კანონიდან მარაზმამდე

თუ გვსურს, გავიგოთ, როგორ ფუნქციონირებს საზოგადოება, პირველ რიგში უნდა შევეცადოთ განვსაზღვროთ საკუთარი უცოდინრობის შინაარსი და მასშტაბი ამ საკითხის მიმართ.
ფრიდრიხ ჰაიეკი


1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორგანული კანონი - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ - რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პარტიათა ფინანსირების წესებს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნულ კანონში 2008 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო დაფინანსება მიზნად ისახავს პარტიების ფინანსურ მხადაჭერასა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ფინანსირება ხდება ორი გზით: ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი პირდაპირი გზით გადაეცემათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე გადალახეს 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადალახეს 3%-იანი ბარიერი; ბ) თანხის ნაწილი გადაირიცხება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში, საიდანაც შემდგომში ნაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე „კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებებისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების მიზნით”.

გარდა ზემოთ აღნიშნული, კანონში მითითებული მიზნებისა, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების მომხრეები სხვა არგუმენტებითაც აპელირებენ. კერძოდ, საბიუჯეტო დაფინანსება ამცირებს პარტიათა დამოკიდებულებას მსხვილი ბიზნესების კერძო ინტერესებზე; სახელმწიფო ფინანსირების თანმხლები რეგულაციები პარტიების ფუნქციონირებას უფრო გამჭვირვალეს ხდის (რაც ისეთი საგარეო საფრთხეების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია); განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო დაფინანსების გარეშე პოლიტიკურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ ინსტიტუციონალური განვითარება და სხვა.

ნაკლებად მნიშვნელოვანია, რომელმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რა ოდენობის დაფინანსება მიიღო კანონის მიღების შემდეგ, თუმცა ფაქტია, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტზე მილიონობით ლარი დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო იმის შეფასება, თუ რამდენად მიღწეულია კანონში მითითებული მიზნები, არასოდეს მომხდარა. მეტიც, წლების განმავლობაში პრაქტიკულად არავინ დაინტერესებულა იმით, თუ რამდენად შესაძლებელია საერთოდ სახელმწიფოს ჩარევით „ჯანსაღი” და „კონკურენტული” პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება.

როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე, სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, დაფინანსების გამოყოფას მოჰყვა შესაბამისი ინსტიტუციების შექმნა (ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების) და მიუხედავად იმისა, შედეგი დადებითია თუ უარყოფითი, დაძრული პროცესის შეჩერება პოლიტიკურად არამოგებიანი გახდა. შედეგად მივიღეთ სისტემა, სადაც პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთეული ადამიანებისგან შედგებიან, ორიენტირებულნი არიან სახელმწიფო დაფინანსების მიღებაზე და ნაკლებად აინტერესებთ პოლიტიკური მიზნების არათუ მიღწევა, არამედ ასეთი მიზნების ქონაც კი. სწორედ აქედან მომდინარეობს ის აღვირახსნილი პოპულიზმი, რომელიც შეინიშნებოდა ამა წლის მაისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში. პარტიები ამომრჩევლებს ჰპირდებოდნენ ყველაფერს, ნებისმიერი სურვილის ასრულებას, პრაქტიკულად უფასო არსებობას, რადგან მათ მხოლოდ ერთი, დაფინანსების მიღების და, შესაბამისად, შემდეგ არჩევნებამდე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრების სურვილი ამოძრავებდათ.

მსგავსი სისტემის არარსებობის შემთხვევაში პოლიტიკურ გაერთიანებებს მოუწევთ მუშაობა, რათა დაფინანსება კერძო სექტორიდან მოიპოვონ. მათ მოუწევთ, დაუმტკიცონ ბიზნესს, რომ ისინი შეძლებენ უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნას; მოუწევთ, დაუმტკიცონ კერძო პირებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მათი კეთილდღეობა გაიზრდება; მოუწევთ, დაუმტკიცონ არასამთავრობო სექტორს, რომ ისინი უკეთ შეძლებენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ინტერესის დაცვას და სხვა. მოკლედ, მოუწევთ რეალურად მუშაობა, რადგან ასეთ პირობებში პოპულიზმისთვის ბევრად ნაკლები არეალი რჩება. მხოლოდ ასეთი სისტემა უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენციასა და თავისუფალ ბაზარს პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როგორც ცალკეული პოლიტიკური პარტიების, ისე ზოგადად პოლიტიკური სისტემის ხარისხის გამუჯობესებისთვის.

ცალკე საკითხია, ეთიკურად რამდენად გამართლებულია პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ფინანსირება. როდესაც სახელმწიფო ართმევს ფულს კერძო სექტორს და შემდეგ თვითონ, გარკვეული პრინციპების მიხედვით, ანაწილებს ამ ფულს პოლიტიკურ გაერთიანებებზე, ამით სახელმწიფო ეუბნება მოქალაქეებს, რომ მათ არ შესწევთ უნარი თვითონ გადაწყვიტონ, ერთი მხრივ, სურთ თუ არა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ხოლო მეორე მხრივ, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს რამდენი ფული მისცენ. ნებისმიერი მსგავსი ქმედება არჩევანის თავისუფლებას ართმევს მოქალაქეებს და, ფაქტობრივად, მათზე ძალადობაა. თუ სახელმწიფომ შეიძლება წაართვას ფული მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად, რატომ არ შეიძლება იგივე მიდგომის გამოყენება, მაგალითად, რომელიმე ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დაფინანსების მიზნით? რით განსხვავდება, მაგალითად, კიტრის ბაზარი პოლიტიკური ბაზრისგან? და თუ ბაზრის თავისუფლებას შეუძლია დაბალი ფასებისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა კიტრის ბაზარზე, რატომ გვჭირდება რეგულირება პოლიტიკური პარტიების ბაზარზე?

გარდა იმისა, რომ არსებულმა სისტემამ პოლიტიკური გაერთიანებები უსაქმური და წარუმატებელი ადამიანების თავშესაფრად აქცია ( რომელთაც მხოლოდ ელემენტარული დემაგოგიური უნარ-ჩვევები მოეთხოვებათ წარმატების მისაღწევად), არსებული კანონმდებლობა, გამომდინარე იმ სპეციფიკური მდგომარეობიდან, რომელშიც საქართველო იმყოფება, გარკვეულწილად მორალური პრობლემის წინაშეც აყენებს რიგით გადასახადის გადამხდელს. საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია მტრული სახელმწიფოს მიერ, რომლის ტანკებიც თბილისიდან სულ რაღაც 40-50 კილომეტრში დგანან. ამ დროს ჩვენ გვყავს „პოლიტიკური პარტიები”, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქს ხშირად სტუმრობენ, მუდმივად საუბრობენ ურთიერთობების განახლების აუცილებლობაზე (უცნობია რის ფასად, მაგრამ მაინც ...), მეტიც, ამ ქვეყნის მმართველ პარტიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს აფორმებენ. და რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ჩვენ მათ ვაფინანსებთ. დიდი ალბათობით, თითოეული ჩვენგანის მიერ გადახდილი გადასახადების გარკვეული ნაწილით იფარება ამ ადამიანების ხელფასი, ისევე როგორც მათი მოსკოვში გასამგზავრებელი ბილეთების თუ, საერთოდ, მივლინებების ხარჯები.

მოგწონთ? მე - არა. ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხი - „რა ვქნათ, კანონი კანონია” - არ მაკმაყოფილებს. წარმოიდგინეთ, საქართველოს პირველ რესპუბლიკას რაღაც კანონის არსებობის გამო რომ დაეფინანსებინა შულავერის კომიტეტი ან ფილიპე მახარაძის რუსეთში მგზავრობის ხარჯები. მოგეწონებოდათ?

ავტორი: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე



კომენტარები