
ნაკლები რეგულაცია
მეტი ფინანსური და საინვესტიციო თავისუფლება
დღეს საქართველოში მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, ნაკლებ ხელმისაწვდომობას ფულზე და ნაკლულ კონკურენციას, მაღალი გადასახადებისა და კერძო საკუთრების დაცულობის პრობლემის გარდა, ხელისუფლების მიერ შემოღებული უამრავი მავნებლური რეგულაცია განაპირობებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი:
-
გაუქმდეს საფინანსო სერვისებზე ნებისმიერი ფასწარმოქმნის რეგულირება, რასაც ადგენს მთავრობა;
-
გაუქმდეს შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხის გაცემის აკრძალვა;
-
გაუქმდეს ის 200 000 ლარიანი მინიმალური ზღვარი, რომელიც საჭიროა სესხის უცხოურ ვალუტაში ასაღებად;
-
სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში შემცირდეს 25%-დან 5%-მდე და გაუტოლდეს ეროვნულ ვალუტაზე არსებულ მოთხოვნას;
-
გაუქმდეს დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა, რათა მომხმარებლისთვის გაიზარდოს დეპოზიტებიდან მიღებული სარგებელი;
-
გაუქმდეს ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც საფინანსო სექტორს უკრძალავს არასაფინანსო სექტორში საქმიანობას.
მაღალი საპროცენტო განაკვეთი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აგდებს პენსიონერებს. აუცილებელია, გაუქმდეს მონოპოლია პენსიების გაცემაზე და პენსიონერს მიეცეს არჩევანის უფლება, თუ რომელი ბანკის სერვისებით ისარგებლოს. გაზრდილი კონკურენცია აიძულებს ფინანსურ სექტორს, შედარებით რისკიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მკვეთრად შეამციროს.
გარდა ფინანსური დერეგულირებისა, აუცილებელია, საქართველოს კონსტიტუციის უგულვებელყოფით მიღებული ძალადობრივი საპენსიო სისტემის გაუქმება და მოქალაქეებისთვის შენატანების უკან დაბრუნება. შედეგად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მონაწილე 960 000 ადამიანი საშუალოდ 1 300 ლარს მიიღებს, ხოლო ბიზნეს-სექტორი 250 მილიონი ლარის ოდენობის თანხას დაიბრუნებს. ეს კი ჯამურად, დამატებით 1.5 მილიარდი ლარის მოქალაქეების ჯიბეში დაბრუნებას ნიშნავს.
ბაზრის გახსნა და კონკურენტული გარემოს შექმნა მარეგულირებლების გაუქმებით
საქართველოში კერძო საკუთრების დაუცველობასთან და მოუქნელ საგადასახადო სისტემასთან ერთად, საბაზრო კონკურენციის მთავარი ხელისშემშლელი, სახელისუფლებო რეგულატორების არსებობაა, რომლებიც ისეთ რეგულირებულ გარემოს ქმნიან, სადაც ახალ კომპანიებს ბაზარზე შესვლა უჭირთ და შედეგად, მონოპოლიურ ან ოლიგოპოლიურ ბაზარს ვიღებთ. სწორედ ამიტომ, მონოპოლიებთან საბრძოლველად საჭიროა, არა დამატებითი ბარიერები, არამედ მაქსიმალურად თავისუფალი გარემო, რათა ბიზნესისთვის უფრო იაფი და მარტივი იყოს ბაზარზე შეღწევა.
ჩვენი აზრით, ყველა იმ რეგულაციაზე (გარდა რეგულაციებისა, რომლებიც მოცემული პლატფორმის მიხედვით პირდაპირ უქმდება), რომლის ხელისუფლებებმა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მიიღეს, აუცილებელია მორატორიუმის გამოცხადება; ახალმა ხელისუფლებამ თითოეული რეგულაციის საჭიროება თავიდან უნდა დაამტკიცოს და მხოლოდ ამის შემდეგ აამოქმედოს ისინი. ასევე, ყველა ახალ რეგულაციას უნდა ჰქონდეს დროებითი სახე. ხელისუფლებამ თითოეული რეგულაციის საჭირობა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა ამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგულაცია ავტომატურად უნდა გაუქმდეს.
კომუნიკაციების კომისიის გაუქმება.
კომისიის არსებული ფორმით არსებობა და გაცხადებული მიზნები ხელს უშლის, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ისე არსებულ ბაზარზე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.
დღეს გადასახადის ოდენობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.75%-ს შეადგენს, ხოლო მაუწყებლობის სფეროში წლიური შემოსავლის 0.5 %-ს. 2019 წელს რეგულირების გადასახადის ნომინალურმა მაჩვენებელმა 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
გარდა საგადასახადო წნეხისა, მარეგულირებელი ისეთ საკითხებს განსაზღვრავს, როგორიცაა ბაზარზე ფასთწარმოქმნა, ფასების ზედა და ქვედა ზღვრების დაწესება, დავებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და სხვ.
იმისათვის, რომ არსებულ ბაზარზე კონკურენტული ბიზნესგარემო შეიქმნას და საქმიანობა გამარტივდეს, საჭიროა საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არსებული ფორმით შეწყვიტოს არსებობა.
კერძოდ:
-
სრულად გაუქმდეს არსებული ბიუროკრატია, ბიუროკრატიის არჩევისა და დანიშვნის წესი;
-
კომისიასა და ზოგადად ხელისუფლებას, ჩამოერთვას ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა/ჩამორთმევის უფლება;
-
სატელეკომუნიკაციო ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისთვის ბაზარზე არსებულ მოთამაშეებს შორის წარმოქმნილი დავები სახელისუფლებო ბიუროკრატიის ნაცვლად, სრულად განიხილოს სასამართლომ;
-
გაუქმდეს რეგულირების გადასახადი და სხვა ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელი, რომელსაც დღეს კომუნიკაციების მიმწოდებელი კომპანიები იხდიან.
საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გაუქმება და რეგულატორის ფუნქციის ჩამორთმევა შესაძლებლობას მისცემს კომუნიკაციების ბაზარს, მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და არსებულმა მოთამაშეებმა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში უფრო გამართულად შეძლონ, საკუთარი და მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ბაზრის დაკმაყოფილება.
კონკურენციის სააგენტოს გაუქმება.
საქართველოს ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთ ხელისშემშლელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა კონკურენციის სააგენტო. მომხმარებლისა და მიმწოდებლის ერთმანეთთან არაძალოდობრივ ურთიერთობაში ნებისმიერი ტიპის სახელისუფლებო ჩარევა უარყოფითად აისახება ფასზე, ხარისხზე, მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობაზე და სიმდიდრის შექმნაზე. ჯანსაღი საბაზრო გარემოს მისაღებად საჭიროა:
-
ანტიდემპინგური კანონმდებლობის პროექტების სრულად გაუქმება;
-
ხელისუფლებას ჩამოერთვას უფლება საჩივრის საფუძველზე აღძრას ნებისმიერი კონკურენციასთან დაკავშირებული საქმე და ამ უფლებამოსილებამ გადაინაცვლოს სასამართლოზე;
-
ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას ჩამოერთვას ნებისმიერი ტიპის ფასწარმოქმნაში ჩარევის უფლებამოსილება;
-
გაუქმდეს ყველა შეზღუდვა თუ ჯარიმა, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მიერ საბაზრო ურთიერთობებში ჩარევით წარმოიშვა და ახლიდან გადაეცეს საქმის წარმოებაში სასამართლოს;
-
ნებისმიერი ტიპის საბაზრო მონიტორინგი გადავიდეს კერძო სექტორში და მოხდეს მონიტორინგის სისტემის დემონოპოლიზაცია მთავრობის ბაზრიდან გასვლის გზით.
კონკურენციის სააგენტოს გაუქმება, “გირჩი-მეტი თავისუფლების” სხვა რეფორმებთან ერთად, ხელს შეუწყობს ბაზრის გახსნასა და ნებისმიერი მონოპოლიური თუ ოლიგოპოლიური ბაზრის გაჯანსაღებას. მეტი თავისუფლება ნიშნავს მეტ კონკურენციას, მეტ მოთამაშესა და მეტ სარგებელს თითეულ მომხმარებლისთვის.
გარდა ამისა, აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო კანონმდებლობის მაქსიმალური დეცენტრალიზება, რათა განაშენიანების საკითხს ადგილობრივი მოსახლეობა წყვეტდეს და არა ცენტრალური ხელისუფალი. ასევე, აუცილებელია გაუქმდეს ე.წ. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რათა შენობები გადაურჩნენ ნგრევას და მფლობელმა შეძლოს, როგორც მისი რეკონსტრუქცია/რემონტი, ასევე, მისი გამოყენება საბაზრო წესით, მთავრობისგან ხელის შეშლის გარეშე.