადგან ეფუძნებოდა ერთ მცდარ ჰიპოთეზას - თითქოს არსებობს „სამუშაოს” განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ გადაანაწილოს მოსახლეობაზე. შესაბამისად, რაც მეტ ადამიანზე გადანაწილდება „სამუშაო”, მით მეტი იქნება დასაქმებული.

რაკი მთავრობები არ განიცდიან ფანტაზიის ნაკლებობას - განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში - დასაქმების ხელოვნურად „უზრუნველყოფის” გზებიც იცვლებოდა, თუმცა ხშირად მეორდებოდა კიდეც. ბევრმა მათგანმა დაკარგა აქტუალობა აბსურდულობისა თუ ნეგატიური ისტორიული გამოცდილების გამო. მაგრამ არსებობს დასაქმების ერთი „გზა”, რომელსაც მყარი ადგილი უჭირავს პოლიტიკოსთა არსენალში - დასაქმების ზრდა სახელმწიფო ხარჯების ზრდის შედეგად.

თუ გადავხედავთ პოლიტიკურ პარტიათა დაპირებებს 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, სხვა, რაციონალობას მოკლებულ დაპირებებშიც კი - როგორებიცაა: უფასო ჯანდაცვა, უფასო დაზღვევა, უფასო განათლება, უფასო წყალი და ა.შ. - აშკარად გამოიკვეთება და, შეიძლება ითქვას, ლიდერობს „დასაქმება”. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი მხრივ, პარტიები არ აკონკრეტებენ, თუ რა გზებით აპირებენ დასაქმების გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, არჩევნები ადგილობრივი დონისაა (შესაბამისად, საუბარი ვერ იქნება ეკონომიკის ლიბერალიზაციასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე), უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმაც თავი არ შეიწუხეს ეკონომიკურ პრობლემათა ანალიზით და გადაწყვიტეს ზემოხსენებულ გზას მიმართონ: მეტს დახარჯავენ - მეტს დაასაქმებენ. ეს ვარაუდი კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება, თუ გადავხედავთ თბილისის მუნიციპალურ საწარმოთა („სახელმწიფო შ.პ.ს.”) ჩამონათვალს ქალაქის მერიის ვებგვერდზე, სადაც მათი რაოდენობა 100-ს სცდება. საგულისხმოა, რომ ეს სია განთავსებულია ვებგვერდის საგანგებო განყოფილების - „ხელისუფლების” ქვემენიუში, რადგან თვისობრივად ეს საწარმოები მუნიციპალიტეტის „განყოფილებებია” და საჯარო სახსრების ხარჯზე არსებობენ. თუ შეიძლება არსებობდეს 100 მუნიციპალური საწარმო, რატომ არ შეიძლება არსებობდეს 200 ან 500?

ცალკე საკითხია ასეთი ტიპის პოლიტიკის აბსურდულობა. სახელმწიფოს მიერ დახარჯული ნებისმიერი ლარი, რომელიც ვიღაცას „ასაქმებს”, სინამდვილეში კლავს იგივე სამუშაო ადგილს კერძო სექტორში, რადგან სახელმწიფო დასახარჯავ ფინანსურ სახსრებს სწორედ კერძო სექტორიდან იღებს. ეს პროცესი თავისთავად ნაკლები პრობლემა იქნებოდა, რომ არა შემდეგი გარემოებანი: ა) ფინანსების გატარებას შესაბამისი ბიუროკრატიული მომსახურება სჭირდება, ანუ კერძო სექტორიდან ამოღებული თანხების ნაწილი გზაში „იკარგება”; ბ) კერძო სექტორი ფულს ყოველთვის უფრო ეკონომიურად ხარჯავს და უფრო მოტივირებულია მიიღოს ხარჯის შესაბამისი პროდუქტი, ვიდრე ნებისმიერი საჯარო მოხელე თუ სამსახური.

თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია კითხვა - შეიძლება კი დასაქმება იყოს ზოგადად ხელისუფლების მიზანი?

სრული დასაქმების მიღწევა არც ისე რთულია. თუ საკუთარ არც ისე შორეულ წარსულს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სრული დასაქმება შეძლო არა მარტო სტალინმა (სასტიკი მეთოდებით, მაგრამ...), არამედ ლეონიდ ბრეჟნევმაც კი. მეტიც, სანამ არსებობდა მონათმფლობელობა, უკლებლივ ყველა მონა დასაქმებული იყო. ანუ სახელმწიფოს მიერ ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვის პირობებში დასაქმების ზრდა შესაძლებელია. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რამდენად მდგრადია ასეთი ტიპის ეკონომიკური სისტემა, მთავარია, შეიძლება კი ჩვენ გვქონდეს იგივე მიზანი?

რამდენად ადარდებდათ მე-5 ან მე-17 საუკუნის ქართველებს დასაქმება? ან რამდენად ადარდებს დღეს დასაქმება რომელიმე აფრიკულ ტომს, რომელიც ცხოვრების მეტ-ნაკლებად იზოლირებულ ფორმას ირჩევს? დასაქმებაა მისი პრობლემა? ცხადია, არა. პრობლემა პრიმიტიული საწარმოო საშუალებებია, რაც, თავის მხრივ, კაპიტალის ნაკლებობის შედეგია. ადამიანთა კეთილდღეობა, მათი ცხოვრების დონე დამოკიდებულია წარმოების მოცულობაზე და არა დასაქმებაზე. რაც უფრო მეტია ქვეყანაში წარმოების მოცულობა, მით „უკეთესად” ვცხოვრობთ. დასაქმება მხოლოდ ეკონომიკის ზრდის თანმხლები შედეგია.

ამიტომ კითხვა, რომელსაც უნდა ვსვამდეთ, არის არა რამდენი პროცენტით გაიზრდება დასაქმება, არამედ რამდენი იქნება ჩვენი წარმოების მოცულობა.

ავტორი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე



კომენტარები