
ხელისუფლების დეცენტრალიზაცია
ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა
“გირჩი-მეტი თავისუფლების” მოქალაქეებს სთავაზობს ისეთ სახელისუფლებო რეფორმას, რომელიც მკვეთრად გაზრდის თვითმმართველი ერთეულების ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის ხარისხს და მორგებული იქნება ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე.
ფინანსური დეცენტრალიზება - საბიუჯეტო რეფორმა
დღეს არსებული ცენტრალიზებული სისტემიდან გამომდინარე, ადგილობრივი სახელისუფლებო მმართველობა არაეფექტიანია,- ბიუჯეტი გაბერილია ბიუროკრატიული და არაეფექტური ხარჯებით. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” მოქალაქეებს სთავაზობს მის მიერ შემუშავებულ თავისუფლების ქარტიას, რომელიც გავრცელდება თვითმმართველ ერთეულებზე და ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქის სასარგებლოდ შეზღუდავს.
ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ხარჯებში ბიუროკრატიულ ხარჯებს მნიშვნელოვანი წილი უკავია. ის საშუალოდ ბიუჯეტის 25%-ის ფარგლებშია და ხშირ შემთხვევაში, მოცემულ რიცხვს მკვეთრად აჭარბებს. აუცილებელია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და მისი ზღვრებში მოქცევა. მუნიციპალიტეტს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ბიუროკრატიაზე დახარჯული თანხები მთლიანი ხარჯების 10%-ს აჭარბებდეს.
ბიუროკრატიულ ხარჯებთან ერთად, აუცილებელია ზღვრები დაწესდეს ისეთი ტიპის ხარჯებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა ტიპის ხარჯები. მოცემული ნაბიჯი უბიძგებს ადგილობრივ ხელისუფლებას შეამციროს არაეფექტიანი ხარჯები, ნეპოტიზმის და პარტიული ნიშნის დანიშვნის ნაცვლად, სწორება პროფესიონალ კადრებზე გააკეთოს და გამოთავისუფლებული თანხა მოქალაქეების საკეთილდღეოდ მიმართოს. ზღვრების ოდენობა და სხვა საბიუჯეტო შეზღუდვები მოცემულია გირჩის ადგილობრივი ხელისუფლების შემზღუდავ თავისუფლების ქარტიაში.
სამართლებრივი დეცენტრალიზება
ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი ინსტიტუტის საერთო პრობლემა მკაცრი ცენტრალიზაცია და ძალაუფლების ერთ წერტილში კონცენტრაციაა. მსგავსი მიდგომა რეპრესიული და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, რისი თვალსაჩინო მაგალითიც, უახლეს ისტორიაში, საბჭოთა კავშირის სახით გვქონდა . მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვერ შევძელით საბჭოთა მმართველობის პრიცნიპებზე გვეთქვა უარი, რადგან ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირების ცდუნებას . “გირჩი-მეტი თავისუფლება” ამ მხრივ გამონაკლისია. ჩვენი მიზანი საბჭოთა ინსტიტუტების ისე დაშლაა, რომ აღარავის ჰქონდეს სისტემის უზურპაციის შესაძლებლობა. უფრო მარტივად, აღარ უნდა ვიყოთ კეთილსინდისიერი ბიუროკრატების იმედად, რომ ამჯერად ძალაუფლებაზე უარს იტყვიან.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” სამართლებრივი დეცენტალიზაციის გეგმა გულისხმობს მოსამართლის, პოლიციის უფროსის, ოლქის პროკურორის არჩევის უფლების მინიჭებას ადგილობრივი მოსახლეობითვის, რაც მეტად გამჭვირვალეს და სანდოს გახდიდა უმთავრესი სახელისუფლებო ინსტიტუტების საქმიანობის პროცესს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირდაპირი დემოკრატიის (არჩევნები) წესზე დამყარებული მართვის მოდელი საქართველოსთვის არ იქნება უპრეცენდენტო, ვინაიდან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი და ა.შ., წლებია მსგავსი სისტემებით ფუქნციონირებენ, მათი განვითარების დონე კი მაღალია.
თბილისი
თბილისში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის მესამედი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის 50%-ზე მეტს ქმნის. პოლიტიკური და ფინანსური რესურსების უდიდესი ნაწილი სწორედ თბილისზე მოდის და მაქსიმალური დეცენტრალიზების გარეშე, ვერ მოგვარდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, არასწორი განაშენიანება, გამწვანების არარსებობა, სატრანსპორტო პრობლემები საცობების სახით, ინფლაციით გამოწვეული რესურსების უსამართლოდ გადანაწილება და სხვ.
პოლიტიკური დეცენტრალიზება
“გირჩი-მეტი თავისუფლება” თბილისის მაცხოვრებლებს სთავაზობს ქალაქის მაქსიმალურ დეცენტრალიზებას. კერძოდ, გარდა თბილისის მერისა, რომელიც ირჩევა მოსახლეობის მიერ, თბილისის თითოეულ რაიონს უნდა ჰყავდეს საკუთარი დემოკრატიულად არჩეული საკრებულო. ეს საშუალებას მისცემს რაიონებს, უფრო სამართლიანად და ეფექტურად გაანაწილონ მათ ხელთ არსებული რესურსები და მოერგონ საკუთარი მოსახლეობის საჭიროებებსა და სურვილებს.
საკუთარი არჩევითი საკრებულო ეყოლება გლდანის, დიდუბის, ვაკის, ისნის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევის, საბურთალოს, სამგორისა და ჩუღურეთის რაიონებს. საკრებულო პირდაპირ იქნება არჩეული მოსახლეობის მიერ და მრავალი ცენტრალიზებული ფუნქცია, რომელიც დღეს თბილისს მერს აქვს, ადგილობრივი რაიონული ხელისუფლებების ხელში გადავა. თითოეულმა რაიონმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს როგორი ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობა, საგადასახადო სისტემა, სოციალური პოლიტიკა და საბიუჯეტო მოწყობა სურს იმ ფარგლების უმეტესობაში, რა ფარგლებშიც განხორციელდება დეცენტრალიზება საქართველოს მასშტაბით, თვითმმართველი ერთეულების სასარგებლოდ.
თითოეული რაიონის საკრებულოს ეყოლება ორი წარმომადგენელი თბილისის რაიონების საკოორდინატო საბჭოში, რომელსაც თავმჯდომარეობას გაუწევს თბილისის მერი.
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავი ორგანოების დეცენტრალიზების ფარგლებში, თბილისშიც პოლიციის უფროსი (შერიფი) არჩევითი იქნება. ის მოემსახურება თითოეულ რაიონს და საკრებულოების თანხმობით დანიშნავს თითოეულ შერიფის თანაშემწეს.
ეკონომიკური დეცენტრალიზება
თბილისის თითოეულ რაიონს უნდა შეეძლოს საგადასახადო პოლიტიკის წარმოება. როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, აქაც დღგ-ის 19% თბილისის შემადგენლობაში მყოფ მუნიციპალიტეტებს ქონების გადასახადთან და სხვა მოსაკრებლებთან ერთად ექნებათ განკარგვაში. თითოეულ რაიონს შეეძლება გადასახადების შემცირება ან არსებულის დატოვება იმ განაკვეთით, რა განაკვეთსაც თავად მიიჩნევენ საჭიროდ. ასეთი სისტემა წაახალისებს და უბიძგებს რაიონებს კონკურენციისკენ, რათა მეტი ბიზნესი და წარმატებული მოქალაქე მიიზიდონ საქმის საკეთებლად და საცხოვრებლად.
სატრანსპორტო რეფორმა
“გირჩი-მეტი თავისუფლება” თბილისის მოსახლეობას სთავაზობს ისეთ სატრანსპორტო რეფორმას, რომელიც შეამცირებს ფასებს, გაზრდის სერვისის ხარისხს და დაეხმარება ქალაქს მაქსიმალურად განმუხტოს ის დისკომფორტი, რაც მოსახლეობას ადგება დღევანდელი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად. კერძოდ:
-
საჭიროა მუნიციპალური ტრანსპორტის კერძო მფლობელობაში გადასვლა;
-
მუნიციპალური ტრანსპორტის განკერძოებიდან შემოსული თანხები მოხმარდება პენსიონერთა და სოციალურად დაუცველ პირთა სატრანსპორტო ხარჯის სუბსიდირებას განკერძოებიდან 2 წლის განმავლობაში;
-
დღეს ყველაზე დატვირთული სატრანსპორტო საშუალება თბილისის მეტროა. იმისთვის, რომ ქალაქში განიტვირთოს ავტომობილების მოძრაობა, აუცილებელია მეტროს განვითარება. ახალი მეტროსადგურების მშენებლობა კოლოსალურ თანხებს უკავშირდება, ხელისუფლებას კი, თავის მხრივ, უფრო მეტი ზიანი მოაქვს ამ სექტორში არსებობით. აუცილებელია, ინვესტორების დაინტერესება, თბილისის მიწისქვეშეთის მოწყობაში ფულის ჩადებით.. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მეტროსა და მთლიანად მიწისქვეშეთის განკერძოება სხვადასხვა ინვესტორებზე, საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ახალი მეტროსადგურების გაკეთების და ინვესტიციების სტიმულირების მიზნით.
-
დანარჩენ სატრანსპორტო პოლიტიკას,- ფეხითმოსიარულეთათვის მოსახერხებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ველობილიკები თუ სხვა ღონისძიებები, გადაწყვეტს თითოეული რაიონის საკრებულო და მისაღებ ცვლილებებს დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად გაატარებს.
ქალაქის განტვირთვა საჯარო სტრუქტურებისგან
თბილისის გადატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ცენტრალური ხელისუფლების შტოების დიდი რაოდენობაა. ქალაქის განსატვირთად, აუცილებელია, სახელისუფლებო სტრუქტურების სამგორის რაიონში გადატანა. სამგორის რაიონი ყველაზე ნაკლებადაა ეკონომიკურად ათვისებული და სახელისუფლებო სტრუქტურების იქ არსებობა მკვეთრად გაზრდის მიწსა და შენობების ღირებულებას, მიიზიდავს მრავალ ინვესტორსა და ინვესტიციას. ქალაქის განტვირთვასთან ერთად, გაფართოვდება ურბანული ზონა და ბიზნესისათვის საინტერესო გახდება ისეთი ადგილების ათვისება, რომელიც დღეს ეკონომიკურად გამოუყენებელია.
თბილისის ძირეული სახელისუფლებო რეფორმა ერთადერთი გამოსავალია, რომ ქალაქი განიტვირთოს, დაბალანსდეს ურბანიზება და თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალურად ღირსეული საცხოვრებელი პირობები და გარემო შეიქმნას დეცენტრალიზებულ დედაქალაქში.
გირჩი-მეტი თავისუფლება