
სტივ ჯობსის ცხოვრების ფილოსოფია
ყველამ იცის, რომ სტივ ჯობსი იყო შესანიშნავი ბიზნესმენი, რომელმაც შექმნა საოცარი პროდუქტები და მსოფლიო არსებითად შეცვალა. მაგრამ ის ბევრად მეტი იყო. ის იყო ბიზნესმენ-ფილოსოფოსი და ფილოსოფია, რომელიც მან გაითავისა, იყო მისი შესანიშნავი პროდუქტიულობის, წარმატებისა და ბედნიერების ფუნდამენტური მიზეზი.
ჯობსისთვის მნიშვნელოვანი იყო არა ფულის გამომუშავება, არამედ შექმნის პროცესი. ”ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნები თუ არა სასაფლაოზე უმდიდრესი ადამიანი,” - თქვა მან. „ღამით როცა დასაძინებლად წავალ და ვიტყვი, რომ დღეს რაღაც მშვენიერი გავაკეთე. . . აი ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი."
რაღაც მშვენიერის კეთება, ჯობსის აზრით, არ ნიშნავს იმის კეთებას, რაზეც სხვები ფიქრობენ, რომ ღირებულია; ეს ნიშნავს აკეთო ის, რაც გიყვარს და გაყვე იმ კარიერას, რომელიც გაბედნიერებს. როგორც მან თქვა:
თქვენი სამუშაო თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილია და თუ გსურთ, ჭეშმარიტად ბედნიერი იყოთ, უნდა აკეთოთ ის, რაც გჯერათ, რომ დიდებული სამუშაოა. და დიდი საქმის კეთება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ გიყვართ ის, რასაც აკეთებთ. თუ ჯერ ვერ იპოვეთ ასეთი საქმე, განაგრძეთ ძებნა. არ დანებდეთ. როგორც გულთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, აქაც იგრძნობთ, რომ იპოვეთ ასეთი საქმე. და როგორც ნებისმიერი შესანიშნავი ურთიერთობა, ესეც უბრალოდ უკეთესი და უკეთესი ხდება წლების გასვლასთან ერთად. ასე რომ განაგრძეთ ძებნა, სანამ არ იპოვით მას. არ დანებდეთ.
თქვენს არჩეულ კარიერაში წარმატების მისაღწევად, თქვა ჯობსმა, არ უნდა მიიღოთ იდეები მათი ჭეშმარიტი გაგების გარეშე. „იმისთვის რომ რაღაც ძალიან კარგად გააკეთოთ, უნდა მიიღოთ იგი. თქვენ ნამდვილად უნდა გაიაზროთ ის. საჭიროა მძვინვარე თავის მიძღვნა, რომ მართლაც საფუძვლიანად გაიგოთ რაღაც, დაღეჭოთ ის და არა უბრალოდ სწრაფად გადაყლაპოთ. ადამიანების უმეტესობა ამას დროს არ უთმობს.”
ჯობსს არ უცხოვრია ისე, რასაც აინ რენდმა მეორადობა უწოდა: სხვისი შეხედულებების დაუფიქრებლად მიღება. მან გაითავისა პირველადობა ან დამოუკიდებელი აზროვნება: პირველადი ორიენტაცია არა სხვების მოსაზრებებზე, არამედ რეალობაზე, როგორც თქვენ ხედავთ მას. „ნუ ჩავარდებით დოგმების ხაფანგში - ეს არის ცხოვრება სხვა ადამიანების აზროვნების შედეგებით. ნუ მისცემთ უფლებას სხვისი მოსაზრებების ხმაურს თქვენი შინაგანი ხმა დაახშოს“, - გვირჩია მან.
ჯობსის შეხედულებები არ იყო შემთხვევითი; ისინი დაფუძნებული იყო და წარმოიშვა მის მიერ რეალობის აბსოლუტიზმის, სიცოცხლის ძვირფასობისა და სიკვდილის გარდაუვალობის აღიარებიდან. როგორც მან განმარტა: „არავის სურს სიკვდილი. სამოთხეში წასვლის მსურველებსაც კი არ სურთ სიკვდილი. და მაინც სიკვდილი არის დანიშნულება, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. მას ჯერ არავინ გაქცევია. და ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი დიდი ალბათობით სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. ეს არის ცხოვრების შეცვლის საშუალება. ” მან დააზუსტა:
"როცა 17 წლის ვიყავი, წავიკითხე ციტატა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა: „თუ ყოველ დღეს ისე იცხოვრებ, თითქოს ეს შენი უკანასკნელი იყოს, ოდესღაც მართალი იქნები“. ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და მას შემდეგ, გასული 33 წლის განმავლობაში, ყოველ დილით სარკეში ვიხედებოდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი: დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე ყოფილიყო, გავაკეთებდი იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებ? და როცა პასუხი ზედიზედ რამდენიმე დღე იყო "არა", მე ვიცოდი, რომ რაღაცის შეცვლა მჭირდებოდა."
მოკლედ, ჯობსის ფილოსოფია ამტკიცებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რისი კეთება გიყვარს და ამ სფეროში კარიერის აწყობა, მისი სრულყოფილად გაგების ვალდებულება, ყოველთვის საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრება, შემოწმება იმის, თუ როგორ ატარებ დროს და თქვენი საქმიანობის მუდმივად რეგულირება, რათა მიაღწიოთ მაქსიმალურ ბედნიერებას.
ჩვენ ამ იდეების ნაყოფი ჯობსის ცხოვრებაში ვიხილეთ. წარმოიდგინეთ, რას ვიხილავთ, თუ მისი ფილოსოფია ისეთივე ფართოდ გავრცელდება, როგორც მისი სხვა პროდუქტები.
ავტორი: Craig Biddle, The Objective Standard
თარგმანი: Irakli Iagorashvili, Ayn Rand Center Georgia
სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნდა The Objective Standard-ის გვერდზე, აქ სტატიის ქართული ვერსია გამოქვეყნებულია მათი ნებართვით.