"გირჩი-მეტი თავისუფლება" - "სომხური კარუსელის" წინააღმდეგ

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული საარჩევნო კენჭისყრა მიმდინარეობდა, რომელზეც  დაიტესტა ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება საარჩევნო პროცესში და ახალი ტიპის ბიულეტენის გამოყენება. 

იდეის ავტორი და პროექტის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი "გირჩი-მეტი თავისუფლების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი იმედა კლდიაშვილი გახლდათ. 

ახალი ტექნოლოგიები გამოიყენება უკვე დანერგილ პროცედურებში - ამომრჩევლის იდენტიფიცირება საარჩევნო უბანზე შესვლამდე სპეციალური მოწყობილობით მოხდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი რეგისტრატორთან მივა, სადაც კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ მის ვინაობას. რეგისტრატორი ამომრჩევლისთვის გადაცემული ბიულეტენის შტრიხკოდს სპეციალური მოწყობილობით დააფიქსირებს, სასურველი კანდიდატის ან პარტიის არჩევის შემდეგ კი ბიულეტენის შტრიხკოდს საარჩევნო ყუთთან მჯდომი პირი კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ბიულეტენი ყუთში ვარდება შტრიხკოდის გარეშე - ამით შეუძლებელი იქნება დადგინდეს, რომელმა ამომრჩეველმა რომელ კანდიდატს მისცა ხმა, თუმცა დადგინდება, ხომ არ გაიტანეს ბიულეტენი უბნიდან ან რამდენ ხანს არ ჩავარდა ის საარჩევნო ყუთში. 

იმიტირებულ  პროცესს აკვირდება მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რეგისტრირებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი 822 ამომრჩეველი.

„ახალი ტექნოლოგიებით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება თვალყური ადევნოს არჩევნების დღეს თითოეული ბიულეტენის მოძრაობას, შეუძლებელი იქნება ბიულეტენის უბნიდან გატანა ან ჩაყრა, რადგან ნებისმიერ მსგავს ფაქტს სისტემა აწითლებს და ნათელი ხდება. ყველანაირი ტიპის „კარუსელი“ პრაქტიკულად არის გამორიცხული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების გაყალბების ყველა გზა იქნება დაცული, უბნის შიგნით ამ შიდა სისტემაში გაყალბება ფაქტობრივად იქნება გამორიცხული. ცხადია, შეშინებას, შანტაჟს და მოსყიდვას ეს სისტემები ვერ გამორიცხავს, მაგრამ ამ სისტემების დანერგვა ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ან ფინანსების თვალსაზრისით არაფერი რთული აქ არ არის, პროტოტიპები მზად არის, მხოლოდ დაფინანსება სჭირდება. პლანშეტები არის საყიდელი და კომისიის წევრებმა არსებულ პროცედურებს უნდა ჩაამატონ ორი პროცედურა”, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ. 

 

"კენჭისყრის პროცესი ცესკოში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს... საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით 2021 წლის მარტიდან მიმდინარეობს" - განაცხადეს ცესკოში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 



კომენტარები