მსხვერპლი, "იდენტობის პოლიტიკა" და "პოლიტკორექტულობა"

მე მინდა მოგიყვეთ ისტორია მსხვერპლსა და ჩაგრულებზე. იმ ადამიანებზე, რომლებზეც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ძალადობდნენ, ან იყვნენ არახელსაყრელ და არასასურველ პირობებში. ამის გამო მათ სიძნელეებთან უხდებოდათ შეჯახება და უჭირდათ ცხოვრება. ყველა მსხვერპლი განსხვავებული პიროვნება იყო, უნიკალური ადამიანი, თავისი უნიკალური გარემოებებითა და ისტორიით.

ბევრი მსხვერპლი არ ნებდებოდა. უკეთ ცხოვრება უნდოდა და სამართალს ეძებდა. ზოგი ასე, ზოგი ისე. ზოგი წარმატებულად, ზოგიც ვერა. ზოგს ახლობელი ეხმარებოდა, ზოგს - არა. ზოგს ფული ჰქონდა, ზოგს - არა და ასე უმკლავდებოდა სიძნელეებს.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ძალიან წარმატებული გახდნენ, სამართალიც იპოვეს და ბედნიერიც გახდნენ. თუმცა, ბევრიც ნებდებოდა და ბედისწერას ბარდებოდა. 

ზოგი მსხვერპლი სხვებისთვის ან იდეებისათვის საკუთარი ნებით ეწამა კიდეც, დათმო პირადი ინტერესები, მსხვერპლი გაიღოო - ამბობდნენ. მათ წამებულებად მოიხსენიებდნენ.

იყვნენ ისეთი ჩაგრულებიც, რომლებმაც თავად მსხვერპლობაში ძალა დაინახეს და მისი გამოყენებით მისნაირი მსხვერპლისთვის, ხშირ შემთხვევაში, პრივილეგიები და ცალკე, სპეციალური კანონმდებლობაც კი მოიპოვეს. ასეთ მსხვერპლს ‘იდენტობის პოლიტიკას’ ეძახდნენ. 
‘იდენტობის პოლიტიკას’ ვერაგული გეგმა ჰქონდა და ადამიანების უმეტესობა - მსხვერპლი და არამსხვერპლიც, მოძალადე და არამოძალადეც - დააჯერა:

  • რომ ყველა მსხვერპლის უსამართლობაში, უბედურებასა და წარუმატებლობაში, განურჩევლად ყველა ადამიანია ზოგადად და არა კონკრეტულად დამნაშავე; 
  • რომ ეს ზოგადი და არაკონკრეტული დანაშაულის გრძნობა ყველას უნდა ჰქონდეს და ხალხში უნდა იყოს გაჯერებული, რის გამოც მსხვერპლისადმი ყველამ კონკრეტულად ვალდებულად უნდა იგრძნოს თავი და მზად იყოს მათი დახმარებისათვის; 
  • რომ მსხვერპლთან საერთო სქესის, სექსუალური ორიენტაციის, დაბადების თარიღის, ადგილის და შესაძლებლობების მქონე არამსხვერპლიც კი სინამდვილეში მსხვერპლია და მათ ამის შესახებ არ იცოდნენ;
  • რომ ის წამებულები, ზემოთ რომ ვახსენე, გმირები არიან, სამაგალითო საფეტიშო მსხვერპლი; 
  • რომ უკეთესია მსხვერპლობა, ვიდრე მოძალადეობა და რომ ამ ორის გარდა სხვანაირი ხალხი, უბრალოდ, არ არსებობს. ან აქეთ ხარ, ან იქით.

ასე მიხვდნენ ადამიანები, რომ ისინი პიროვნებები კი არა, ახლა ისინი უკვე სხვადასხვანაირ მსხვერპლთა ჯგუფები, კოლექტივები იყვნენ.
ატყდა ერთი ამბავი, ყველას მსხვერპლობა უნდოდა. ვინც მსხვერპლობას ვერ ახერხებდა, მსხვერპლს ეტენებოდა, იცავდა, მათი სახელით ლაპარაკობდა. არიქა, არ იფიქრონ, რომ დანაშაულის და მოვალეობის გრძნობა არა მაქვს და ამიტომ მოძალადე გამოვდივარო. მალე, ასეთი შემოსავლიანი პროფესიებიც კი გაჩნდა. სხვებს რომ რამე არ ეფიქრათ, ამნაირმა ხალხმა იყო, რომ მერე მოიგონა ‘პოლიტკორექტულობა’. 

იკითხავთ ალბათ, რა არის ‘პოლიტკორექტულობა’ და რაში წაადგებოდა ის ‘იდენტობის პოლიტიკას’. მსხვერპლის მსხვერპლობა გამომდინარეობს იქიდან, თუ რა სიტყვებს იყენებენ, როგორ აღწერენ ან უწოდებენ მათ სხვა ადამიანები. ეს ზოგადად და ტრადიციულად მიღებული სიტყვები შეურაცხყოფას გვაყენებსო და დღეის ამას იქით, სხვა სიტყვები და სიტყვათა შეთანხმებები გამოიყენეთო. რაღაცების თქმა შეიძლება, რაღაცების არაო და თუ იტყვით, დაისჯებითო. სწორედ მაშინ ჩაუდგა ფესვებში წყალი და დაიწყო ლპობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებამ. 

ასე იყო ამბავი ადამიანისა, რომელიც ჯერ პიროვნება იყო, მერე მსხვერპლი გახდა, მერე - ჯგუფი, მერე მოიპოვა ძალაუფლება და პრივილეგიები, დააძალა სხვებს თავისი ლექსიკა და მან ამით წარმატებით განახორციელა მეტამორფოზა მოძალადეში.

იდენტობის პოლიტიკა = დისკრიმინაცია = კოლექტივიზმი

რომ გითხრან ‘ქალი’, ‘გეი’, ‘ბავშვი’, ‘ლტოლვილი’, ‘ინვალიდი’ და ‘გიჟი’... ‘კორონავირუსით დაინფიცირებული’ და 'პოტენციურად ინფიცირებული' ყველა ადამიანიაო, ხომ არ გაგიკვირდებათ? რომ დავამატო, ყველა ძალიან განსხვავებულია თავისივე ‘ჯგუფებშიც’ კი და უნიკალური პიროვნებაა ცალ-ცალკე, მაშინაც არ გაგიკვირდებათ? თითოეული ამ ‘ჯგუფებში’ უნიკალურია თავისი ცხოვრებით,  მიზნებით, პრიორიტეტებით, ცოდნით, უნარ-ჩვევებით, შესაძლებლობებით, გამოცდილებით... საჭიროებებით, მოთხოვნილებებითა და პრობლემებით.  განსხვავებული სახელი, გვარი და სახეები აქვთ. ყველა ცალ-ცალკე ერთი-ერთი პიროვნებაა და ასეც უნდა აღვიქვამდეთ მათ თითქოს, მაგრამ...

დააკვირდით, რომ ზემოთ მოყვანილი კოლექტიური განმარტებები ამ განსხვავებულ ადამიანებს და პიროვნებებს სქესის, სექსუალური ორიენტაციის, დაბადების თარიღის, ადგილისა და სხვა განსხვავებულობებზე არსებული სტერეოტიპების მიხედვით აჯგუფებენ. ძირითადად, იმის მიხედვით, რაც მათ თვითონ არ აურჩევიათ. რასაც მათ საზოგადოება - მათ შორის, თვითონვე - გარკვეულწილად, ნაკლოვანებადაც კი მიიჩნევენ. ის კი, რაც მათ თვითონ აირჩიეს, ზუსტად ის, რაც მათ სხვებისგან განასხვავებს, ხდის მათ ადამიანად და პიროვნებად და არა ის, თუ რა სქესის არის, სად ან როდის დაიბადა, რამდენი ფეხი აქვს, ან რომელი ბაქტერია მიეწება მის ფილტვს.  

ჩვენ ეს პიროვნებები ჯერ დავაჯგუფეთ და გარდავქმენით კოლექტივებად, რადგან  - თურმე - ისინი განსხვავდებიან ‘ჩვეულებრივი ადამიანებისგან’. მერე მივაწერეთ საერთო განზოგადებული წარმოდგენები, განმარტებები და შეფასებები (სტერეოტიპები); ზოგ ჯგუფს შევუქმენით ცალკე კანონმდებლობაც კი. 

ფაქტიურად განვმარტეთ, რომ ისინი არიან განსაკუთრებული ან სხვანაირი ‘ჯიშის და სახის’ ადამიანები და რომ ისინი ‘ჯგუფები’: ზოგადი, და არა ინდივიდუალური იდენტიფიკაციის და განმარტების ღირსნი. 

ეს კი, მეგობრებო, გაქანებული კოლექტივიზმის გარდა, ჩვეულებრივი დისკრიმინაციაა.

ამგვარი განზოგადებით და დისკრიმინაციით, პიროვნებებზე მსჯელობა, ან მათი საჭიროებების, მიზნების, ინტერესების წარდგენა, გადაწყვეტილებების მიღება ან მოთხოვნილებების განზოგადებულად განხილვა, სულ ცოტა, არაკვალიფიციურია და ჩემი აზრით, თვითონ ამ ადამიანებისთვის უნდა იყოს დამამცირებელი. ამისდა მიუხედავად, ზუსტად ეს არის ის, რასაც დღეს თანამედროვე, ძალზედ პოპულარული და მეინსტრიმული ‘იდენტობის პოლიტიკა’ აკეთებს. 

პოლიტკორექტულობა VS. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

ის ‘ქალი’, ‘გეი’, ‘ბავშვი’, ‘ლტოლვილი’, ‘ინვალიდი’ და ‘გიჟი’ ხომ გახსოვთ? ხოდა, ბოლო ორი სიტყვის გამოყენება, ოფიციალურ და აკადემიურ კომუნიკაციაში თურმე დაუშვებელია. ისინი ‘იდენტობის პოლიტიკის’ მიერ განსაზღვრული ‘პოლიტკორექტულობის’ მიხედვით ჯერ განისაზღვრნენ როგორც „მოწყვლადი ჯგუფები“, მერე „ფიზიკურად ან გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები“, და ბოლოს, შეთანხმდნენ „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებზე“.  

ის სხვა საკითხია, თუ რატომ უნდა მომინდეს და მოვიტეხო ენა, რომ წარმოვთქვა ექვსი სიტყვა იმისათვის, ვიღაცას უბრალოდ ის ვუთხრა, რომ გუშინ ვიღაცა გიჟი ვნახე, მაგრამ სპეციფიკური ლექსიკის დაძალება როგორ ეთანხმება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ეს არ მესმის. 

‘იდენტობის პოლიტიკის’ ქომაგები გვეუბნებიან, რომ ‘პოლიტკორექტულობა’ აუცილებელია იმის გამო, რომ ზოგიერთი სიტყვა  ან სიტყვათა შეთანხმება შეურაცხყოფას აყენებს ზოგიერთ ადამიანს; რომ ეს აგრესიულობისა და ძალადობის გამოხატულებაა და ამიტომაც, ყველა ადამიანმა უნდა იხმაროს მხოლოდ ‘კორექტული’ წინასწარ განსაზღვრული ლექსიკა.

არც კი ვიცი საიდან დავიწყო ამ თეზისის ჩამოშლა, იმდენი დეფექტებია მის ლოგიკაში და მორალში. 
შეურაცხყოფა ინდივიდუალური სუბიექტური აღქმაა და რაც შეურაცხყოფს ერთს, არ შეურაცხყოფს მეორეს. რაც შეურაცხყოფაა ერთ კულტურაში, მეორეში კომპლიმენტია. როგორ გავარკვიოთ რა არის ის უნივერსალური სიტყვები ან სიტყვათა შეთანხმება, რომელიც ყველას მსოფლიოში შეურაცხყოფს ან არ შეურაცხყოფს განურჩევლად? სად გავავლოთ ეს ზღვარი, ან როგორ? სახელმწიფოების დონეზე ხომ არ გავაკეთოთ სხვადასხვანაირი ეროვნული ლექსიკური ნორმები და სიტყვათა შეთანხმებები? ეროვნული პოლიტკორექტულობის კანონი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან, დირექტივებთან და კორექტულობის კონვენციებთან იქნება მისადაგებული? ეს ხომ აბსურდია.

სიტყვიერი შეურაცხყოფა არასასიამოვნო აგრესიული განწყობით რაღაც სიტყვათშეთანხმების კომუნიკაციაა სხვა ადამიანის მიმართ. აქ ყველაზე მთავარი განწყობაა რაც სიტყვებს შეურაცხყოფად აქცევს. ცალკე მდგომი სიტყვები, კონტექსტისა და განწყობის გარეშე შეუძლებელია იყოს შეურაცხყოფა. 

დაპირისპირებისას და კონფლიქტისას ფიზიკური ძალადობა რომ თავიდან აგვეცილებინა, მოვიგონეთ სიტყვიერი კომუნიკაცია (ორალური და წერილობითი), მათ შორის შეურაცხყოფაც. სიტყვიერი შეურაცხყოფა არასასიამოვნოა, მაგრამ ძალადობა არ არის. ის ფიზიკური ძალადობის თავიდან ასარიდებლად ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი და ეფექტური მექანიზმია. 
შესაბამისად და ზოგადადაც, ნებისმიერი ფორმით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, პირველ რიგში ‘პოლიტკორექტულობით’; იმის მოფიქრება, რომ რაღაც სიტყვიერი კომუნიკაცია შეიძლება ძალადობა იყოს და ამიტომ ასაკრძალია, ჩვეულებრივი ძალადობის განხორციელებაა. 

ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თქვას რაც უნდა და გამოხატოს ეს ისე,როგორც მას სურს, იმ სიტყვებით, რომლებითაც მას ეს მოეხერხება, თუნდაც ეს იყოს ძალიან არასასიამოვნო და შეურაცხმყოფელი ბევრისთვის. ასეთს უბრალოდ თავი უნდა აარიდო თუ არ გსიამოვნებს.

"ინ ქლოუზინგ"

"იდენტობის პოლიტიკა" პირველ რიგში ეფუძნება  მსხვერპლის ჩაგრულად გაფეტიშებას და ადამიანების ჩაგრულებად და მჩაგვრელებად დაყოფას (მსხვერპლად და მოძალადეებად). ის ეყრდნობა იმ სიცრუეს, რომ განურჩევლად ყველა, მოძალადეა ის, თუ არა, ჩაგრულია თუ მჩაგვრელი, უნდა იღებდეს თავის თავზე მოვალეობას ყველა ჩაგრულისა და მსხვერპლის წინაშე, რომ მათ ინტერესებს დაიცავს.ამ დროს, ინდივიდუალურ დონეზე ამ ადამიანების ინტერესები შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს. ‘იდენტობის პოლიტიკა’ ასევე იყენებს დისკრიმინაციას, განსხვავებულის ‘შიშს’ და პიროვნებების კოლექტიურად აღქმა-მარკირებას იმისათვის, რომ სტერეოტიპები პიროვნებებზეც გაავრცელონ.

ჩვენი ტვინის მიერ პიროვნებების კოლექტიურად აღქმა და ‘სტერეოტიპაჟირება’ ჩვეულებრივი ამბავია და ყველა ასე ოპერირებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, როდესაც ეს კოლექტიური აღქმა გადადის ჯგუფურ დისკრიმინაციაში და მერე იწვევს ძალადობას, მაგალითად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ‘პოლიტკორექტულობის’ საშუალებით, ის უკვე კოლექტივიზმის ძალადობრივი  გამოვლინებაა რეალურ ცხოვრებაში, რეალური ადამიანების წინააღმდეგ. 

ავტორი: გიორგი სანიკიძე



კომენტარები