ერთ დღეში შეგროვებული 3273 ლარი - ანუ ვინ აფინანსებს ჯაფარას?

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლება" სრულად მხარდამჭერებისგან ფინანსდება. "გირჩის" გაყოფის შემდეგ, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით, პარტიისა და პირადად ზურაბ გირჩის შემოწირულობამ 150 ათასი ლარი შეადგინა. 

დაფინანსების ამგვარ მოდელზე, რომელშიც ადამიანები პოლიტიკოსის საქმიანობასა და მათთვის მნიშვნელოვანი იდეების გაჟღერება-განხორციელებაში იხდიან ფულს, ზურაბ ჯაფარიძის "ფანდრაიზერი" და თანაშემწე ნინა საჯაია მუშაობს. ნინას ინდივიდუალური კომუნიკაცია აქვს თითოეულ დამფინანსებელთან, ისმენს მათ შეხედულებებს, სურვილებსა და მოსაზრებებს, პარტიის სიახლეებზე ინფორმაციას პირველები სწორედ ისინი იღებენ. Facebook-ზე არსებულ ჯაფარას დამფინანსებელთა ჯგუფში ამ ეტაპზე 1600-ზე მეტი ადამიანია. ანალოგიური პრაქტიკა აქვთ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ახალბედა პოლიტიკოსებს ცოტნე კობერიძეს და ნიკა მოსიაშვილსაც, ისინიც საკუთარი ჯგუფების მეშვეობით ეკონტაქტებიან მხარდამჭერებსა და დამფინანსებლებს.

გუშინ, 7 აპრილს, ზურაბ ჯაფარიძის დამფინანსებლების ჯგუფში, 1 ლარიანი მანიბომბით, დღის ბოლომდე 3273 ლარი შეგროვდა. როგორც ნინა საჯაია აღნიშნავს, ერთიანობის პირობებში, ძალიან დიდი ძალა აქვს თითოეულ გადმორიცხულ ლარს და მაშინ, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისშია, ათმაგად დასაფასებელია ადამიანების ფინანსური მხარდაჭერა.

გირჩს ყოველთვის გაცხადებული ჰქონდა, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას, რომელსაც პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულად იღებენ პოლიტიკური პარტიები, არ აიღებდა, რადგან არასამართლიანია პოლიტიკური საქმიანობის წარმართვა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე.

ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციაა, რომ პარტიები ან ნადირობდნენ იმაზე, რომ ბიუჯეტიდან მიიღონ დაფინანსება, ან როცა ხელისუფლებაში მოდიან, სხვადასხვა გზებით ცდილობენ იმხელა ფულის აკუმულირებას, რომ მერე ხელისუფლებაში რომ აღარ იქნებიან, ჰქონდეთ პარტიული საქმიანობის დაფინანსების შესაძლებლობა. ჩვენ ეს ყველაფერი ფეხებზე დავიკიდეთ და ვითხოვთ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება საერთოდ გაუქმდეს, რადგან რყვნის მთელ პოლიტიკას.

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

"გირჩი-მეტი თავისუფლების" პორტალი girchi.org უკვე გაშვებულია. უახლოეს მომავალში საიტზე მიბმული იქნება დონაციის სისტემაც და თითოეული პოლიტიკოსის, თუ ზოგადად პარტიის დაფინანსება, პორტალის მეშვეობითაც გახდება შესაძლებელი.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები