
დაცული ბიზნესი
ეკონომიკური დანაშაულის ლიბერალიზაცია
ბიზნესთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის მიზეზი, ერთის მხრივ, კანონმდებლობის გაუმართავობა, ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიზებული სახელისუფლებო ინსტიტუტებია. შედეგად კი, ხელისუფლებესთან დავის პროცესში, ათიათასობით ბიზნესს და მოქალაქეს აქვს საქმიანობა შეჩერებული. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს სთავაზობს სრულ ეკონომიკურ ამნისტიას იმ ბიზნესებზე, რომლებზე დავაც 2021 წლამდე დაიწყო. ამნისტია არ შეეხება მხოლოდ ისეთ ბიზნესს, რომელმაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ისარგებლა ხელისუფლების მიერ სუბსიდირებული პროგრამებით ან მიიღო სახელმწიფო სასესხო გარანტია.
ბიზნესთან მიმართებაში, ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის თვალსაჩინო მაგალითია, ე.წ. ფინანსური პოლიცია, რომლის მთავარი დანიშნულება დღეს ბიზნესის დასჯა, დაშინება და ინვესტორების დაფრთხობაა. ბაზარზე დესტრუქციული საქმიანობით მიღებული ზარალის გარდა, ეს ინსტიტუტი გადასახადის გადამხდელებს წელიწადში საშუალოდ 21 მლნ ლარი უჯდება.
ფინანსური პოლიციის გაუქმებით, ნებისმიერი ტიპის დანაშაულზე (მათ შორის, ფინანსურზე), რეაგირების უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურს ექნება.
ფინანსური პოლიციის გაუქმებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, სახელისუფლებო მარეგულირებლებს სასამართლოს ნებართვის გარეშე აეკრძალოთ ნებისმიერი ბიზნესის შემოწმება.
სრულ ეკონომიკურ ამნისტასა და ფინანსური პოლიციის გაუქმებასთან ერთად, აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა. დაუშვებელია, რიგი ეკონომიკური დანაშაულისათვის მოქალაქის ციხეში ჩასმა. კერძოდ, - სისხლის სამართლის კოდექსი არ უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს და ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ შემდეგი საქმიანობის გამო:
-
ლიცენზიის გარეშე ნებისმიერი ტიპის საქმიანობა;
-
სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ანდა ლიცენზიის გარეშე;
-
საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, ქონებრივი სარგებლის მიღების ან აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით;
-
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესების დარღვევის გამო;
-
სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება;
-
ფალსიფიკაციის გამო. გარდა ფულის გაყალბებისა, თუ ეს არ აყენებს ზიანს ადამიანის ჯანმრთელობას;
-
ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება;
-
ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა;
-
მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა;
-
ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება;
-
საგადასახადო რეფორმამდე და ე.წ. Sales Tax-ზე გადასვლამდე, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი;
-
სავალდებულო მარკირების სრულად გაუქმება არააქციზურ საქონელზე;
-
ე.წ. ყალბი რეკლამის ცნების გაუქმება;
-
ნებისმიერი ტიპის ბუღალტრული წესების დარღვევა;
-
ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით;
-
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას;
-
მოვალის მართვისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა;
-
კრედიტის უკანონოდ მიღება;
-
გადასახადებისგან თავის არიდების ნაწილში, დიდი ოდენობის ზღვრის ნახევარ მილიონ ლარამდე გაზრდა.
სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმით და ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციით, საქართველოში ბიზნესის წარმოება გახდება უფრო მიმზიდველი, ხელს შეუწყობს კერძო საკუთრების დაუცველობის პრობლემების გადაჭრას და ინვესტორებისთვის სტაბილური გარემოს შექმნას, დაარწმუნებს ინვესტორებს, რომ ხელისუფლება მათ დასაშინებლად ან მათზე ზეწოლის მიზნით ვერ გამოიყენებს ციხეს.
გირჩი-მეტი თავისუფლება