
მონეტარული თავისუფლება
მონეტარული თავისუფლება და მოქალაქეზე მორგებული სავალუტო სისტემა
საქართველოში უკანასკნელი წლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პროდუქციასა და სერვისზე მკვეთრად მზარდი ფასებია. მედიკამენტებზე ინფლაცია სამნიშნა რიცხვს აღწევს. გარდა ინფლაციური პროცესებისა, 2014 წლიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებაში 65%-ზე მეტით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულება 1.7 ლარიდან 3.4 ლარამდე გაიზარდა.
თითოეულ შემთხვევაში, პირველადი პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრია, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტებით უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში არსებულ მონეტარულ პროცესებზე, და წლების განმავლობაში ფულის მასას მკვეთრად ზრდის.
სავალუტო გაღარიბების შესაჩერებლად, “გირჩი-მეტი თავისუფლება” მოქალაქეებს სთავაზობს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მულტისავალუტო რეჟიმზე გადასვლას, რაც მოქალაქეებისათვის არჩევანის თავისუფლების მიცემას გულისხმობს, -მოქალაქეებს შეეძლებათ ლარის გარდა, აირჩიონ ის ვალუტა, რომლის გამოყენებაც მათ სურთ. ამ ნაბიჯით, საქართველოში დომინანტი ვალუტა აშშ დოლარი გახდება და ამისთვის ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას:
-
განსაზღვროს დოლარიზაციის წილი ეკონომიკაში, როგორც მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის 100%;
-
ლარის კურსის ხელოვნურად შესანარჩუნებლად შეწყვიტოს სავალუტო რეზერვების ფლანგვა;
-
განსაზღვროს სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარისთვის “თავისუფალი ცურვის” მოკლევადიანი პერიოდი, რათა დადგინდეს ვალუტის რეალური საბაზრო ღირებულება;
-
საბაზრო ღირებულების დადგენის შემდეგ, დადგინდეს ფიქსირებული გაცვლითი კურსი და ლართან ერთად, სხვა ვალუტები გამოცხადდეს ლეგალური გაცვლის საშუალებად;
-
განისაზღვროს ტრანზიციის პერიოდი, რომელშიც მოქალაქეებს შეეძლებათ მათ ხელში არსებული ლარი გადაცვალონ მათთვის სასურველ ვალუტაში ფიქსირებულ ფასად;
-
ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული აქტივები გადავიდეს სამართავად კომერციულ ბანკებში;
-
ცენტრალური ბანკის, როგორც მონეტარული მდგენელის გაუქმება და მისი, როგორც ფინანსური რეგულატორის დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბება.
ლეგალურ გაცვლის საშუალებად დაიშვებულ იქნას როგორც სხვა ქვეყნის ვალუტები, ასევე ნებისმიერი სახის კრიპტო-ვალუტა.
სავალუტო რეფორმა საშუალებას მისცემს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქესა და ინვესტორებს, ერთი მხრივ, თავი აარიდოს სავალუტო რისკებს, ინფლაციასა და ვალის ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, ისარგებლოს გაზრდილი ინვესტიციის მოცულობით, შემცირებული საპროცენტო განაკვეთებით, სტაბილური კაპიტალის ბაზრით, დაბალი ქვეყნის რისკით და დასავლეთთან მეტი ინტეგრაციით.
გირჩი-მეტი თავისუფლება