რატომ უნდა ვასწავლოთ გოგონებს, რომ ფემინისტების ნაცვლად ინდივიდუალისტები იყვნენ

მიუხედავად იმისა, რომ თავად ასე არასდროს მიმაჩნდა, ფემინისტი ჩემთვის ცხოვრებაში ბევრჯერ უწოდებიათ. ვფიქრობდი, რომ თუ ფემინიზმი შანსების თანასწორობას გულისხმობდა, მაშინ რა საჭირო იყო ახალი სიტყვის გამოგონება? ამისთვის ინდივიდუალიზმი ხომ ისედაც არსებობდა. თუმცა, ტერმინი “ფემინიზმი” თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დიდი ხანია გასცდა. ამ მოძრაობის წარმატებები და ჩავარდნები კი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზეც უფრო და უფრო ფართოდ აისახება.

იმის მიუხედავად, თუ რას ვიგულისხმებთ მასში, ფემინიზმის უპირველესი პრობლემა არის თავად ტერმინი, რამდენადაც იგი განაცალკევებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს — ქალებს — მათს “ქალურობაზე” მითითებით. ხშირად ამტკიცებენ, რომ ტერმინი მოძრაობის სამიზნე ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენება, თუმცა, როგორც კი რომელიმე ჯგუფი თავს განაცალკევებს, იგი საზოგადოების სეგმენტებად დაშლას უწყობს ხელს. ამაში ცუდი არაფერია მანამ, სანამ ეს ჯგუფი პრივილეგიებსა და მათ მიმართ გადამეტებულ დათმობებზე წასვლას მოითხოვს. ამგვარი განსაკუთრებული მოპყრობა კი იმ საბაბითაა გამართლებული, რომ ამ ჯგუფის არასახარბიელო მდგომარეობაზე საზოგადოების გარკვეული კატეგორიაა პასუხისმგებელი.

შანსები შედეგების წინააღმდეგ

ფემინისტური მოძრაობა განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა ყველა სახის ზომების წახალისებაში, რომლებიც უზრუნველყოფენ მიზნების მიღწევაში კაცების მსგავს თავისუფლებას ქალებისთვისაც. ამის მაგალითა გენდერული კვოტები შეგვიძლია მოვიყვანოთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შედეგების შანსების თანასწორობის — რომელიც ინდივიდუალიზმის ერთ-ერთი საფუძველია — შედეგების თანასწორობისგან განსხვავებას, რომელიც, თავის მხრივ, ძირს უთხრის ინდივიდუალიზმს.

კეთილდღეობასთან დაკავშირებული უფლებები, როგორიცაა, მაგალითად, განათლების უფლება, რომელიც მრავალი ქვეყნის კონსტიტუციითა გამტკიცებული, რედისტრიბუციის მეშვეობით ხორციელდება. პირადად მე ვისურვებდი, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები ნაკლებად მიმართავდნენ რედისტრიბუციას. თუმცა, რეალობა ისაა, რომ სოციალური უფლებები მყარადაა საზოგადოებაში გამჯდარი და დიდხანს შენარჩუნდება. ამის მიუხედავად, მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ქალებისა და კაცების მიერ განათლების თანასწორ პირობებში მიღების უფლებაში ჩარევა.

ის ფაქტი, რომ ისტორიულად ქალები ზოგიერთ სფეროში, მაგალითად პოლიტიკასა და ბიზნესში, ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი, არ ნიშნავს, რომ ახლა ამის კომპენსირება ამ პროფესიებში მეტი ქალის დაქირავებით უნდა ვცადოთ. ამგვარი მიდგომა სერიოზულ შეცდომას წარმოადგენს. შეუძლებელია წარსულში ცოდნის ნაკლებობის გამო მომხდარი უსამართლობის გამოსწორება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელს უშლის ხარისხზე დაფუძნებული წარმატების ცნების განვითარებას.

რატომ უნდა შევეჯიბროთ კაცებს, როდესაც შეგვიძლია ვიყოთ ინდივიდები?

ფემინიზმისთვის დამახასიათებელ კიდევ ერთ (და, სავარაუდოდ, გაცილებით მნიშვნელოვან) პრობლემას წარმოადგენს ქალებისთვის იმის სწავლება, რომ უნდა შეეძლოთ კაცების მსგავსად კონკურენციის გაწევა. პარადოქსია, მაგრამ “ფემინურობაზე” მითითებით, ფემინიზმმა დააკნინა ქალურობის როლი. კაცების მტრებად წარმოჩენით კი აგრეთვე გაიზარდა მათ მიმართ ბრაზისა და მათგან თავდაცვის საჭიროების შეგრძნება.

მიმაჩნია, რომ სუნ ძის ცნობილი გამონათქვამი — იცნობდე შენს მტერს საკუთარ თავზე მეტად — რადიკალური ფემინიზმის ძირითად არსს წარმოადგენს, რომელმაც კაცების დემონიზება მოახდინა. ფემინიზმის ყველა ვარიაცია გულისხმობს კონკურენციას, თუმცა, კონკურენციის არსი ფემინისტებს ინდივიდუალისტებისგან განსხვავებულად ესმით.

ქალები ცდილობდნენ კაცებთან შეჯიბრებას კაცების მიერ დადგენილი პირობებით. დამარცხებულები, როგორც წესი, ყველაზე ხმაურიანად ითხოვენ პრივილეგიებს — მსგავსად არაკონკურენტუნარიანი ინდუსტრიების მიერ სუბსიდიების მოთხოვნისა.

შენი მოწინააღმდეგის ტაქტიკის გამოყენება შესაძლოა დაგეხმაროს ადგილის შენარჩუნებაში, მაგრამ შეჯიბრს ვერ მოგაგებინებს. სწორედ ამიტომაა, რომ ფემინიზმმა ჯერჯერობით ვერ გაიმარჯვა და ვერასდროს გაიმარჯვებს, თუ ამჟამინდელი ფორმით განაგრძობს არსებობას. ფემინიზმის გამარჯვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ იგი ინდივიდუალიზმამდე დავა.

როგორც მარგარეტ ტეტჩერმა სწორად შენიშნა:

ქალის მისია არ არის მასკულინური სულის გაძლიერება, არამედ ქალური სულის წარმოჩენა; ქალის დანიშნულება არ არის კაცების მიერ შექმნილი მსოფლიოს შენარჩუნება, არამედ მის ყველა ასპექტში ქალურობის ელემენტის შემოტანით ადამიანთა მსოფლიოს შექმნა.

ინდივიდუალიზმი ფილოსოფიაა, რომელიც ყველა ინდივიდს თანასწორად მიიჩნევს მათი გენდერის, რასის, აღზრდისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად. იგი ხარისხზე დაფუძნებული ცნებების სისტემაა, რის გამოც ამ ფილოსოფიის ამოსავალი წერტილია ის ღირებულება, რისი შექმნაც თითეოულ ადამიანს მსოფლიოსთვის შეუძლია. ინდივიდუალიზმი მოგვიწოდებს, რომ ეფექტიანად გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება და განვივითაროთ ახალი მხარეები.

გოგონებისთვის იმის სწავლება, რომ კაცებს შეეჯიბრონ, არასწორი და მომწამვლელი სტრატეგიაა. დროა, მათ ვასწავლოთ, რომ კონკურენციაში უნდა იყვნენ ინდივიდები, რომლებიც გამოიყენებენ ქალურობას თავის სასარგებლოდ, სამართლიან და შემოქმედებითობაზე ორიენტირებულ კონკურენციაში, რომელიც შანსების თანასწორობაზე იქნება დაფუძნებული.

ავტორი: Maria Chaplia



კომენტარები