157 Views
რძე და ყველი - 45

ვალი და დეფიციტი

საბიუჯეტო რეფორმა, დეფიციტის აღმოფხვრა და მცირე ვალი

საქართველოში გამომუშავებული ყოველი 100 ლარიდან, მთავრობა 35 ლარზე მეტს განკარგავს. მაგალითად, 2020 წელს დეფიციტისა და ვალის მკვეთრად ზრდის გამო, ეს რიცხვი 40 ლარს გადაცდა. სახელმწიფო ბიუჯეტი  არაეფექტიანად და უსამართლოდ იხარჯება, მისი დიდი ნაწილი  ჩინოსნების შემოსავლებში და კორუფციაში იფლანგება. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლება” საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ბიუჯეტის ძირეულ რეფორმას, რაც, ერთი მხრივ, ბიუროკრატიისა და არაეფექტიანი ხარჯების მკვეთრ შემცირებას , ხოლო, მეორე მხრივ, ხარჯვითი სისტემის ისე ცვლილებას მოიცავს, რომ სოციალური ხარჯები  მიზნობრივი და რეალური შედეგის მომტანი იყოს სიღარიბესთან ბრძოლაში.

 

2020 წელს საქართველოს ხელისუფლების შემოსავლებმა თითქმის 22 მილიარდი ლარი შეადგინა. 18.5 მილიარდი ლარი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხოლო 3.3 მილიარდი ლარი ადგილობრივმა მთავრობებმა მიიღეს. “გირჩი-მეტი თავისუფლების” საბიუჯეტო რეფორმა ბიუროკრატიისა და არაეფექტიანი ხარჯების, სულ მცირე, 3.5 მილიარდი ლარით შემცირებას გულისხმობს. მოცემული შემცირება სრულად მოხმარდება გადასახადების დაწევას და გაუქმებას.

 

საქართველოს ხელისუფლება, მრავალი წელია ხარჯავს გაცილებით მეტს, ვიდრე შემოსავალი აქვს. ყოველწლიურად დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტია. 2021 წელს დეფიციტი 5%-ს გადაცდა. ხარჯების შემცირება და დარჩენილი ხარჯების ნომინალური მაჩვენებლის არგაზრდა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების წინაპირობაა. “გირჩი-მეტი თავისუფლების” საბიუჯეტო და ეკონომიკური რეფორმების შედეგად, 2022-2025 წლებში დეფიციტის 5%-დან 1%-მდე დაყვანაა შესაძლებელი, ხოლო მომდევნო წლებში, პროფიციტული საბიუჯეტო ხარჯვით, გამართული ფისკალური და მაკროპარამეტრების გაუმჯობესება.

დეფიციტური ბიუჯეტი  მეტ ვალს და შესაბამისად, გაზრდილ გადასახადებს ნიშნავს. 

საქართველოში დღეს დაბადებული,  ყოველი ახალშობილის თანდაყოლილი ვალი 8000 ლარზე მეტია. 2012 წელს სამთავრობო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 30% იყო. დღეს კი 60%-ზე მეტია. ჩვენ გვჯერა, რომ ვალი დამატებითი გადასახადია, რომელიც მომავალმა თაობებმა უნდა იხადონ. “გირჩი-მეტი თავისუფლება” ამ რეფორმით, მოქალაქეებს სთავაზობს შეთანხმებას, რომ ყოველ მომდევნო წელს, ვალის ზრდა მოხდეს არაუმეტეს იმ თანხის ერთი მეორედისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2020 წელს ისესხა. შედეგად, 2025 წელს სამთავრობო ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, პესიმისტური გათვლით, სულ მცირე 13 პროცენტული პუნქტით შემცირდება.

 

2021

2022

2023

2024

2025

სამთავრობო ვალი / მშპ

62%

60.4%

57.6%

53.3%

49.2%


“გირჩი-მეტი თავისუფლების” საბიუჯეტო და სავალუტო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას ცენტრალური ბანკისგან შიდა ვალის აღება კომერციული ბანკების გავლით აეკრძალება, რაც  მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ვალის მოცულობას მკვეთრად შეამცირებს და ხელისუფლებას მოუწევს ძვირი საშინაო სესხი დაბალპროცენტიანი საგარეო სესხებით ჩაანაცვლოს.     

გირჩი-მეტი თავისუფლება



კომენტარები