
პრივატიზაცია
მეტი კერძო საკუთრება თითოეულ მოქალაქეს
საქართველოს ეკონომიკური განუვითარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საჯარო და კერძო სექტორებს შორის საკუთრების გადანაწილებაა. საბჭოთა ხელისუფლების მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში წართმეული ქონების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია, ამ მიზეზით ქვეყანა და მოქალაქეები, ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის სიმდიდრეს ვერ ქმნიან..
“გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, საქართველოში თითოეული აქტივი, - მიწა, შენობები თუ წიაღისეული, უნდა ეკუთვნოდეს მოქალაქეებს, რომლებიც ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ გამოიყენონ და განკარგონ თავიანთი საკუთრება. სწორედ ამიტომ, დაუშვებლად მიგვაჩნია ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული მცდარი და უსამართლო კანონი მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის შესახებ. კანონი არღვევს ადამიანის უფლებას განკარგოს და მათ შორის, გაასხვისოს თავისი საკუთრება ისე, როგორც მას სურს.
კერძო საკუთრების წახალისება რთულდება მანამ, სანამ ხელისუფლებას აქვს საკუთრების ექსპროპრიაციის უფლებამოსილება. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს მოქალაქისთვის საკუთრების ჩამორთმევის უფლება. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ საომარი მდგომარეობისას, როდესაც ხელისუფლებას უფლება ექნება, დროებით ისარგებლოს მოქალაქის საკუთრებით და არ ექნება უფლება, ჩამოართვას მას ეს საკუთრება. ასევე, აუცილებელია ხელისუფლებას გაუუქმდეს მოქალაქის კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულია ნებისმიერი უფლებამოსილება.
მოქალაქის საკუთრება არის ხელშეუხებელი როგორც მიწის ზევით, ისე მიწის ქვეშ. მესაკუთრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნებისმიერი წიაღისეული ან რაიმე ღირებულების მქონე აქტივი მიჩნეული უნდა იქნას მოქალაქის საკუთრებად და მასზე არ გავრცელდეს მთავრობის უფლებამოსილება.
მიწების, უძრავი ქონების, წიაღისეულის, ტყეებისდა სახელმწიფო კომპანიების განკერძოება. საქართველოში არ არსებობს ერთიანი და სრულყოფილი ბაზა, სადაც ზუსტად იქნება აღწერილი, რა რაოდენობისა და ღირებულების მიწასა და ქონებას ფლობს საჯარო სექტორი. ასეთი აღწერის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. სწორედ ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური საზღვრების დადგენასთან ერთად, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა, პროცესების დეცენტრალიზებაა. -ყველანაირი საჯარო ქონება მიწებისა და შენობების სახით, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა, უნდა გადაეცეს იმ ადგილობრივ თვითმმართველობებს, სადაც ეს ქონება მდებარეობს.
აუცილებელია, ტრადიციულ საკუთრებაში არსებული მიწების და ტყეების უფასო რეგისტრაცია მესაკუთრეებზე, თუ ადგილზე არ არსებობს მოდავე.
საქართველოში არსებობს სასარგებლო წიაღისეული, რომელიც, ფაქტობრივად გამოუყენებელი სიმდიდრეა და საქართველოს მოქალაქეები ამ სიმდიდრეს არ ფლობენ. ოქროსა და ვერცხლის საბადოების გამოკლებით, აღწერილი ქონება 50 მლრდ დოლარზე მეტია, რაც ერთ მოქალაქეზე გაანგარიშებით, სულ მცირე, 13 500 დოლარია. ოქროსა და ვერცხლის საბადოებით კი ეს რიცხვი ასეულ მილიარდებს მკვეთრად სცდება. საქართველოში შექმნილი ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო კომპანიებზე მოდის. მათი დიდი ნაწილი იმართება არაეფექტიანად და ხშირ შემთხვევაში, წაგებაზე მუშაობს. ამის ნათელი მაგალითი საქართველოს რკინიგზაა, რომელმაც უკანასკნელ წლებში მილიარდობით ლარი იზარალა. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ბიზნესი სახელმწიფოს ნაცვლად უნდა იყოს კერძო სექტორის მფლობელობასა და მართვაში.
მთავრობის ხელში არსებული ყველაზე დიდი აქტივები საპარტნიორო ფონდის დაქვემდებარებაშია. აქტივების ჯამური რაოდენობა 33, ხოლო ღირებულება 6 მლრდ ლარია. ამ აქტივთა სრული განკერძოება, ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, ხოლო, მეორე მხრივ, მილიარდობით ლარის მოზიდვას შეძლებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ეს თანხები კი, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების შემცირებას მოხმარდება.
მეორე მსხვილი სახელისუფლებო ინვესტორი ქონების ეროვნული სააგენტოა, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ 104 საწარმოს ფლობს. მათი პრივატიზება დამატებით 300 მლნ ლარზე მეტ ქონებას ნიშნავს კერძო სექტორის მფლობელობაში.
“გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, მთელი ქონება უსასყიდლოდ უნდა გადავიდეს მოქალაქეების ხელში და ამისთვის, შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო:
-
გამოცხადდეს მასობრივი განკერძოების ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ყველა სახელმწიფო აქტივის გადასვლას თითოეულ მოქალაქეზე თანაბრად;
-
გაუქმდეს სასოფლო და არასასოფლო მიწების კანონმდებლობით დაყოფა
-
თითოეულ წიაღისეულზე გამოიცეს სპეციალიზებული, საპრივატიზაციო ფული, შემდგომში, „ინვესტი“. თითოეული საქართველოს მაცხოვრებელმა მიიღოს 1 000 ინვესტი;
-
ინვესტის აღება შესაძლებელი იყოს ელექტრონულად. დამატებითი სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეეძლოს წერილობითი დოკუმენტის მოთხოვნაც. ამისათვის, მსურველმა მიმართოს იუსტიციის სახლს, რომელმაც უსასყიდლოდ უნდა გადასცეს ფასიანი ქაღალდები ბენეფიციარებს;
-
მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ, “ინვესტები” ჩადონ საქართველოში არსებულ იმ აქტივში, რომელშიც მათ მოესურვებათ. მათი წილობრივი ფლობა ქონებაში ჩადებული “ინვესტების” პროპორციული უნდა იყოს;
-
ხელისუფლებამ უნდა შექმნას ელექტრონული პლატფორმა თავად ან გაიტანოს ე.წ. “აუთსორსინგზე”. ელექტრონულ პლატფორმაზე თითოეულ ბენეფიციარს საშუალება უნდა ჰქონდეს, თანხმობა ან უარი განაცხადოს “ინვესტის” საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გატანაზე;
-
ხელისუფლებამ ან მის მიერ დაქირავებულმა კომპანიამ საერთაშორისო ბირჟაზე განათავსოს “ინვესტები”, როგორც ფასიანი ქაღალდები, და მოიზიდოს ინვესტიციები როგორც ქართველი, ისე უცხოეული ინვესტორებისგან;
-
ბენეფიციარს უნდა შეეძლოს “ინვესტის” როგორც შენახვა, ისე გაყიდვა ნებისმიერ ადამიანზე, თავისი სურვილისამებრ;
-
გასაყიდი ფასი უნდა დადგინდეს მოთხოვნა-მიწოდებით და ამ პროცესში ხელისუფლების ნებისმიერი სახით მონაწილეობა უნდა აიკრძალოს;
-
იმისათვის, რომ ასიმეტრიული ინფორმაციის, სპეკულაციისა და სხვა რისკები მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული, მოქალაქეებს “ინვესტი” უნდა გადაეცეთ ეტაპობრივად. ერთი წლის განმავლობაში ათჯერადი ოდენობით; - მოქალაქე ათჯერ მიიღებს 100 ინვესტს ერთი წლის განმავლობაში;
-
იმ ქონებაზე, რომელიც უკვე ლიცენზიით გაცემულია ინვესტორზე, მოხდეს ხელშეკრულების გადახედვა და თითოეულმა ინვესტორმა ინვესტის სახით მიიღოს ის წილი, რაც გათვალისწინებულია კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში;
-
კონკრეტული წიაღისეულის მოპოვებისა და ტყის და სხვა ქონების თავისი სურვილისამებრ გამოყენების უფლება უნდა ჰქონდეს იმ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, რომლებიც ინვესტებით შეაგროვებენ წილის 51%-ს.
გარდა მთავრობის ხელში არსებული, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიებისა, აუცილებელია ხელისუფლების მფლობელობაში არსებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების განკერძოება და საჭიროების შემთხვევაში, ბიუჯეტის ბალანსზე ფუნქციონირების ნაცვლად, ბიუჯეტიდან პირდაპირ სუბსიდირება. კერძოდ, დღეს ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მლრდ იხარჯება სახელისუფლებო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებზე. ადგილობრივი რეფორმის ფარგლებში, მუნიპალური ბიუჯეტი შეიზღუდება ნებისმიერი ტიპის მფლობელობაში ქონისგან.. აუცილებელია თითოეული სახელმწიფო კომპანია, მთავრობისგან დამოუკიდებელ, მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიად იქცეს და, მუნიციპალიტეტმა, საჭიროების შემთხვევაშიამ კომპანიებისგან იყიდოს ნებისმიერი ტიპის სერვისი, იქნება ეს ქალაქის დასუფთავება, გამწვანება, განათლების მიწოდება თუ სხვ.
გირჩი-მეტი თავისუფლება