1878 Views
რძე და ყველი - 45

"რძე და ყველი" (სრულად)

გირჩის პლატფორმა

გირჩის მხარდამჭერები, წევრები და პოლიტიკოსები ვადგენთ იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრინციპებს, რომლებიც  გვაერთიანებს.

ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე ღირებული რამ სამყაროში. 

გვჯერა, ინდივიდს მხოლოდ მაშინ აქვს რეალიზების შესაძლებლობა, თუ ის თავისუფალია და თავად განკარგავს საკუთარ ცხოვრებას მანამ, სანამ არ არღვევს სხვის უფლებებსა და თავისუფლებებს.

გვჯერა, ინდივიდის თავისუფლების ნაწილია, საკუთარი შრომით შექმნილ ნებისმიერ ნივთზე შეუზღუდავი უფლება, ისევე, როგორც ამ ნივთის სხვისთვის ნებაყოფლობით და თავისუფლად გაცვლის უფლება.

გვჯერა, ინდივიდი უკეთ იცნობს საკუთარ წარსულსა და აწმყოს,  უკეთ დაგეგმავს საკუთარ მომავალს, ვიდრე ხელისუფალი.

გვჯერა, ცენტრალიზება რეგრესის წყაროა და ხელისუფლება უნდა იყოს დანაწილებული როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. 

ვჯერა, სრულად პროპორციული უბარიერო საარჩევნო სისტემის, სადაც თითოეული 16 წლის და მეტი ასაკის მოქალაქე აირჩევს ხელისუფალს.

გვჯერა, ადამიანებს შორის ნებისმიერი არაძალადობრივი ურთიერთობა მათი პირადი საქმეა, ხელისუფლება არ უნდა გვევლინებოდეს შუამავლად და ამ შუამავლობაში არ უნდა ვიხდიდეთ გადასახადებს.

გვჯერა, გვჭირდება საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებში საკუთარი წვლილის შეტანა.

გვჯერა, საქართველოს განსაკუთრებულობის, გვჯერა, რომ საქართველო დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და გვსურს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, განვითარებულ ქვეყნებს შორის.


სახელმწიფო მოწყობა

გვსურს, საქართველოს სახელმწიფო მოწყობა, დაეფუძნოს პოლიტიკური და ეკონომიკური  თავისუფლების პრინციპებზე. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გააჩნდეს სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების განუხრელი უფლება, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა.  

ქვეყანაში თითოეული ინდივიდის პოტენციალის სრულყოფილი ზრდა და რეალიზება შესაძლებელია, მხოლოდ სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებითა და  დეცენტრალიზებით, მცირე და ეფექტური მთავრობით, დეპოლიტიზებული სახელისუფლებო სტრუქტურებით, სავალუტო თავისუფლებით და მეტი კერძო მესაკუთრის არსებობით. ზემოთჩამოთვლილი კი,   მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ხალხი ხელისუფლებებს, კონსტიტუციის გზით,  მაქსიმალურად შეუზღუდავს ძალაუფლებას.


განახლებული თავისუფლების ქარტია

აქართველოს კონსტიტუციითა და ქვემოთ მოყვანილი კანონით, საქართველოს მოქალაქეები ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. 

ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილია, რომელთა შეზღუდვა  მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით,  კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებშია შესაძლებელი.

ხელისუფლება უზრუნველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას.

ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპია თავისუფლება, რომელიც  მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობით გაჯერებულ  მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, დაბალ გადასახადებში და მონეტარულ თავისუფლებაში გამოიხატება.

მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში

1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ იქნება  მიჩნეული გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ იქნება მიჩნეული აგრეთვე, გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში, გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

დ) იმპორტის გადასახადი;

ე) აქციზი.

3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესის მიხედვით.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი ტარდება „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

5. დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი.

მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა

1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობის, მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:

ა) ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან − არა უმეტეს 20 პროცენტისა;

თუ ნაერთი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება, მთლიან შიდა პროდუქტთან აჭარბებს 20 პროცენტს, ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია, ყოველი მომდევნო წლის ერთიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და არაფინანსური აქტივები არ გაზარდოს მანამ, სანამ მათი შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან, არ გაუტოლდება 20%-ს.

ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება, − არაუმეტეს 1 პროცენტისა;

გ) საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება − არაუმეტეს 40 პროცენტისა. მთავრობას აეკრძალოს წელიწადში მთავრობის ვალის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით 0.5 პროცენტულ პუნქტზე მეტით, ხოლო სამი წლის მანძილზე 1 პროცენტულ პუნქტზე მეტით.

თუ საქართველოს მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდება ცდება 40 პროცენტს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებამ უნდა შეადგინოს არანაკლებ 3 პროცენტისა, ხოლო დადებით სალდოდ აკუმულირებული ფულადი რესურსი უნდა მოხმარდეს მთავრობის ვალის შემცირებას მანამ, სანამ ის არ მიაღწევს მთლიანი შიდა პროდუქტის 40 პროცენტს.

2. ამ კანონის მიზნებისთვის საქართველოს მთავრობის ვალი მოიცავს:

ა) „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ვალს;

ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ვალს, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან აღებული ვალისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზღვარი ითვალისწინებს ასევე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებისა და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კრიტერიუმების შესაბამისი პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულებას.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის შემუშავება, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება ისე უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, რომ სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს, როგორც გეგმური, ისე შესრულების მაჩვენებლების შემთხვევაში.

5. საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის წარდგენისას და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშგებისას, წარადგენს ინფორმაციას ფისკალური პარამეტრების ამ კანონით დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის თაობაზე.

6. საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისას, საქართველოს მთავრობა ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საქართველოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული მოცულობების დარღვევის მიზეზების თაობაზე;

ბ) მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და, შესაბამისად, მისი სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებზე გავლენის შესახებ, მათი ამ კანონით დადგენილ ზღვრულ მოცულობებთან შესაბამისობის მიმართულებით.

7. სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მოცულობების მიღმა დაგეგმვა ან/და დაგეგმილი პარამეტრების შესრულება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში.

8. თავისუფლების ქარტიის დარღვევის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით პარლამენტის მიერ  გადაყენებულად ცხადდება და პარლამენტმა თავიდან უნდა აირჩიოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.

მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი

სახელმწიფო და   მუნიციპალურ ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

ა) სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტების ყველა შემოსულობა მიმართული უნდა იქნას ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში, საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია;

ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნას ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს.

მუხლი 4. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება

1. დაუშვებელია რეზიდენტი ან/და არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა ვალუტის კონვერტაციასთან, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნასთან ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ნებისმიერ პირს აქვს ფულადი სახსრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის შეუზღუდავი უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ან იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

მუხლი 5. მონეტარული თავისუფლება

1. დაუშვებელია რომელიმე ვალუტის კანონის ძალით ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად დადგენა. შესაბამისად, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას  არ აქვს ქვეყანაში არსებულ ფულის მასაზე ზემოქმედების უფლება.

2. დაუშვებელია სახელმწიფო გადასახადებისა და გადასახადელების დაგეგმვა და ადმინისტრირება რომელიმე ვალუტაში, გარდა აშშ დოლარისა ან ევროსი.
მდიდარი მოქალაქე და  ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე

უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა დღეს ქვეყნის მთავარი  და მუდმივი გამოწვევაა. 

საქართველოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებს, ხოლო ყოველი მეხუთე - უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საშუალოდ, ერთი ადამიანი დამატებით სამ ადამიანს ინახავს. მკვეთრი და სწრაფი, მასშტაბური რეფორმების გარეშე, საქართველოში მცხოვრები ადამიანები და მათი შთამომავლობა, განწირულნი არიან სიღარიბისა და უპერსპექტივო ქვეყანაში ცხოვრებისთვის ან, ქვეყნის დატოვებისა და ემიგრაციისათვის.

უკიდურესად მძიმე და უპერსპექტივო მდგომარეობიდან გამოსასვლელად, “გირჩი-მეტი თავისუფლება” ამომრჩველს სთავაზობს დეტალურ ხედვას, როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ეკონომიკის გამოცოცხლება და ქვეყნის სწრაფი განვითარება. 

ჩვენ გვესმის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის გარეშე, საქართველო ვერასდროს განვითარდება. მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია, ამ ქვეყანაში საქმის კეთება უფრო მიმზიდველი იყოს, ვიდრე სხვაგან,  როგორც საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ისე გარე ინვესტორებისათვის. 

მარტივი და სამართლიანი საგადასახადო სისტემა

2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში საგადასახადო წნეხი დაახლოებით 25%-ია მაშინ, როცა  მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანას უფრო დაბალი საგადასახადო წნეხი აქვს. მდგომარეობაა კიდევ უფრო მძიმდება ეკონომიკაში მთავრობის მონაწილეობისა და მისი  მოცულობის თვალსაზრისით - ერთიანი სამთავრობო ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 35%-ს სცილდება მაშინ, როცა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანას საქართველოზე მცირე მთავრობა ყავს. მეტი გადასახადი ნაკლებ სიმდიდრეს, ნაკლებ ინვესტიციას, ნაკლებ სტიმულს მუშაობისთვის და ნაკლებ ფულს ნიშნავს თითოეული მოქალაქის ჯიბეში. 

“გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს სთავაზობს ხუთი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადიდან ეტაპობრივად მხოლოდ ორი გადასახადის - დღგ-ს  და აქციზის დატოვებას.

საგადასახადო რეფორმით, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეების ჯიბეში დამატებით 5 მილიარდი ლარი დარჩება 4 წლის განმავლობაში, ხოლო, მეორე მხრივ, საგადასახადო წნეხი საშუალოდ 26%-დან 16%-მდე შემცირდება. 

გარდა განაკვეთების შემცირებისა, თითოეულ მოქალაქესა და ბიზნესს მოეხსნება დღეს არსებული საბუღალტრო და რეგულაციური წნეხი, - ხუთი და მეტი ტიპის გადასახადის ადმინისტრირება და სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა.  

დღევანდელმა კანონმდებლობამ დანერგა ასევე, მავნე პრაქტიკა,  - მოქალაქის ან ბიზნესის მიერ საგადასახადო ხვრელის აღმოჩენა კანონით ისჯება; ჩვენი შემოთავაზებული რეფორმის შედეგად, ნებისმიერი ასეთი საგადასახადო ხვრელის აღმოჩენა გათავისუფლდება სამართალწარმოებისგან და მისი გამოსწორება ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.

“გირჩი-მეტი თავისუფლების” საგადასახადო რეფორმა ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის შედეგად, მეტ ინვესტიციას, მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავლებსა და მეტ კეთილდღეობას მოიტანს, საქართველო კი გახდება მსოფლიო ბრენდი - „ქვეყანა ერთი გადასახადით“. 

საბიუჯეტო რეფორმა, დეფიციტის აღმოფხვრა და მცირე ვალი

საქართველოში გამომუშავებული ყოველი 100 ლარიდან, მთავრობა 35 ლარზე მეტს განკარგავს. მაგალითად, 2020 წელს დეფიციტისა და ვალის მკვეთრად ზრდის გამო, ეს რიცხვი 40 ლარს გადაცდა. სახელმწიფო ბიუჯეტი  არაეფექტიანად და უსამართლოდ იხარჯება, მისი დიდი ნაწილი  ჩინოსნების შემოსავლებში და კორუფციაში იფლანგება. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლება” საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ბიუჯეტის ძირეულ რეფორმას, რაც, ერთი მხრივ, ბიუროკრატიისა და არაეფექტიანი ხარჯების მკვეთრ შემცირებას , ხოლო, მეორე მხრივ, ხარჯვითი სისტემის ისე ცვლილებას მოიცავს, რომ სოციალური ხარჯები  მიზნობრივი და რეალური შედეგის მომტანი იყოს სიღარიბესთან ბრძოლაში.

2020 წელს საქართველოს ხელისუფლების შემოსავლებმა თითქმის 22 მილიარდი ლარი შეადგინა. 18.5 მილიარდი ლარი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხოლო 3.3 მილიარდი ლარი ადგილობრივმა მთავრობებმა მიიღეს. “გირჩი-მეტი თავისუფლების” საბიუჯეტო რეფორმა ბიუროკრატიისა და არაეფექტიანი ხარჯების, სულ მცირე, 3.5 მილიარდი ლარით შემცირებას გულისხმობს. მოცემული შემცირება სრულად მოხმარდება გადასახადების დაწევას და გაუქმებას.

საქართველოს ხელისუფლება, მრავალი წელია ხარჯავს გაცილებით მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვს. ყოველწლიურად დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტია. 2021 წელს დეფიციტი 5%-ს გადაცდა. ხარჯების შემცირება და დარჩენილი ხარჯების ნომინალური მაჩვენებლის არგაზრდა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების წინაპირობაა. “გირჩი-მეტი თავისუფლების” საბიუჯეტო და ეკონომიკური რეფორმების შედეგად, 2022-2025 წლებში დეფიციტის 5%-დან 1%-მდე დაყვანაა შესაძლებელი, ხოლო მომდევნო წლებში, პროფიციტული საბიუჯეტო ხარჯვით, გამართული ფისკალური და მაკროპარამეტრების გაუმჯობესება.

დეფიციტური ბიუჯეტი  მეტ ვალს და შესაბამისად, გაზრდილ გადასახადებს ნიშნავს. 

საქართველოში დღეს დაბადებული,  ყოველი ახალშობილის თანდაყოლილი ვალი 8000 ლარზე მეტია. 2012 წელს სამთავრობო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 30% იყო. დღეს კი 60%-ზე მეტია. ჩვენ გვჯერა, რომ ვალი დამატებითი გადასახადია, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ. “გირჩი-მეტი თავისუფლება” ამ რეფორმით, მოქალაქეებს სთავაზობს შეთანხმებას, რომ ყოველ მომდევნო წელს, ვალის ზრდა მოხდეს არაუმეტეს იმ თანხის ერთი მეორედისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს ისესხა. შედეგად, 2025 წელს სამთავრობო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, პესიმისტური გათვლით, სულ მცირე 13 პროცენტული პუნქტით შემცირდება.

 

2021

2022

2023

2024

2025

სამთავრობო ვალი / მშპ

62%

60.4%

57.6%

53.3%

49.2%


“გირჩი-მეტი თავისუფლების” საბიუჯეტო და სავალუტო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას ცენტრალური ბანკისგან შიდა ვალის აღება კომერციული ბანკების გავლით აეკრძალება, რაც  მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ვალის მოცულობას მკვეთრად შეამცირებს და ხელისუფლებას მოუწევს ძვირი საშინაო სესხი დაბალპროცენტიანი საგარეო სესხებით ჩაანაცვლოს.     

ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაცია

ბიზნესთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის მიზეზი, ერთის მხრივ, კანონმდებლობის გაუმართავობა, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიზებული სახელისუფლებო ინსტიტუტებია. შედეგად კი, ხელისუფლებესთან დავის პროცესში, ათიათასობით ბიზნესს და მოქალაქეს აქვს საქმიანობა შეჩერებული. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს სთავაზობს სრულ ეკონომიკურ ამნისტიას იმ ბიზნესებზე, რომლებზე დავაც 2021 წლამდე დაიწყო. ამნისტია არ შეეხება მხოლოდ ისეთ ბიზნესს, რომელმაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ისარგებლა ხელისუფლების მიერ სუბსიდირებული პროგრამებით ან მიიღო სახელმწიფო სასესხო გარანტია.  

ბიზნესთან მიმართებაში, ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითია, ე.წ. ფინანსური პოლიცია, რომლის მთავარი დანიშნულება დღეს ბიზნესის დასჯა, დაშინება და ინვესტორების დაფრთხობაა.  ბაზარზე დესტრუქციული საქმიანობით მიღებული ზარალის გარდა, ეს ინსტიტუტი გადასახადის გადამხდელებს წელიწადში საშუალოდ 21 მლნ ლარი უჯდება. 

ფინანსური პოლიციის გაუქმებით, ნებისმიერი ტიპის დანაშაულზე (მათ შორის, ფინანსურზე), რეაგირების უფლება  მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურს ექნება.

ფინანსური პოლიციის გაუქმებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო მარეგულირებლებს სასამართლოს ნებართვის გარეშე აეკრძალოთ ნებისმიერი ბიზნესის შემოწმება. 

სრულ ეკონომიკურ ამნისტასა და ფინანსური პოლიციის გაუქმებასთან ერთად, აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა. დაუშვებელია, რიგი ეკონომიკური დანაშაულისათვის მოქალაქის ციხეში ჩასმა. კერძოდ, - სისხლის სამართლის კოდექსი არ უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს და ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ შემდეგი საქმიანობის გამო:

  • ლიცენზიის გარეშე ნებისმიერი ტიპის საქმიანობა;

  • სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ანდა ლიცენზიის გარეშე;

  • საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ქონებრივი სარგებლის მიღების ან აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით;

  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესების დარღვევის გამო;

  • სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება;

  • ფალსიფიკაციის გამო. გარდა ფულის გაყალბებისა, თუ ეს არ აყენებს ზიანს ადამიანის ჯანმრთელობას;

  • ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება;

  • ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა;

  • მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;

  • ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება;

  • საგადასახადო რეფორმამდე და ე.წ. Sales Tax-ზე გადასვლამდე, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი;

  • სავალდებულო მარკირების სრულად გაუქმება არააქციზურ საქონელზე;

  • ე.წ. ყალბი რეკლამის ცნების გაუქმება;

  • ნებისმიერი ტიპის ბუღალტრული წესების დარღვევა;

  • ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;

  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას;

  • მოვალის მართვისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა;

  • კრედიტის უკანონოდ მიღება;

  • გადასახადებისგან თავის არიდების ნაწილში, დიდი ოდენობის ზღვრის ნახევარ მილიონ ლარამდე გაზრდა.

სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმით და ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციით, საქართველოში ბიზნესის წარმოება გახდება უფრო მიმზიდველი, ხელს შეუწყობს კერძო საკუთრების დაუცველობის პრობლემების გადაჭრას და ინვესტორებისთვის სტაბილური გარემოს შექმნას, დაარწმუნებს ინვესტორებს, რომ  ხელისუფლება მათ დასაშინებლად  ან მათზე ზეწოლის მიზნით ვერ გამოიყენებს ციხეს. 

მეტი კერძო საკუთრება თითოეულ მოქალაქეს

საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საჯარო და კერძო სექტორებს შორის საკუთრების გადანაწილებაა.  საბჭოთა ხელისუფლების მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში წართმეული ქონების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია, ამ მიზეზით ქვეყანა და მოქალაქეები,  ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სიმდიდრეს ვერ ქმნიან.. 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, საქართველოში თითოეული აქტივი, - მიწა, შენობები თუ წიაღისეული, უნდა ეკუთვნოდეს მოქალაქეებს, რომლებიც ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ გამოიყენონ და განკარგონ თავიანთი საკუთრება. სწორედ ამიტომ, დაუშვებლად მიგვაჩნია ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მცდარი და უსამართლო კანონი მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ. კანონი არღვევს ადამიანის უფლებას განკარგოს და მათ შორის, გაასხვისოს თავისი საკუთრება ისე, როგორც მას სურს.

კერძო საკუთრების წახალისება რთულდება მანამ, სანამ ხელისუფლებას აქვს საკუთრების ექსპროპრიაციის უფლებამოსილება. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მოქალაქისთვის საკუთრების ჩამორთმევის უფლება. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ საომარი მდგომარეობისას, როდესაც ხელისუფლებას უფლება ექნება,  დროებით ისარგებლოს მოქალაქის საკუთრებით და არ ექნება უფლება, ჩამოართვას მას ეს საკუთრება. ასევე, აუცილებელია ხელისუფლებას გაუუქმდეს მოქალაქის კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულია ნებისმიერი უფლებამოსილება.

მოქალაქის საკუთრება არის ხელშეუხებელი როგორც მიწის ზევით, ისე მიწის ქვეშ.  მესაკუთრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნებისმიერი  წიაღისეული ან რაიმე ღირებულების მქონე აქტივი მიჩნეული უნდა იქნას მოქალაქის საკუთრებად და მასზე არ გავრცელდეს მთავრობის უფლებამოსილება.

მიწების, უძრავი ქონების, წიაღისეულის, ტყეებისდა სახელმწიფო კომპანიების განკერძოება. საქართველოში არ არსებობს ერთიანი და სრულყოფილი ბაზა, სადაც ზუსტად იქნება აღწერილი, რა რაოდენობისა და ღირებულების მიწასა და ქონებას ფლობს საჯარო სექტორი. ასეთი აღწერის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. სწორედ ამიტომ,  მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური საზღვრების დადგენასთან ერთად, პრობლემის  გადაჭრის ოპტიმალური გზა, პროცესების დეცენტრალიზებაა. -ყველანაირი საჯარო ქონება მიწებისა და შენობების სახით, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა, უნდა გადაეცეს იმ ადგილობრივ თვითმმართველობებს, სადაც  ეს ქონება მდებარეობს. 

აუცილებელია, ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების და ტყეების უფასო რეგისტრაცია მესაკუთრეებზე, თუ ადგილზე  არ არსებობს მოდავე.

საქართველოში არსებობს სასარგებლო წიაღისეული, რომელიც, ფაქტობრივად გამოუყენებელი სიმდიდრეა და საქართველოს მოქალაქეები ამ სიმდიდრეს არ ფლობენ. ოქროსა და ვერცხლის საბადოების გამოკლებით, აღწერილი ქონება 50 მლრდ დოლარზე მეტია, რაც ერთ მოქალაქეზე გაანგარიშებით, სულ მცირე, 13 500 დოლარია. ოქროსა და ვერცხლის საბადოებით კი ეს რიცხვი ასეულ მილიარდებს მკვეთრად სცდება. საქართველოში შექმნილი ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი იმართება არაეფექტიანად და ხშირ შემთხვევაში, წაგებაზე მუშაობს. ამის ნათელი მაგალითი საქართველოს რკინიგზაა, რომელმაც უკანასკნელ წლებში მილიარდობით ლარი იზარალა. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ბიზნესი სახელმწიფოს ნაცვლად უნდა იყოს კერძო სექტორის მფლობელობასა და მართვაში. 

მთავრობის ხელში არსებული ყველაზე დიდი აქტივები საპარტნიორო ფონდის დაქვემდებარებაშია. აქტივების ჯამური რაოდენობა 33, ხოლო ღირებულება 6 მლრდ ლარია. ამ აქტივთა სრული განკერძოება, ერთი მხრივ,  ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, ხოლო, მეორე მხრივ, მილიარდობით ლარის მოზიდვას შეძლებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს თანხები კი, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემცირებას მოხმარდება. 

მეორე მსხვილი სახელისუფლებო ინვესტორი ქონების ეროვნული სააგენტოა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ 104 საწარმოს ფლობს. მათი პრივატიზება  დამატებით 300 მლნ ლარზე მეტ ქონებას ნიშნავს კერძო სექტორის მფლობელობაში. 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, მთელი ქონება უსასყიდლოდ უნდა გადავიდეს მოქალაქეების ხელში  და ამისთვის, შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო:

  1. გამოცხადდეს მასობრივი განკერძოების ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ყველა სახელმწიფო აქტივის გადასვლას თითოეულ მოქალაქეზე თანაბრად;

  2. გაუქმდეს სასოფლო და არასასოფლო მიწების კანონმდებლობით  დაყოფა 

  3. თითოეულ წიაღისეულზე გამოიცეს სპეციალიზებული, საპრივატიზაციო ფული, შემდგომში, „ინვესტი“. თითოეული საქართველოს მაცხოვრებელმა მიიღოს 1 000 ინვესტი;

  4. ინვესტის აღება შესაძლებელი იყოს ელექტრონულად. დამატებითი სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეეძლოს წერილობითი დოკუმენტის მოთხოვნაც. ამისათვის, მსურველმა მიმართოს იუსტიციის სახლს, რომელმაც უსასყიდლოდ უნდა გადასცეს ფასიანი ქაღალდები ბენეფიციარებს;

  5. მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, “ინვესტები” ჩადონ საქართველოში არსებულ იმ აქტივში, რომელშიც მათ მოესურვებათ. მათი წილობრივი ფლობა ქონებაში ჩადებული “ინვესტების” პროპორციული უნდა იყოს;

  6. ხელისუფლებამ უნდა შექმნას ელექტრონული პლატფორმა თავად ან გაიტანოს ე.წ. “აუთსორსინგზე”. ელექტრონულ პლატფორმაზე თითოეულ ბენეფიციარს საშუალება უნდა ჰქონდეს, თანხმობა ან უარი განაცხადოს “ინვესტის” საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გატანაზე;

  7. ხელისუფლებამ ან მის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ საერთაშორისო ბირჟაზე განათავსოს “ინვესტები”, როგორც ფასიანი ქაღალდები,  და მოიზიდოს ინვესტიციები როგორც ქართველი, ისე უცხოეული ინვესტორებისგან;

  8. ბენეფიციარს უნდა შეეძლოს “ინვესტის” როგორც შენახვა, ისე გაყიდვა ნებისმიერ ადამიანზე, თავისი სურვილისამებრ;

  9. გასაყიდი ფასი უნდა დადგინდეს მოთხოვნა-მიწოდებით და ამ პროცესში ხელისუფლების ნებისმიერი სახით მონაწილეობა უნდა აიკრძალოს;

  10. იმისათვის, რომ ასიმეტრიული ინფორმაციის, სპეკულაციისა და სხვა რისკები მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული, მოქალაქეებს “ინვესტი უნდა გადაეცეთ ეტაპობრივად. ერთი წლის განმავლობაში ათჯერადი ოდენობით; - მოქალაქე ათჯერ მიიღებს 100 ინვესტს ერთი წლის განმავლობაში;

  11. იმ ქონებაზე, რომელიც უკვე ლიცენზიით გაცემულია  ინვესტორზე, მოხდეს ხელშეკრულების გადახედვა და თითოეულმა ინვესტორმა ინვესტის სახით მიიღოს ის წილი, რაც გათვალისწინებულია კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;

  12. კონკრეტული წიაღისეულის მოპოვებისა და ტყის და სხვა ქონების თავისი სურვილისამებრ გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს  იმ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, რომლებიც ინვესტებით შეაგროვებენ წილის 51%-ს.

გარდა მთავრობის ხელში არსებული, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიებისა, აუცილებელია ხელისუფლების მფლობელობაში არსებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების განკერძოება და საჭიროების შემთხვევაში,   ბიუჯეტის ბალანსზე ფუნქციონირების ნაცვლად, ბიუჯეტიდან პირდაპირ სუბსიდირება. კერძოდ, დღეს ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მლრდ იხარჯება სახელისუფლებო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე. ადგილობრივი რეფორმის ფარგლებში, მუნიპალური ბიუჯეტი შეიზღუდება ნებისმიერი ტიპის მფლობელობაში ქონისგან.. აუცილებელია თითოეული სახელმწიფო კომპანია,  მთავრობისგან დამოუკიდებელ, მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად იქცეს და, მუნიციპალიტეტმა, საჭიროების შემთხვევაშიამ კომპანიებისგან იყიდოს ნებისმიერი ტიპის სერვისი, იქნება ეს ქალაქის დასუფთავება, გამწვანება, განათლების მიწოდება თუ სხვ.    

მეტი ფინანსური და საინვესტიციო თავისუფლება

დღეს საქართველოში მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, ფულზე ნაკლებ ხელმისაწვდომობასა და ნაკლულ კონკურენციას, მაღალი გადასახადებისა და კერძო საკუთრების დაცულობის პრობლემის გარდა, ხელისუფლების მიერ შემოღებული უამრავი მავნებლური რეგულაცია განაპირობებს.  ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი:

  1. გაუქმდეს საფინანსო სერვისებზე ნებისმიერი ფასწარმოქმნის რეგულირება, რასაც ადგენს მთავრობა;

  2. გაუქმდეს შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის აკრძალვა;

  3. გაუქმდეს ის 200 000 ლარიანი მინიმალური ზღვარი, რომელიც საჭიროა სესხის უცხოურ ვალუტაში ასაღებად;

  4. სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში შემცირდეს 25%-დან 5%-მდე  და გაუტოლდეს ეროვნულ ვალუტაზე არსებულ მოთხოვნას;

  5. გაუქმდეს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა, რათა მომხმარებლისთვის გაიზარდოს დეპოზიტებიდან მიღებული სარგებელი;

  6. გაუქმდეს ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც საფინანსო სექტორს უკრძალავს არასაფინანსო სექტორში საქმიანობას.

მაღალი საპროცენტო განაკვეთი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აგდებს პენსიონერებს. აუცილებელია, გაუქმდეს მონოპოლია პენსიების გაცემაზე და პენსიონერს მიეცეს არჩევანის უფლება, თუ რომელი ბანკის სერვისებით ისარგებლოს. გაზრდილი კონკურენცია აიძულებს ფინანსურ სექტორს, შედარებით რისკიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად შეამციროს. 

გარდა ფინანსური დერეგულირებისა, აუცილებელია, საქართველოს კონსტიტუციის უგულვებელყოფით მიღებული ძალადობრივი საპენსიო სისტემის გაუქმება და მოქალაქეებისთვის  შენატანების უკან დაბრუნება. შედეგად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მონაწილე 960 000 ადამიანი საშუალოდ 1 300 ლარს მიიღებს, ხოლო ბიზნესსექტორი 250 მილიონი ლარის ოდენობის თანხას დაიბრუნებს. ეს კი ჯამურად, დამატებით 1.5 მილიარდი ლარის მოქალაქეების ჯიბეში დაბრუნებას ნიშნავს.   

ბაზრის გახსნა და კონკურენტული გარემოს შექმნა მარეგულირებლების გაუქმებით

საქართველოში კერძო საკუთრების დაუცველობასთან და მოუქნელ საგადასახადო სისტემასთან ერთად, საბაზრო კონკურენციის მთავარი ხელისშემშლელი, სახელისუფლებო რეგულატორების არსებობაა, რომლებიც  ისეთ რეგულირებულ გარემოს ქმნიან, სადაც ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლა უჭირთ და შედეგად,  მონოპოლიურ ან ოლიგოპოლიურ ბაზარს ვიღებთ. სწორედ ამიტომ, მონოპოლიებთან საბრძოლველად საჭიროა, არა დამატებითი ბარიერები, არამედ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო, რათა ბიზნესისთვის  უფრო იაფი და მარტივი იყოს ბაზარზე შეღწევა.

ჩვენი აზრით, ყველა იმ რეგულაციაზე (გარდა რეგულაციებისა, რომლებიც მოცემული პლატფორმის მიხედვით პირდაპირ უქმდება), რომლის ხელისუფლებებმა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მიიღეს, აუცილებელია მორატორიუმის გამოცხადება; ახალმა ხელისუფლებამ თითოეული რეგულაციის საჭიროება თავიდან უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ აამოქმედოს ისინი. ასევე, ყველა ახალ რეგულაციას უნდა ჰქონდეს დროებითი სახე. ხელისუფლებამ თითოეული რეგულაციის საჭირობა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა ამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგულაცია ავტომატურად უნდა  გაუქმდეს.

კომუნიკაციების კომისიის გაუქმება. კომისიის არსებული ფორმით არსებობა და გაცხადებული მიზნები ხელს უშლის, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე არსებულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. 

დღეს გადასახადის ოდენობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.75%-ს შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში წლიური შემოსავლის 0.5 %-ს. 2019 წელს რეგულირების გადასახადის ნომინალურმა მაჩვენებელმა 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 

გარდა საგადასახადო წნეხისა, მარეგულირებელი  ისეთ, როგორიცაა ბაზარზე ფასწარმოქმნა, ფასების ზედა და ქვედა ზღვრების დაწესება, დავებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და სხვ.

იმისთვის, რომ არსებულ ბაზარზე  კონკურენტული ბიზნესგარემო შეიქმნას და  საქმიანობა გამარტივდეს, საჭიროა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არსებული ფორმით შეწყვიტოს არსებობა. კერძოდ:

  1. სრულად გაუქმდეს არსებული ბიუროკრატია, ბიუროკრატიის არჩევისა და დანიშვნის წესი;

  2. კომისიასა და ზოგადად ხელისუფლებას, ჩამოერთვას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა/ჩამორთმევის უფლება;

  3. სატელეკომუნიკაციო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისთვის ბაზარზე არსებულ მოთამაშეებს შორის წარმოქმნილი დავები სახელისუფლებო ბიუროკრატიის ნაცვლად, სრულად განიხილოს სასამართლომ;

  4. გაუქმდეს რეგულირების გადასახადი და სხვა ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელი, რომელსაც დღეს კომუნიკაციების მიმწოდებელი კომპანიები იხდიან. 

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გაუქმება და რეგულატორის ფუნქციის ჩამორთმევა შესაძლებლობას მისცემს კომუნიკაციების ბაზარს, მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და არსებულმა მოთამაშეებმა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში უფრო გამართულად შეძლონ, საკუთარი და მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ბაზრის დაკმაყოფილება.

კონკურენციის სააგენტოს გაუქმება.

საქართველოს ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთ ხელისშემშლელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტო. მომხმარებლისა და მიმწოდებლის ერთმანეთთან არაძალოდობრივ ურთიერთობაში ნებისმიერი ტიპის სახელისუფლებო ჩარევა უარყოფითად აისახება ფასზე, ხარისხზე, მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობაზე და სიმდიდრის შექმნაზე. ჯანსაღი საბაზრო გარემოს მისაღებად საჭიროა:

  1. ანტიდემპინგური კანონმდებლობის პროექტების სრულად გაუქმება;

  2. ხელისუფლებას ჩამოერთვას უფლება საჩივრის საფუძველზე აღძრას ნებისმიერი კონკურენციასთან დაკავშირებული საქმე და ამ უფლებამოსილებამ გადაინაცვლოს სასამართლოზე;

  3. ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას ჩამოერთვას ნებისმიერი ტიპის ფასწარმოქმნაში ჩარევის უფლებამოსილება;

  4. გაუქმდეს ყველა შეზღუდვა თუ ჯარიმა, რომელიც  კონკურენციის სააგენტოს მიერ საბაზრო ურთიერთობებში ჩარევით წარმოიშვა და ახლიდან გადაეცეს საქმის წარმოებაში სასამართლოს;

  5. ნებისმიერი ტიპის საბაზრო მონიტორინგი გადავიდეს კერძო სექტორში და მოხდეს მონიტორინგის სისტემის დემონოპოლიზაცია მთავრობის ბაზრიდან გასვლის გზით.

კონკურენციის სააგენტოს გაუქმება, “გირჩი-მეტი თავისუფლების” სხვა რეფორმებთან ერთად, ხელს შეუწყობს ბაზრის გახსნასა და ნებისმიერი მონოპოლიური თუ ოლიგოპოლიური ბაზრის გაჯანსაღებას. მეტი თავისუფლება ნიშნავს მეტ კონკურენციას, მეტ მოთამაშესა და მეტ სარგებელს თითეულ მომხმარებლისთვის. 

გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო კანონმდებლობის მაქსიმალური დეცენტრალიზება, რათა განაშენიანების საკითხს  ადგილობრივი მოსახლეობა წყვეტდეს და არა ცენტრალური ხელისუფალი. ასევე, აუცილებელია გაუქმდეს ე.წ. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რათა შენობები გადაურჩნენ ნგრევას და მფლობელმა შეძლოს, როგორც მისი რეკონსტრუქცია/რემონტი, ასევე , საბაზრო წესით მისი გამოყენება მთავრობისგან ხელის შეშლის გარეშე.

მონეტარული თავისუფლება და მოქალაქეზე მორგებული  სავალუტო სისტემა

საქართველოში უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროდუქციასა და სერვისზე მკვეთრად მზარდი ფასებია.  ინფლაცია მედიკამენტებზე ,სამნიშნა რიცხვს აღწევს. გარდა ინფლაციური პროცესებისა, 2014 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში 65%-ზე მეტით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 1.7 ლარიდან 3.4 ლარამდე გაიზარდა. 

თითოეულ შემთხვევაში, პირველადი პასუხისმგებლობა  საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრია, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტებით უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ მონეტარულ პროცესებზე,  და წლების განმავლობაში ფულის მასას მკვეთრად ზრდის. 

სავალუტო გაღარიბების შესაჩერებლად, “გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს სთავაზობს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მულტისავალუტო რეჟიმზე გადასვლას, რაც გულისხმობს, რომ ლარის გარდა, მოქალაქეებს შეეძლებათ აირჩიონ ის ვალუტა, რომლის გამოყენებაც მათ სურთ. მოცემული ნაბიჯით, საქართველოში დომინანტი ვალუტა აშშ დოლარი გახდება და ამისთვის ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:

  1. განსაზღვროს დოლარიზაციის წილი ეკონომიკაში, როგორც მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის 100%;

  2. ლარის კურსის ხელოვნურად შესანარჩუნებლად  შეწყვიტოს სავალუტო რეზერვების ფლანგვა;

  3. განსაზღვროს სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარისთვის “თავისუფალი ცურვის” მოკლევადიანი პერიოდი, რათა დადგინდეს ვალუტის რეალური საბაზრო ღირებულება;

  4. საბაზრო ღირებულების დადგენის შემდეგ, დადგინდეს ფიქსირებული გაცვლითი კურსი და ლართან ერთად, სხვა ვალუტები გამოცხადდეს ლეგალური გაცვლის საშუალებად;

  5. განისაზღვროს ტრანზიციის პერიოდი, რა დროსაც, მოქალაქეებს შეეძლებათ მათ ხელში არსებული ლარი გადაცვალონ მათთვის სასურველ ვალუტაში ფიქსირებულ ფასად;

  6. ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული აქტივები გადავიდეს სამართავად კომერციულ ბანკებში;

  7. ცენტრალური ბანკის, როგორც მონეტარული მდგენელის გაუქმება და მისი, როგორც ფინანსური რეგულატორის დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება.

ლეგალურ გაცვლის საშუალებად დაიშვება როგორც სხვა ქვეყნის ვალუტები, ასევე ნებისმიერი სახის კრიპტო-ვალუტა.

სავალუტო რეფორმა საშუალებას მისცემს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქესა და ინვესტორებს, ერთი მხრივ, თავი აარიდონ სავალუტო რისკებს, ინფლაციასა და ვალის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, ისარგებლონ გაზრდილი ინვესტიციის მოცულობით, შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით, სტაბილური კაპიტალის ბაზრით, დაბალი ქვეყნის რისკით და დასავლეთთან მეტი ინტეგრაციით. 

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

ქვეყანაში ცხოვრების დონის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საზომი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. მაშინ, როცა დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელზე მეტია, ხოლო საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებში 77 წელზე მეტი, საქართველოში ეს რიცხვი 73 წელია. 

ჯანდაცვის სისტემის განუვითარებლობას არაერთი მიზეზი აქვს:

  1. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. მეტი სიმდიდრე მოქალაქისთვის ნიშნავს უკეთესი ჯანდაცვის სერვისის შეძენის მეტ შესაძლებლობას; მაღალი ხარისხის საკვებით კვებას,  მეტ დროს საკუთარი თავისათვის და დასვენებისათვის.. მეტი სიმდიდრე ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას. საქართველო სიმდიდრით მსოფლიო ასეულშიც არ შედის. მოსახლეობის მეხუთედზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს  და შინამეურნეობის საშუალო ფულადი შემოსავალი დაახლოებით, 600 ლარია. მაღალი ეკონომიკური ზრდის გარეშე, შეუძლებელია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სექტორის განვითარება.

  2. ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკა და ინვესტიციების არარსებობა. ხელისუფლების მხრიდან მონოპოლისტური როლი, საავადმყოფოების ნაციონალიზაცია, ფასების კონტროლი და სხვა უამრავი გაუაზრებელი რეგულაცია ჯანდაცვის სექტორს არამომგებიანს ხდის. თუ სექტორი ინვესტიციებს ვერ მოიზიდავს, შეუძლებელია ქვეყანაში შეიქმნას მოქალაქეზე მაქსიმალურად მორგებული ჯანდაცვის სისტემა.

  3. სამედიცინო განათლების არაკონკურენტუნარიანობა. საქართველოში განათლების სექტორი წარუმატებლად ფუნქციონირებს ხელისუფლების მხრიდან არასწორი, ცენტრალიზებული და მოძველებული საგანმანათლებლო პოლიტიკის გამო. სავალალო მდგომარეობაა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში,  მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნისთვის სამედიცინო კადრების ყველაზე დიდი მიმწოდებელია , მსოფლიო მასშტაბით, ტოპ 4000 უნივერსიტეტშიც ვერ ხვდება. ზოგიერთი კვლევით კი, ტოპ 6000 უნივერსიტეტში. “გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, ამის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტის სახელისუფლებო ბალანსზე ყოფნა და მართვის ცენტრალიზებული ფორმაა. იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს სამედიცინო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, აუცილებელია მათი განკერძოება, მომგებიან ორგანიზაციებად ჩამოყალიბება და მთავრობის მხრიდან,  გამონაკლისების გარეშე, სრული ავტონომიის მინიჭება. 

  4. მძიმე სამუშაო პირობები. დღეს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში საშუალო დარიცხული შრომის ანაზღაურება 1 000 ლარია. მაგალითად, საჯარო სექტორში ეს რიცხვი 40%-ით მეტია, ხოლო საფინანსო სექტორში 100%-ით მეტი. მკვეთრად დაბალია შრომის ანაზღაურება სამედიცინო სფეროს ისეთ  კარიერულ  საფეხურებზე, როგორიცაა, მაგალითად,  ექთნის პოზიცია. ასეთ შემთხვევაში შრომის ანაზღაურება 200 ლარი და ნაკლებია მრავალ სამედიცინო დაწესებულებაში. მსგავს პირობებში მუშაობის დაწყება მიმზიდველი არ არის და მოქალაქეებს აიძულებს, ან არ დაკავდნენ მოცემული საქმიანობით, ან მუშაობა გააგრძელონ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთადერთი სწორი გამოსავალი, კვლავ მეტი ინვესტიციის მოზიდვაა, რომელიც მიმზიდველ საინვესტიციო გარემოში უნდა გამოიხატოს კონკურენტული ბაზრის შექმნისა და მთავრობის მინიმალური ჩართულობის შედეგად. 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” პლატფორმის ეკონომიკურ ნაწილში წარმოდგენილია დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან, მოიზიდოს დიდი ოდენობით ინვესტიცია და დაძლიოს ის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც დღეს საქართველოშია. თუმცა, ყოველივე ეს, არასაკმარისია ჯანდაცვის სექტორის განსავითარებლად. “გირჩი-მეტი თავისუფლება” წარმოადგენს ორ გეგმას არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

I გეგმა:

  1. აუცილებელია, მოხდეს ყველა ხარჯის ერთად შეკრება და მათი მიზნობრივ ფულად დახმარებად გადაქცევა

  2. ფულადი დახმარება უნდა მიიღონ გაჭირვებულმა ოჯახებმა. ამისათვის კი ოჯახების რაოდენობის დადგენაა აუცილებელი;

  3. აუცილებელია, გაუქმდეს სალიცენზიო რეგულაციები როგორც ექიმებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებებისთვის;

  4. საჭიროა წამლების იმპორტის დერეგულირება;

  5. უნდა გაუქმდმეს ყველა ბარიერი უცხოური სამედიცინო და სადაზღვევო კომპანიებისთვის, რათა მოვიზიდოთ საქართველოს ბაზარზე ახალი მოთამაშეები.

ჩამოთვლილი ქმედებები ძირეულად შეცვლის სამედიცინო სექტორს და გახდის მას კონკურენტუნარიანს. ასიათასობით ადამიანი კი  გაცილებით მეტ თანხას მიიღებს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 

II გეგმა:

გირჩი მოქალაქეებს მეორე გზასაც სთავაზობს, რომელიც გულისხმობს მთავრობის ეტაპობრივ გამოყვანას ჯანდაცვის სექტორიდან. საწყის ეტაპზე აუცილებელია გაუქმდეს ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ჩანაცვლდეს მასობრივი და ამავე დროს მიზნობრივი სადაზღვევო ვაუჩერით. დღეს ხელისუფლება ფულს  სადაზღვევო კომპანიებს და საავადმყოფოებს  მოქალაქის გვერდის ავლით უხდის. ნებისმიერი სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც  შუამავლის პრინციპზეა აგებული, ზღუდავს თავისუფალ არჩევანს, აძვირებს სერვისს და ამცირებს მის ხარისხს. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” პროექტის მიხედვით, 3 მილიონ მოქალაქეზე მეტი მიიღებს 30 ლარიან სადაზღვევო ვაუჩერს. მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში შეიძინოს უკეთესი დაზღვევა მკვეთრად უკეთესი პირობებით, ვიდრე დღეს მას ხელისუფლება სთავაზობს . ვაუჩერული დაფინანსება უკეთეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, დადებითად აისახება სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციაზე. ეს კი სერვისის ხარისხის ზრდას და ფასების შემცირებას ნიშნავს. 

გაგრძელდეს სამედიცინო დაწესებულებების განკერძოების ის პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გააჩერა. “გირჩი-მეტი თავისუფლების” გეგმით  უკეთეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაძლებელია და  საავადმყოფოების განკერძოება, სერვისების  ხელმისაწვდომობის შემცირების თვალსაზრისით, კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. 

ბაზარზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და კონკურენციის გაზრდისთვის, აუცილებელია ხელისუფლებამ უარი თქვას გაუაზრებელ და მოსახლეობისთვის ზიანის მომტან რეგულაციებზე. კერძოდ:

  • მოხდეს სამედიცინო ლიცენზირების მასშტაბური დეცენტრალიზება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ლიცენზირების მონოპოლიის გაუქმებას და მის გადატანას საბაზრო ურთიერთობებში

  • ყველა იმ ქვეყნიდან, რომლის მშპ ერთ სულზე მეტია 10 000 დოლარზე, მედიკამენტების იმპორტი იყოს გათავისუფლებული სამთავრობო რეგულაციებისგან, რათა მოქალაქეებს, ბარიერების გარეშე უკეთესი ხარისხის მედიკამენტების შეძენა უფრო დაბალ ფასად შეეძლოთ;

  • სრულად მოიხსნას „ქართული ოცნების“ მიღებული რეგულაცია რეცეპტის გაცემასთან დაკავშირებით, რაც აძვირებს მედიკამენტებს, ხელს უწყობს ოლიგოპოლიური გარემოს ჩამოყალიბებას ბაზარზე და აჩენს მედიკამენტების შავ ბაზარს.

მომხმარებლის პირდაპირი დაფინანსება და ბაზრის დერეგულირება საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სექტორს უფრო მიმზიდველი იყოს ინვესტიციებისთვის, შემცირდეს ფასები მედიკამენტებზე, გაიზარდოს სერვისის ხარისხი და შედეგად, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებლები მკვეთრად გამოსწორდეს. 

განათლებული მოქალაქე

ქვეყნის ეკონომიკური პროგრესის არარსებობა წლების განმავლობაში დამანგრევლად აისახა საქართველოში განათლების სისტემაზე. ეკონომიკური განვითარების გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი სექტორის, მათ შორის, განათლების სექტორის განვითარება. თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდა საჭირო, მაგრამ არასაკმარისია განათლების სისტემის განვითარებისთვის. შედეგად, საქართველოში განათლების სისტემა კვლავ განუვითარებლად რჩება და ვერ ახერხებს კარგი ხარისხის განათლების შეთავაზებას ახალგაზრდებისთვის. მთავარი პრობლემა უკავშირდება ცენტრალიზებულ სისტემას, გაბერილ სამთავრობო ბიუროკრატიას, ხელისუფლების მონაწილეობით შექმნილ მონოპოლიურ გარემოს და სექტორის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი თანხების არარსებობას. ამ ყველაფერს ემატება მთავრობის მხრიდან განათლების სექტორის პოლიტიზება და სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. 

საქართველოში არსებულ სავალალო საგანმანათლებლო მდგომარეობას კარგად ასახავს Human Developement Index-ის მიერ მომზადებული განათლების ინდექსი, სადაც საქართველო მსოფლიოში 61-ე ადგილს იკავებს. იგივეს მოწმობს 2014-2018 წლებში ჩატარებული, PISA-ს და PIRLS-ის სახელით ცნობილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევები, რომლის მიხედვითაც, წიგნიერების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები მოსწავლე 380 ქულით (მათ შორის, საბუნებისმეტყველო საგნებში 283 ქულით, ხოლო მათემატიკაში 398 ქულით) 79-ე ადგილზეა. საშუალო სკოლის მოსწავლეთაგან 2% ახერხებს წაკითხულიდან აზრის მაღალი სტანდარტის მიხედვით გამოტანას, საშუალოდ კი 22% უმკლავდება ამავე ამოცანას. ამ ყველაფერთან ერთად, ინგლისურის ცოდნის მხრივ, გვისწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ბოლივია, ბელორუსი, კუბა და სხვები. 

ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობას საგანმანათლებლო სექტორში არაფერი ესაქმება და ქვეყანამ ამ მიზნისკენ მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამისათვის საჭიროა, ისევე როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების სექტორში სრული ხარჯების მთელი მოცულობის  გაჭირვებული მოსახლეობისთვის, ფულად დახმარებად გაცემა. 

“გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს ამ შემთხვევაშივ  მეორე მიდგომას სთავაზობს, სადაც ხარჯების მონეტიზაციის და სოციალური დახმარებად ქცევის ნაცვლად, საწყის ეტაპზე მოსწავლე ვაუჩერულ დახმარებას მიიღებს.

სახელმწიფოს ეტაპობრივი გამოსვლა საგანმანათლებლო სექტორიდან უნდა დაიწყოს პოლიტიზებული სასკოლო სისტემიდან დეცენტრალიზებულ, კონკურენტუნარიან საბაზრო სისტემაზე გადასვლით. კონკურენციაში ჩაბმული და პირდაპირ მშობლების წინაშე ანგარიშვალდებული სკოლა უკეთ მუშაობს, ვიდრე მისი ბიუროკრატიული ალტერნატივა.

საშუალო განათლებასთან დაკავშირებით გირჩის საგანმანათლებლო რეფორმებია:

  1. რეფორმების საწყის ეტაპზევე, კერძო სკოლები დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ყველა სამთავრობო საგანმანათლებლო რეგულირებისგან;

  2. ეტაპობრივად, ეროვნული სასწავლო გეგმის გაუქმება და სკოლებისთვის სრული ავტონომიის მიცემა როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური მიმართულებით;

  3. ვაუჩერული რეფორმა. ნაცვლად სკოლების დაფინანსებისა, ხელისუფლებამ 1500 ლარიანი ვაუჩერი უნდა გადასცეს მშობელს თითოეულ მოსწავლეზე. მშობელს ექნება არჩევანი ვაუჩერი გამოიყენოს კერძო სკოლაში, საჯარო სკოლაში თუ რეპეტიტორებში (ე.წ. Home schooling); 

  4. თუ მოსწავლე სრულად ვერ შეძლებს ვაუჩერის ათვისებას, ნაშთი შეინახება გრძელვადიან დეპოზიტზე, რომელიც მას  სრულწლოვნობის ასაკის მიღწევისას გადაეცემა.

  5. ეტაპობრივი სვლა სკოლების განკერძოებისკენ. -ურბანულ დასახლებებში არსებული სკოლების განკერძოება პრიორიტეტულია;  დირექტორების არჩევა უნდა მოხდეს მასწავლებლებისა და მშობლების მიერ;

  6. არაურბანულ დასახლებებში არსებული სკოლების დაფინანსება, ვაუჩერთან ერთად, უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების და არა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა. მათ საჯარო სკოლები ეტაპობრივად მართვაში უნდა გადასცენ კერძო სექტორის წარმომადგენლებს და უზრუნველყონ სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისათვის ფინანსური თვალსაზრისით, განათლების ხელმისაწვდომობა;

  7. გაუქმდეს სკოლის ავტორიზაცია/აკრედიტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

  8. გაუქმდეს მასწავლებლების აკრედიტაციისთვის საჭირო სავალდებულო სახელმწიფო გამოცდები და სკოლის ადმინისტრაციას მიეცეს თავისუფლება კადრები დააკომპლექტოს თავისი შეხედულებისამებრ და ანაზღაურების საკითხი გადაწყდეს მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებით;

  9. უფასო წიგნების დაფინანსება უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების და არა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა; ეს, თავისთავად, გამოიწვევს  ხელისუფლების მხრიდან შექმნილი მონოპოლიური სტამბის ბაზრის გახსნასაც. 

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით “გირჩი-მეტი თავისუფლების” საგანმანათლებლო რეფორმებია:

  1. კერძო უნივერსიტეტები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ყველა სახელისუფლებო საგანმანათლებლო რეგულირებისგან;

  2. უნდა მოხდეს ეტაპობრივი სვლა უნივერსიტეტების განკერძოებისკენ;

  3. გაუქმდეს უნივერსიტეტის ავტორიზაცია/აკრედიტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

  4. ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდეს ერთი გამოცდით ზოგად უნარებში, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ საგრანტო დაფინანსებას და მასზე გასვლა იყოს ნებაყოფლობითი;

  5. უნივერსიტეტებს მიეცეთ სრული ავტონომია მიიღონ სტუდენტები იმ პირობებით, რა პირობებითაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ;

‘გირჩი-მეტი თავისუფლების” რეფორმების გატარების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო არსებული ფორმით აღარ იარსებებს და ნებისმიერი სოციალური საკითხის გადაწყვეტა მოხდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. 

‘გირჩი-მეტი თავისუფლების”  საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში, აუცილებელია შენარჩუნდეს ინკლუზიური განათლების დაფინანსება და ადგილობრივ მთავრობებს შეეძლოთ ხარჯების გაზრდა მოცემული მიმართულებით, რათა ხელისუფლებამ  შშმ პირებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში სრულყოფილი ჩართულობით.

ძლიერი ენერგო-სექტორი და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, იძულებულს გვხდის, ეროვნულ ჭრილში შეფასდეს ენერგო-პოლიტიკა და ხელისუფლებას მკვეთრად გაცხადებული კურსი ჰქონდეს ენერგო-დამოუკიდებლობისკენ.

 ჩვენი აზრით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს  ენერგო-რესურსების ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება,  ხელისუფლების და ინვესტორის ჩრდილოვანი, კორუფციული გარიგებებითაა გამოწვეული. აუცილებელია კანონმდებლობის იმგვარი ლიბერალიზაცია, რომ მიწის მესაკუთრეებსა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებების მხარეს ხელისუფლება არ წარმოადგენდეს. მთავრობის ფუნქცია მხოლოდ დადებული კონტრაქტების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა უნდა იყოს.  ენერგო-ბაზრის დემონოპოლიზაცია ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების გაუქმებას, რომლებიც ხელს უშლიან სხვადასხვა ტიპის განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების განვითარებას. 

იმისთვის, რომ ენერგო-სექტორმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელიია, გაუქმდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ენერგიის კომისია არსებული ფორმით. ეს ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას და საქართველოს ბაზარს ინვესტიციისთვის მაქსიმალურად მიმზიდველს გახდის. სემეკ-ის არსებული ფორმით გაუქმებისა და ქვეყნისთვის საჭირო ფუნქცია-მოვალეობების ფინანსთა სამინისტროში გადატანა, ჩვენი გეგმით, შემდეგი პირობებით მოხდება:

  1. ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეითავსოს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი და „სემეკს“ ჩამოერთვას ლიცენზიის გაცემის ფუნქცია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორებისა და მიმწოდებლებისთვის;

  2. „სემეკს“ უნდა ჩამოერთვას:

    1. მომხმარებლის უფლებების დაცვისა და დავების გადაწყვეტის ფუნქცია;

    2. ადმინისტრაციული წარმოების დებულების დამტკიცების ფუქცია.

  3. სადავო საკითხების განხილვა მოხდეს პირდაპირ სასამართლოში; 

  4. გაუქმდეს დაწესებული ყველა ზღვრული ტარიფი და აიკრძალოს ბაზარზე ფასწარმოქმნაში ნებისმიერი რეგულატორის ჩართულობა;

  5. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტრანსსასაზღვრო რეგულირების ფუნქცია შეითავსოს ფინანსთა სამინისტრომ.

გარდა იმ ზიანისა, რასაც მარეგულირებელი აყენებს ბაზარს, ის კერძო სექტორიდანაც იღებს თანხას და მას საკუთარი შემოსავლებისთვის იყენებს. კერძოდ, 2019 წელს „სემეკის“ მიერ გაცემულმა ხელფასებმა 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ჯამურმა ხარჯებმა კი 12 მლნ ლარზე მეტი. 

„სემეკის“ გაუქმება და რეგულატორის ფუნქციის ფინანსთა სამინისტროში გადატანა შესაძლებლობას მისცემს ენერგო-ბაზარს მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და არსებულმა მოთამაშეებმა უფრო გამართულად იმუშაონ საკუთარი და მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. 

ენერგო-სექტორის გამართულად მუშაობისთვის, აუცილებელი პირობაა ელექტრო-გადამცემი ქსელის განკერძოება იმ პირობით, რომ მფლობელი ვალდებული იქნება უარი არ უთხრას არცერთ კომპანიას მისი სერვისის გამოყენებაზე.

ენერგო-რეფორმის კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯი ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრივატიზება და ენერგო-რესურსების მოპოვების დერეგულირებაა. დღეს ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის მონოპოლიურ გარემოს და აიძულებს დაინტერესებულ ინვესტორებს, უარი თქვან საქართველოში ინვესტიციების გაკეთებაზე. საჭიროა მასობრივი დერეგულირება და მთავრობის ბაზრიდან გასვლა, რათა ქვეყანამ მოიზიდოს მრავალი ინვესტიცია და გარანტირებული ჰქონდეს ენერგო-დამოუკიდებლობა ოკუპანტი სახელმწიფოსგან. 

სამართლებრივი სახელმწიფო. დაცული სიცოცხლე და კერძო საკუთრება

სამართლებრივი სახელმწიფო. დაცული სიცოცხლე და კერძო საკუთრება

დღეს საქართველოში ცხოვრება სახიფათოა. გაზრდილი კრიმინალი, პოლიტიზებული პოლიცია და სასამართლო, ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი და წახალისებული ძალადობრივი ჯგუფები საფრთხეს უქმნიან თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და მომავალს. სწორედ ამიტომ, ეფექტური საპოლიციო და სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში მოქალაქემ დაცულად იგრძნოს თავი და ყოველდღიურად ქვეყნის დატოვებაზე არ იფიქროს. აუცილებელია, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას იარაღის ფლობისა და ტარების ლიბერალიზაციისკენ და ეტაპობრივად დაინერგოს ისეთი მოდელი, როგორიც შვეიცარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილშია. 

სასამართლოს რეფორმა

ქართული მართლმსაჯულების პრობლემა ცენტრალიზაცია და მმართველობის ვერტიკალური ფორმაა, სადაც მმართველი  პარტიისთვის მარტივად შესაძლებელია სასამართლო ხელისუფლების უზურპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რეფორმის არაერთი ტალღა გამოიარა, ის დღემდე  საბჭოთა მართლმსაჯულების ნიმუშად რჩება, სადაც მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტი სისტემის სასარგებლოდ გადაწონის. 

მოსამართლეთა დამნიშნავ ორგანოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰქვია, რომელიც 15 წევრისგან შედგება. 5 არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, 8  მოსამართლე წევრს მოსამართლეთა კონფერენცია (320 მოსამართლისგან შემდგარი), 1 წევრი ინიშნება პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო მე-15 წევრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

ამგვარ სისტემაში, სასამართლოს დასამორჩილებლად მმართველი პარტიისათვის საკმარისია გაირგება, ერთი მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლეთა კონფერენციასთან. სწორედ  ასეთი დაკომპლექტების წესის შედეგადაა სახეზე, სასამართლო ხელისუფლებას დღეს დაპატრონებული, ხელისუფლებას დამორჩიელებული კლანი. მმართველ პარტიას  კლანის მეშვეობით, საბჭოს წევრების გარდა, უკვე თითოეული მოსამართლის კონტროლი შეუძლია. შესაბამისად, სისტემა, სადაც 320 მოსამართლეს 15 ადამიანი ნიშნავს, მარტივად მანიპულირებადია. ერთადერთი გამოსავალი სისტემის დეცენტრალიზაცია და ვერტიკალის მოშლაა, რაც “გირჩის-მეტი თავისუფლების” ფილოსოფიური ხედვის გარდა, ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტების მქონე ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა. 

მართლმსაჯულების სისტემის გასამართად აუცილებელია:

  1. გადაიხედოს არბიტრაჟის შესახებ კანონი და საერთო სასამართლო არბიტრაჟთან რეალურ კონკურენციაში ჩადგეს. არბიტრაჟს უნდა შეეძლოს სახელმწიფო სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულების პროცესის დაწყება;

  2. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი უნდა გაუქმდეს, მოქმედი მოსამართლეები უნდა დაინიშნონ კონკრეტული ვადით და პარალელურად მოხდეს სამივე ინსტანციის სასამართლოს ახალი წესებით დაკომპლექტება;

  3. პირველი ინსტანციის მოსამართლეები უნდა აირჩნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რათა მოსამართლის ანგარიშვალდებულება მოქალაქის მიმართ გახდეს არსებითი;

  4. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობა უნდა გაფართოვდეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე;

  5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუქმება.

  6. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეები იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, უნდა დაინიშნონ, უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ;

  7. სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები უნდა დაკომპლექტდეს  ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეებით;

  8. საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს და მის ფუნქციები შეითავსოს უზენაესმა სასამართლომ;

  9. სიტყვის თავისუფლებასთან და სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის არსებული დავები უნდა გადაწყდეს პრეცენდენტული სამართლის სისტემით;

ყოველივე ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს ხელისუფლების გავლენას სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო სისტემას დაუბრუნებს ნდობას, რაც უმთავრესი და დღემდე შეუსრულებელი ამოცანაა.

პოლიციის რეფორმა

სასამართლო სისტემის მსგავსად, ქართული პოლიციის უმთავრესი პრობლემა მართვის  ცენტრალიზებული ფორმაა. ქვეყანაში მთავარ პოლიციელად შინაგან საქმეთა მინისტრი ითვლება, რომელსაც  სხვადასხვა რანგის 25 ათასამდე პოლიციელი ჰყავს დაქვემდებარებაში. რიგით პოლიცილსა და შს მინისტრს შორის მსგავსი იერარქია რეპრესიული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, რადგან პოლიციელი მოქალაქის ნაცვლად, სისტემის მსახურებას ირჩევს. სისტემის ბრძანებიდან ნებისმიერი გადახვევა თითოეულ თანამშრომელს შესაძლოა სამსახურის დატოვებად დაუჯდეს. შესაბამისად, პოლიციელისთვის მინისტრის ბრძანების უაპელაციოდ შესრულება ყველაზე დიდი კომფორტია.

საბჭოთა სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა იერარქის მოშლა და საპოლიციო სისტემის დეცენტრალიზაციაა. აშშ-ის საპოლიციო სისტემა ცხადად გვაჩვენებს, რომ მსგავს სტრუქტურაში პოლიციელის დამოუკიდებლობისა და მოქალაქესთან ანგარიშვალდებულების ხარისხი მკვეთრად იზრდება.

  1. მუნიციპალიტეტების დონეზე პოლიციის უფროსებს (შემდეგში შერიფებს) უნდა ირჩევდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ნიშნავს მეტ დეცენტრალიზებას და მეტ პასუხისმგებლობას სამართალდამცავების მხრიდან;

  2. შერიფისთვის შესაძლებელი უნდა იყოს კერძო საპოლიციო კომპანიის დაქირავება, რაც კონკურენციის პირობებში უკეთესი ცოდნის, მორალისა და კვალიფიკაციის პოლიციელების დაქირავების შესაძლებლობას გააჩენდა;

  3. უნდა შემოვიდეს მარშალის ინსტიტუტი, რომელიც დაქვემდებარებული იქნება შს მინისტრს, რომელიც  ძალაუფლების გადამეტების და ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით, გააკონტროლებს თითოეულ ადგილობრივ შერიფს  და კოორდინირებულად იმუშავებს სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან;

  4. უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული უწყება, რომელსაც მხოლოდ ორგანიზებულ და სამოხელეო დანაშაულზე ექნება რეაგირება, რადგან მსგავსი ტიპის დანაშაულების დევნა სპეციფიურ ცოდნას და კოორდინირებას მოითხოვს;

  5. სასაზღვრო პოლიცია უნდა იყოს შს მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ.

პროკურატურის რეფორმა

საქართველოს პროკურატურა მკაცრად ცენტრალიზებულია და აქვს მართვის ვერტიკალური სტრუქტურა. თითოეული პროკურორი მთავარი პორკურორის პირდაპირი გავლენის ქვეშაა. როდესაც  მმართველი პარტია საპარლამენტო უმრავლესობით  მთავარ პროკურორს ნიშნავს, საშუალო და დაბალი რანგის პროკურორებზე ზეგავლენა მარტივდება. ასევე, დაზარალებულს არ გააჩნია ბერკეტი, აირჩიოს მისთვის სასურველი პროკურორი და სასამართლო პროცესზე ჰყავდეს სანდო წარმომადგენელი, მაშინ, როცა ბრალდებულს აქვს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი უფლებადამცველი (ადვოკატი). ასევე, არსებული კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს გამოძიების უფლებამოსილებას, რაც გამოძიების პროცესში ხშირად პროკურატურის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.

პროკურორებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი და მათი ქცევა არ უნდა იყოს ნაკარნახევი ზემდგომი ინსტანციებიდან. დაზარალებულს უნდა ჰქონდეს საკუთარი წარმომადგენლის არჩევის უფლება, ხოლო შსს-ს საგამოძიებო ფუქნცია პროკურატურისგან უნდა იყოს გამიჯნული. არ შეიძლება პროკურატურა თავად იყოს გამომძიებელიც და მტკიცებულებების სასამართლოში წარმდგენიც. ამგვარი სისტემა ნდობის ფაქტორს  სრულად უგულებელყოფს. “გირჩი-მეტი თავისუფლების” ხედვა თითოეული პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას ითვალისწინებს:

  1. ოლქის პროკურორების არჩევითობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ

  2. ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულისთვის კერძო პროკურორის აყვანის უფლების მინიჭება.. დაზარალებულის ინტერესის დამცველი  შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან კერძო პროკურორი, რომელიც შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას.

  3. პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება.

  4. ანტიკორუფციული დეპარტამენტის შექმნა

  5. მთავარი პროკურორის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის  2/3-ების მიერ.

  6. ყველა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, დაზარალებულისთვის ბრალდებულის პატიების უფლების მინიჭება.

ჰუმანური ნარკოპოლიტიკა

საქართველოში ხელისუფლება რეპრესიულ მანქანადაა ქცეული, როდესაც საქმე  ე.წ. ნარკოდანაშაულს ეხება. ათიათასობით ადამიანი სასჯელს იხდის იმის გამო, რომ მიიღო ან აღმოაჩნდა ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება, თუმცა, არავისზე უძალადია. გარდა ამისა, ათასობით უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი დამატებით იბეგრება ჯარიმის სახით ე.წ. ნარკოდანაშაულზე. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის სხეული ეკუთვნის მხოლოდ მას და ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია მოიხმაროს იმ ტიპის საკვები, სასმელი ან ნივთიერება, რომელიც მას მოესურვება. იმისათვის, რომ რეპრესიული მანქანა დაინგრეს, საჭიროა:

  1. გაუქმდეს ყველა ნარკოდანაშაული და ამოღებულ იქნეს ყველა საკანონმდებლო მუხლი საქართველოს კანონების კრებულიდან;

  2. გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია ნარკოდანაშაულზე და გათავისუფლდეს ათიათასობით ადამიანი, რომელიც იხდის სასჯელს ე.წ. ნარკოდანაშაულისთვის;

  3. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება მოექცეს ერთ კანონმდებლობაში. კერძოდ, როგორც ნარკოტიკული საშუალება კოფეინი ხვდება ეკონომიკურ საქმიანობაში, ისევე უნდა იყოს ყველა დანარჩენი ნარკოტიკული ნივთიერება. 

ჩამოთვლილი ნაბიჯები საშუალებას მისცემს მოქალაქეებს. ერთი მხრივ, თავი დააღწიონ რეპრესიულ სახელისუფლებო მანქანას, ხოლო, მეორე მხრივ, გაჩნდეს სტიმული ქვეყანაში შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები. დღეს ნარკოდამოკიდებული ადამიანი მკურნალობის ნაცვლად,  უსამართლო კანონმდებლობის გამო იხდის სასჯელს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაჩნდება მოგებაზე ორიენტირებული ან საქველმოქმედო მიზნით გახსნილი სარეაბილიტაციო ცენტრები, ნარკოდამოკიდებული მოქალაქეები შეძლებენ ყოველგვარი შიშის გარეშე მიმართონ მათ და მიიღონ შესაბამისი სერვისი. 

გარდა პიროვნული თავისუფლების წახალისებისა, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მსუბუქი ნარკოტიკები აქციონ ბიზნესად ისე, როგორც განვითარებული ქვეყნების მზარდ ნაწილშია. ეს დამატებითი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბიდან თავის დაღწევისთვის. 

საგარეო ვექტორი და სამხედრო სიძლიერე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ხედვები საგარეო და თავდაცვის სფეროებში ითვალისწინებს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას, ნატოს სრულფასოვან წევრობას, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის საუკეთესო უსაფრთხოების სერვისების შეთავაზებას. 

სამუშაო ძალის მოზიდვა და ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა

სამუშაო ძალის ზომა და კონკურენცია სხვადასხვა პროფესიებს შორის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, გირჩი - მეტი თავისუფლება მომხრეა მოქნილი და ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის. კერძოდ:

1) რეფორმირდეს ბინადრობის უფლების შესახებ კანონმდებლობა და მოქალაქეობა დაიყოს ორ ტიპად: A და B ტიპის მოქალაქეობა. 

A ტიპის მოქალაქეები უნდა იყოს ყველა არსებული საქართველოს მოქალაქე და მათი შთამომავლები, ხოლო B ტიპის მოქალაქეობის მიღება შეეძლოს ნებისმიერ მსურველს თუ ის არ იმყოფება ძებნაში, გამოძიების ქვეშ ან არ იხდის სასჯელს. B ტიპის მოქალაქეებს ექნებათ საქართველოში ცხოვრების და მუშაობის უფლება, ყველა ის უფლება, რაც გააჩნია A ტიპის მოქალაქეს გარდა არჩევნებში მონაწილეობის და სახელმწიფო სოციალური დახმარებების მიღების უფლებისა. 

A ტიპის მოქალაქეს სურვილის შემთხვევაში უნდა შეეძლოს B ტიპის მოქალაქეობის ბარიერების გარეშე მიღება, მაგრამ B ტიპის მოქალაქეს არ შეეძლება გახდეს A ტიპის მოქალაქე არავითარ შემთხვევაში.

2) ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაკავშირებული არ არის ტერორიზმთან ან საერთაშორისო დანაშაულთან და ფლობს 1 მილიონ აშშ დოლარს, სურვილის შემთხვევაში ავტომატურად მიენიჭოს საქართველოს A ტიპის მოქალაქეობა

მოცემული რეფორმა ხელს შეუწყობს ერთის მხრივ საქართველოში სამუშაო ძალის მოზიდვას და კონკურენციის გაზრდას, ხოლო მეორეს მხრივ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს იმისგან, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები არ მოხმარდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.

ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოს, როგორც ქვეყნის უმთავრესი საერთაშორისო მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი სრულად მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ამ მიმართულებით აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესება, რაც შეუძლებელია  ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდეს. აუცილებელია ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და ცვლილებების შემდეგ, ყველა მიმართულებით ქვეყნის რეფორმირება.

  • ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა და მასთან დიალოგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაიწყებს იმ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აიღო; 

  • ხელისუფლებამ უნდა შეძლოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების შეკავება და აღკვეთა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია, კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • გვჯერა, საქართველოს აქვს რესურსი პრაგმატულად ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან, შესთავაზოს მათ მშვიდობიანი თანაცხოვრება, დაცულობა, ეკონომიკური სარგებელი და გამართული სახელისუფლებო სტრუქტურები;

  • აუცილებელია საერთაშორისო არენაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცება და კონსოლიდაცია;

  • უნდა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების გამყარება, საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის გზით.

ძლიერი თავდაცვა

საქართველომ უნდა შეძლოს ისეთი თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ქვეყანას  მაქსიმალურად აარიდებს თავიდან სრულ ჩამოშლას და მოქალაქეებსა და ბიზნესს ექნებათ დაცულობის განცდა საკუთარ ქვეყანაში. 

ქვეყნის ძლიერი თავდაცვისთვის საჭიროა:

  1. გაგრძელდეს ნატო-სკენ და ევროპული ღირებულებებისკენ სვლა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება;

  2. გაუქმდეს რუსეთთან შუამავლების გარეშე მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც კარასინი-აბაშიძის ფორმატის სახელითაა ცნობილი და ყველა მომდევნო მოლაპარაკება გაიმართოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად;

  3. გაძლიერდეს საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება;

  4. გაღრმავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებაზე;

  5. გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და ჩანაცვლდეს პროფესიონალი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული საკონტრაქტო გაწვევით;

  6. აუცილებელია გაიწეროს გრძელვადიანი სამხედრო სტრატეგია, რომელსაც ქვეყანა მიყვება ეტაპობრივად და ზედმიწევნით ხელისუფლებებისა და მინისტრების ცვლილებების მიუხედავად;

  7. სამხედრო სტრატეგიაში აქცენტი უნდა გაკეთდეს მცირერიცხოვან, მაგრამ პროფესიულ ჯარზე. ამისათვის კი აუცილებელია:

    1. ნახევრად პროფესიული და მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებული რეზერვი. მოქალაქეები წვრთნებს არასამუშაო დღეებში გაივლიან;

    2.  ადგილობრივი მოხალისეების მიერ საზღვრისპირა პატრულირების შემოღება. სასაზღვრო პოლიციისგან განსხვავებით, მათი ფუნქცია სამხედრო სადაზვერვო და დივერსიების საწინააღმდეგო მოქმედებები იქნება;

    3. პარამილიტარისტული ორგანიზაციების და ცალკეული პირების ორგანიზება, რათა საჭირო მომენტში მათი მობილიზება და სწავლება მოხდეს. მათ უნდა შეძლონ, საჭიროების შემთხვევაში, ჯერ რეზერვის, ხოლო შემდეგ პროფესიული ჯარის ჩანაცვლება; 

  8. დღეს არსებული მინიმალური 2%-ის ნაცვლად, საქართველო შეიარაღებაზე უნდა ხარჯავდეს მშპ-ის სულ მცირე 5%-ს ხელისუფლების ცვლილებიდან მეოთხე წელს;

  9. გამარტივდეს სამხედრო მრეწველობაში ინვესტიციის ჩასადებად არსებული რეგულაციები, რათა წახალისდეს ეროვნული სამხედრო მრეწველობა.

  10. აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს IT ტექნოლოგიებზე და სამხედრო მიმართულებით, აუცილებელია, დაისახოს ისეთი კონკრეტული ამოცანები, როგორიცაა ამომცნობი სისტემები, ტრაექტორიის გამომთვლელი პროგრამები და სხვა. ასევე, აუცილებელია, რობოტიზებული სისტემების მკვეთრად განვითარება და ახალი ექსპერიმენტული სისტემების გამოცდები და წვრთნები.

ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა

“გირჩი-მეტი თავისუფლების” მოქალაქეებს სთავაზობს ისეთ სახელისუფლებო რეფორმას, რომელიც მკვეთრად გაზრდის თვითმმართველი ერთეულების ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის ხარისხს და მორგებული იქნება ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე.

ფინანსური დეცენტრალიზება - საბიუჯეტო რეფორმა

დღეს არსებული ცენტრალიზებული სისტემიდან გამომდინარე, ადგილობრივი სახელისუფლებო მმართველობა არაეფექტიანია,- ბიუჯეტი გაბერილია ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯებით. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” მოქალაქეებს სთავაზობს მის მიერ შემუშავებულ თავისუფლების ქარტიას, რომელიც გავრცელდება თვითმმართველ ერთეულებზე და ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქის სასარგებლოდ შეზღუდავს. 

ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ხარჯებში ბიუროკრატიულ ხარჯებს მნიშვნელოვანი წილი უკავია. ის საშუალოდ ბიუჯეტის 25%-ის ფარგლებშია და ხშირ შემთხვევაში, მოცემულ რიცხვს მკვეთრად აჭარბებს. აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და მისი ზღვრებში მოქცევა. მუნიციპალიტეტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ბიუროკრატიაზე დახარჯული თანხები მთლიანი ხარჯების 10%-ს აჭარბებდეს. 

ბიუროკრატიულ ხარჯებთან ერთად, აუცილებელია ზღვრები დაწესდეს ისეთი ტიპის ხარჯებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა ტიპის ხარჯები. მოცემული ნაბიჯი უბიძგებს ადგილობრივ ხელისუფლებას შეამციროს არაეფექტიანი ხარჯები, ნეპოტიზმის და პარტიული ნიშნის დანიშვნის ნაცვლად, სწორება  პროფესიონალ კადრებზე გააკეთოს და გამოთავისუფლებული თანხა  მოქალაქეების საკეთილდღეოდ მიმართოს. ზღვრების ოდენობა და სხვა საბიუჯეტო შეზღუდვები მოცემულია გირჩის ადგილობრივი ხელისუფლების შემზღუდავ თავისუფლების ქარტიაში. 

სამართლებრივი დეცენტრალიზება

ქვეყანაში არსებული ყველა სამართლერივი ინსტიტუტის საერთო პრობლემა მკაცრი ცენტრალიზაცია და ძალაუფლების ერთ წერტილში კონცენტრაციაა. მსგავსი მიდგომა რეპრესიული და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რისი თვალსაჩინო მაგალითიც, უახლეს ისტორიაში, საბჭოთა კავშირის სახით  გვქონდა . მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვერ შევძელით საბჭოთა მმართველობის პრიცნიპებზე გვეთქვა უარი, რადგან ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირების ცდუნებას . “გირჩი-მეტი თავისუფლება” ამ მხრივ გამონაკლისია. ჩვენი მიზანი საბჭოთა ინსტიტუტების ისე დაშლაა, რომ აღარავის ჰქონდეს სისტემის უზურპაციის შესაძლებლობა. უფრო მარტივად, აღარ უნდა ვიყოთ კეთილსინდისიერი ბიუროკრატების იმედად, რომ ამჯერად ძალაუფლებაზე უარს იტყვიან.

“გირჩი-მეტი თავისუფლების” სამართლებრივი დეცენტალიზაციის გეგმა გულისხმობს მოსამართლის, პოლიციის უფროსის, ოლქის პროკურორის არჩევის უფლების მინიჭებას ადგილობრივი მოსახლეობითვის, რაც მეტად გამჭვირვალეს და სანდოს გახდიდა უმთავრესი სახელისუფლებო ინსტიტუტების საქმიანობის პროცესს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირდაპირი დემოკრატიის (არჩევნები) წესზე დამყარებული მართვის მოდელი საქართველოსთვის არ იქნება უპრეცენდენტო, ვინაიდან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი და ა.შ., წლებია მსგავსი სისტემებით ფუქნციონირებენ, მათი განვითარების დონე კი მაღალია.

თბილისი

თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის მესამედი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 50%-ზე მეტს ქმნის. პოლიტიკური და ფინანსური რესურსების უდიდესი ნაწილი სწორედ თბილისზე მოდის და მაქსიმალური დეცენტრალიზების გარეშე, ვერ მოგვარდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, არასწორი განაშენიანება, გამწვანების არარსებობა, სატრანსპორტო პრობლემები საცობების სახით, ინფლაციით გამოწვეული რესურსების უსამართლოდ გადანაწილება და სხვ. 

პოლიტიკური დეცენტრალიზება

“გირჩი-მეტი თავისუფლება” თბილისის მაცხოვრებლებს სთავაზობს ქალაქის მაქსიმალურ დეცენტრალიზებას. კერძოდ, გარდა თბილისის მერისა, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ, თბილისის თითოეულ რაიონს უნდა ჰყავდეს საკუთარი დემოკრატიულად არჩეული საკრებულო. ეს საშუალებას მისცემს რაიონებს, უფრო სამართლიანად და ეფექტურად გაანაწილონ მათ ხელთ არსებული რესურსები და მოერგონ საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებსა და სურვილებს. 

საკუთარი არჩევითი საკრებულო ეყოლება გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონებს. საკრებულო პირდაპირ იქნება არჩეული მოსახლეობის მიერ და მრავალი ცენტრალიზებული ფუნქცია, რომელიც დღეს თბილისს მერს აქვს,  ადგილობრივი რაიონული ხელისუფლებების ხელში გადავა. თითოეულმა რაიონმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს როგორი ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა, საგადასახადო სისტემა, სოციალური პოლიტიკა და საბიუჯეტო მოწყობა სურს იმ ფარგლების უმეტესობაში, რა ფარგლებშიც  განხორციელდება დეცენტრალიზება საქართველოს მასშტაბით,  თვითმმართველი ერთეულების სასარგებლოდ. 

თითოეული რაიონის საკრებულოს ეყოლება ორი წარმომადგენელი თბილისის რაიონების საკოორდინატო საბჭოში, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს თბილისის მერი. 

ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზების ფარგლებში, თბილისშიც პოლიციის უფროსი (შერიფი) არჩევითი იქნება. ის მოემსახურება თითოეულ რაიონს და საკრებულოების თანხმობით დანიშნავს თითოეულ შერიფის თანაშემწეს.

ეკონომიკური დეცენტრალიზება

თბილისის თითოეულ რაიონს უნდა შეეძლოს საგადასახადო პოლიტიკის წარმოება. როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, აქაც დღგ-ის 19% თბილისის შემადგენლობაში მყოფ მუნიციპალიტეტებს   ქონების გადასახადთან და სხვა მოსაკრებლებთან ერთად ექნებათ განკარგვაში. თითოეულ რაიონს შეეძლება გადასახადების შემცირება ან არსებულის დატოვება იმ განაკვეთით, რა განაკვეთსაც თავად მიიჩნევენ საჭიროდ. ასეთი სისტემა წაახალისებს და უბიძგებს რაიონებს კონკურენციისკენ, რათა  მეტი ბიზნესი და წარმატებული მოქალაქე მიიზიდონ  საქმის საკეთებლად და საცხოვრებლად. 

სატრანსპორტო რეფორმა

“გირჩი-მეტი თავისუფლება” თბილისის მოსახლეობას სთავაზობს ისეთ სატრანსპორტო რეფორმას, რომელიც შეამცირებს ფასებს, გაზრდის სერვისის ხარისხს და დაეხმარება ქალაქს მაქსიმალურად განმუხტოს ის დისკომფორტი, რაც მოსახლეობას ადგება დღევანდელი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად. კერძოდ:

  • საჭიროა მუნიციპალური ტრანსპორტის კერძო მფლობელობაში გადასვლა;

  • მუნიციპალური ტრანსპორტის განკერძოებიდან შემოსული თანხები მოხმარდება პენსიონერთა და სოციალურად დაუცველ პირთა სატრანსპორტო ხარჯის სუბსიდირებას განკერძოებიდან 2 წლის განმავლობაში;

  • დღეს ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო საშუალება თბილისის მეტროა. იმისთვის, რომ ქალაქში განიტვირთოს ავტომობილების მოძრაობა, აუცილებელია მეტროს განვითარება. ახალი მეტროსადგურების მშენებლობა კოლოსალურ თანხებს უკავშირდება, ხელისუფლებას კი, თავის მხრივ, უფრო მეტი ზიანი მოაქვს ამ სექტორში არსებობით. აუცილებელია, ინვესტორების დაინტერესება, თბილისის მიწისქვეშეთის მოწყობაში ფულის ჩადებით.. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მეტროსა და მთლიანად მიწისქვეშეთის განკერძოება სხვადასხვა ინვესტორებზე, საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ახალი მეტროსადგურების გაკეთების და  ინვესტიციების სტიმულირების მიზნით.

  • დანარჩენ სატრანსპორტო პოლიტიკას,- ფეხითმოსიარულეთათვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ველობილიკები თუ სხვა ღონისძიებები, გადაწყვეტს თითოეული რაიონის საკრებულო და მისაღებ ცვლილებებს დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად გაატარებს.

ქალაქის განტვირთვა საჯარო სტრუქტურებისგან

თბილისის გადატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ცენტრალური ხელისუფლების შტოების დიდი რაოდენობაა. ქალაქის განსატვირთად, აუცილებელია, სახელისუფლებო სტრუქტურების სამგორის რაიონში გადატანა. სამგორის რაიონი ყველაზე ნაკლებადაა ეკონომიკურად ათვისებული და სახელისუფლებო სტრუქტურების იქ არსებობა მკვეთრად გაზრდის მიწსა და შენობების ღირებულებას, მიიზიდავს მრავალ ინვესტორსა და ინვესტიციას. ქალაქის განტვირთვასთან ერთად,  გაფართოვდება ურბანული ზონა და ბიზნესისათვის საინტერესო გახდება ისეთი ადგილების ათვისება, რომელიც დღეს ეკონომიკურად გამოუყენებელია.

თბილისის ძირეული სახელისუფლებო რეფორმა ერთადერთი გამოსავალია, რომ ქალაქი განიტვირთოს, დაბალანსდეს ურბანიზება და თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალურად ღირსეული საცხოვრებელი პირობები და გარემო შეიქმნას დეცენტრალიზებულ დედაქალაქში. 

ადგილობრივი ხელისუფლების შემზღუდავი თავისუფლების ქარტია

საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს, ქვეყნის ეკონომიკური დეცენტრალიზების პრინციპებსა და ადგილობრივი ხელისუფლების კონსტიტუციის გზით შეზღუდვის საკითხებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

სახელმწიფო უზრუნველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან, სტაბილურ ზრდას.

თავისუფლება არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპი, რომელიც გამოიხატება მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლობიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, დაბალ გადასახადებსა და მონეტარულ თავისუფლებაში.


მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი გადასახადების დადგენაში

1. ამ კანონის ამოქმედების თარიღიდან საქართველოში არსებულ თვითმმართველ ერთეულებს ეკრძალებათ ადგილობრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა.

2. ამ კანონის ამოქმედების თარიღისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ადგილობრივი გადასახადებია:

ა) ქონების გადასახადი;

ბ) გადასახადი საქონლისა და სერვისის რეალიზაციაზე.

მე-2 პუნქტის ბ ქვეპუნქტში წარმოდგენილი გადასახადის აკრეფას და აკრეფილი გადასახადის შესაბამისად გადანაწილებას, თვითმმართველი ერთეულების მიხედვით, ახორციელებს ცენტრალური ხელისუფლება.

მუხლი 2. ადგილობრივი საბიუჯეტო პარამეტრების დადგენა 

1. ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის, მოსახლეობის კეთილდღეობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დგინდება ადგილობრივი საბიუჯეტო შემდეგი პარამეტრები:

ა) ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის ყოველწლიური ზრდა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს იმ რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპს, რომლის შემადგენლობაშიცააა ადგილობრივი თვითმმართველობა; 

ბ) ადგილობრივი ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 3% პროცენტს;

გ) ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს არ აქვს უფლება გაზარდოს ვალი, თუ ასაღები თანხა არ არის დენომინირებული იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც იგეგმება ბიუჯეტი და მისი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სცილდება წლიურ 5 პროცენტს;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი ხარჯვითი კლასიფიკაციებისგან და თითოეულის წილობრივი მაჩვენებელი ბიუჯეტში უნდა იყოს განსაზღვრული ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით.

ცხრილი 1. შესაძლო ხარჯების კლასიფიკაცია და ბიუჯეტში წილობრივი მაჩვენებელი

საბიუჯეტო ხარჯის კლასიფიკაცია

ბიუჯეტის ხარჯვითი წილობრივი მაჩვენებელი

ადმინისტრაციული ხარჯი

არაუმეტეს 7%

ინფრასტრუქტურული ხარჯი

არაუმეტეს 25%

უსაფრთხოებაზე გაწეული ხარჯი

არაუმეტეს 20%

სოციალური ხარჯები

არაუმეტეს 30%

დასუფთავება, გარემოს დაცვა და გამწვანება

არაუმეტეს 30%

სხვა ხარჯები

არაუმეტეს 5%


2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის შემუშავება, ადგილობრივი ბიუჯეტის კანონის მიღება და ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულება იმგვარად უნდა იქნას უზრუნველყოფილი, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრულ მოცულობებს, როგორც გეგმური, ისე შესრულების მაჩვენებლების შემთხვევაში.

3. საბიუჯეტო წლის დასრულების შემდეგ ანგარიშგებისას თვითმმართველი ერთეულის მერი ან გამგებელი ამ მუხლით დადგენილი ზღვრული მაჩვენებლების დარღვევის შემთხვევაში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ადგილობრივ საკრებულოს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან ერთად წარუდგენს ინფორმაციას:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული მოცულობების დარღვევის მიზეზების თაობაზე;

ბ) მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და, შესაბამისად, მისი ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრებზე გავლენის შესახებ, მათი ამ კანონით დადგენილ წესებთან შესაბამისობის მიმართულებით.

4. ადგილობრივი ბიუჯეტის ამ მუხლით დადგენილი წესების მიღმა დაგეგმვა ან/და დაგეგმილი პარამეტრების შესრულება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და აღნიშნული მდგომარეობის შედეგად დამდგარი ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში.

"გირჩი-მეტი თავისუფლება"



კომენტარები