
განათლება
განათლებული მოქალაქე
ქვეყნის ეკონომიკური რეგრესი წლების განმავლობაში დამანგრევლად აისახა საქართველოში განათლების სისტემაზე. ეკონომიკური განვითარების გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი სექტორის, მათ შორის, განათლების სექტორის განვითარება. თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდა საჭირო, მაგრამ არასაკმარისია განათლების სისტემის განვითარებისთვის. ოცდაათ წელზე მეტია, საქართველოში განათლების სისტაემა ვერ ვითარდება და სახელმწიფო ვერ ახერხებს ახალგაზრდებისთვის კარგი ხარისხის განათლების შეთავაზებას. მთავარი პრობლემა ცენტრალიზებულ სისტემაში, გაბერილ სამთავრობო ბიუროკრატიასა და ხელისუფლების მონაწილეობით შექმნილ მონოპოლიურ გარემოში, სექტორის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი თანხების არარსებობაშია. ყოველივე ამას ემატება მთავრობის მხრიდან განათლების სექტორის პოლიტიზება და სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანების გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
საქართველოში არსებულ სავალალო საგანმანათლებლო მდგომარეობას კარგად ასახავს Human Development Index-ის მიერ მომზადებული განათლების ინდექსი, სადაც საქართველო მსოფლიოში 61-ე ადგილს იკავებს. იგივეს მოწმობს 2014-2018 წლებში ჩატარებული, PISA-ს და PIRLS-ის სახელით ცნობილი მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევები, რომლის მიხედვითაც, წიგნიერების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები მოსწავლე 380 ქულით (მათ შორის, საბუნებისმეტყველო საგნებში 283 ქულით, ხოლო მათემატიკაში 398 ქულით) 79-ე ადგილზეა. საშუალო სკოლის მოსწავლეთაგან 2% ახერხებს წაკითხულიდან აზრის მაღალი სტანდარტის მიხედვით გამოტანას, საშუალოდ კი 22% უმკლავდება ამავე ამოცანას. ამ ყველაფერთან ერთად, ინგლისურის ცოდნის მხრივ, ჩამოვრჩებით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, ბოლივია, ბელარუსი, კუბა და სხვები.
ჩვენ გვჯერა, რომ მთავრობას საგანმანათლებლო სექტორში არაფერი ესაქმება და ქვეყანამ ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამისათვის საჭიროა, ისევე როგორც ჯანდაცვის, ასევე განათლების სექტორში, სრული ხარჯების მთელი მოცულობის გაჭირვებული მოსახლეობისთვის, ფულად დახმარებად გაცემა.
“გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს ამ შემთხვევაშიც მეორე მიდგომას სთავაზობს, სადაც ხარჯების მონეტიზაციის და სოციალური დახმარებად ქცევის ნაცვლად, საწყის ეტაპზე მოსწავლე ვაუჩერულ დახმარებას მიიღებს.
სახელმწიფოს ეტაპობრივი გამოსვლა საგანმანათლებლო სექტორიდან უნდა დაიწყოს პოლიტიზებული სასკოლო სისტემიდან დეცენტრალიზებულ, კონკურენტუნარიან საბაზრო სისტემაზე გადასვლით. კონკურენციაში ჩაბმული და პირდაპირ მშობლების წინაშე ანგარიშვალდებული სკოლა უკეთ მუშაობს, ვიდრე მისი ბიუროკრატიული ალტერნატივა.
საშუალო განათლებასთან დაკავშირებით გირჩის საგანმანათლებლო რეფორმებია:
-
რეფორმების საწყის ეტაპზევე, კერძო სკოლები დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ყველა სამთავრობო საგანმანათლებლო რეგულირებისგან;
-
ეტაპობრივად, ეროვნული სასწავლო გეგმის გაუქმება და სკოლებისთვის სრული ავტონომიის მიცემა როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური მიმართულებით;
-
ვაუჩერული რეფორმა. ნაცვლად სკოლების დაფინანსებისა, ხელისუფლებამ მშობელს თითოეულ მოსწავლეზე 1500 ლარიანი ვაუჩერი უნდა გადასცეს. მშობელს ექნება არჩევანი, ვაუჩერი გამოიყენოს კერძო სკოლაში, საჯარო სკოლაში ან რეპეტიტორებში (ე.წ. Home schooling);
-
თუ მოსწავლე სრულად ვერ შეძლებს ვაუჩერის ათვისებას, ნაშთი შეინახება გრძელვადიან დეპოზიტზე, რომელიც მას სრულწლოვნობის ასაკის მიღწევისას გადაეცემა.
-
ეტაპობრივი სვლა სკოლების განკერძოებისკენ. -ურბანულ დასახლებებში არსებული სკოლების განკერძოება პრიორიტეტულია; დირექტორების არჩევა უნდა მოხდეს მასწავლებლებისა და მშობლების მიერ;
-
არაურბანულ დასახლებებში არსებული სკოლების დაფინანსება, ვაუჩერთან ერთად, უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების და არა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა. საჯარო სკოლები ეტაპობრივად მართვაში უნდა გადაეცეთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უზრუნველყონ სოფლად მცხოვრები მოსწავლეებისათვის ფინანსური თვალსაზრისით, განათლების ხელმისაწვდომობა;
-
გაუქმდეს სკოლის ავტორიზაცია/აკრედიტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
-
გაუქმდეს მასწავლებლების აკრედიტაციისთვის საჭირო სავალდებულო სახელმწიფო გამოცდები და სკოლის ადმინისტრაციას მიეცეს თავისუფლება, თავისი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს კადრები ხოლო ანაზღაურების საკითხი გადაწყდეს მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებით;
-
უფასო წიგნების დაფინანსება უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების და არა ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა; ეს, თავისთავად, გამოიწვევს ხელისუფლების შექმნილი მონოპოლიური სტამბის ბაზრის გახსნასაც.
უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით “გირჩი-მეტი თავისუფლების” საგანმანათლებლო რეფორმებია:
-
კერძო უნივერსიტეტები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ყველა სახელისუფლებო საგანმანათლებლო რეგულირებისგან;
-
უნდა მოხდეს ეტაპობრივი სვლა უნივერსიტეტების განკერძოებისკენ;
-
გაუქმდეს უნივერსიტეტის ავტორიზაცია/აკრედიტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
-
ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდეს ერთი გამოცდით ზოგად უნარებში, რომელიც განსაზღვრავს მხოლოდ საგრანტო დაფინანსებას და მასზე გასვლა იყოს ნებაყოფლობითი;
-
უნივერსიტეტებს მიეცეთ სრული ავტონომია მიიღონ სტუდენტები იმ პირობებით, რა პირობებითაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ;
“გირჩი-მეტი თავისუფლების” რეფორმების გატარების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო არსებული ფორმით აღარ იარსებებს და ნებისმიერი სოციალური საკითხის გადაწყვეტა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალება.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში, აუცილებელია შენარჩუნდეს ინკლუზიური განათლების დაფინანსება და ადგილობრივ მთავრობებს შეეძლოთ ხარჯების გაზრდა მოცემული მიმართულებით, რათა ხელისუფლებამ შშმ პირებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, იგრძნონ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო საქმიანობაში სრულყოფილი ჩართულობით.
გირჩი-მეტი თავისუფლება