ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

ქვეყანაში ცხოვრების დონის, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სექტორის განვითარების ერთ-ერთი მთავარი საზომი ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა. საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. მაშინ, როცა დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელზე მეტია, ხოლო საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებში 77 წელზე მეტი, საქართველოში ეს ასაკი 73 წელია. 

ჯანდაცვის სისტემის განუვითარებლობას არაერთი მიზეზი აქვს:

  1. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. მეტი სიმდიდრე მოქალაქისთვის ნიშნავს უკეთესი ჯანდაცვის სერვისის შეძენის მეტ შესაძლებლობას; მაღალი ხარისხის საკვებით კვებას,  მეტ დროს საკუთარი თავისათვის და დასვენებისათვის. მეტი სიმდიდრე ნიშნავს უკეთეს ჯანდაცვას. საქართველო კი, სიმდიდრით მსოფლიო ასეულშიც არ შედის. მოსახლეობის მეხუთედზე მეტი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს  და შინამეურნეობის საშუალო ფულადი შემოსავალი, დაახლოებით, 600 ლარია. მაღალი ეკონომიკური ზრდის გარეშე, შეუძლებელია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სექტორის განვითარება.

  2. ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკა და ინვესტიციების არარსებობა. ხელისუფლების მონოპოლისტური როლი, საავადმყოფოების ნაციონალიზაცია, ფასების კონტროლი და სხვა უამრავი გაუაზრებელი რეგულაცია ჯანდაცვის სექტორს წამგებიანს ხდის. თუ სექტორი ინვესტიციებს ვერ მოიზიდავს, შეუძლებელია ქვეყანაში შეიქმნას მოქალაქეზე მაქსიმალურად მორგებული ჯანდაცვის სისტემა.

  3. სამედიცინო განათლების არაკონკურენტუნარიანობა. საქართველოში განათლების სექტორი წარუმატებლად ფუნქციონირებს ხელისუფლების არასწორი, ცენტრალიზებული და მოძველებული საგანმანათლებლო პოლიტიკის გამო. სავალალო მდგომარეობაა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში,  მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნისთვის სამედიცინო კადრების ყველაზე დიდი მიმწოდებელია, მსოფლიო მასშტაბით, ტოპ 4000 უნივერსიტეტშიც ვერ ხვდება. ზოგიერთი კვლევით კი, ტოპ 6000 უნივერსიტეტში. “გირჩი-მეტი თავისუფლების” აზრით, ამის მთავარი მიზეზი უნივერსიტეტის სახელისუფლებო ბალანსზე ყოფნა და მართვის ცენტრალიზებული ფორმაა. იმისთვის, რომ საქართველოში განვითარდეს სამედიცინო და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, აუცილებელია მათი განკერძოება, მომგებიან ორგანიზაციებად ჩამოყალიბება და მთავრობის მიერ მათთვის,  გამონაკლისების გარეშე, სრული ავტონომიის მინიჭება. 

  4. მძიმე სამუშაო პირობები. დღეს ჯანმრთელობის დაცვის სექტორში საშუალო დარიცხული შრომის ანაზღაურება 1 000 ლარია. მაგალითად, საჯარო სექტორში ეს რიცხვი 40%-ით მეტია, ხოლო საფინანსო სექტორში 100%-ით მეტი. მკვეთრად დაბალია შრომის ანაზღაურება სამედიცინო სფეროს ისეთ  კარიერულ  საფეხურებზე, როგორიცაა, მაგალითად,  ექთნის პოზიცია. უმეტეს სამედიცინო დაწესებულებაში,  ექთნის შრომის ანაზღაურება, საშუალოდ 200 ლარი და ნაკლებია . მსგავს პირობებში მუშაობის დაწყება მიმზიდველი არ არის და მოქალაქეებს აიძულებს, ან არ დაკავდნენ ამ საქმიანობით, ან მუშაობა გააგრძელონ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ერთადერთი სწორი გამოსავალი, კვლავ კონკურენტული ბაზრის შექმნისა და მთავრობის მინიმალური ჩართულობის შედეგად, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოში მეტი ინვესტიციის მოზიდვაა. 

“გირჩი-მეტი თავისუფლების” პლატფორმის ეკონომიკურ ნაწილში წარმოდგენილია დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან, მოიზიდოს დიდი ოდენობით ინვესტიცია სიღარიბის და უმუშევრობის დასაძლევად. თუმცა, ყოველივე ეს, არასაკმარისია ჯანდაცვის სექტორის განსავითარებლად. “გირჩი-მეტი თავისუფლება” წარმოადგენს ორ გეგმას არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

I გეგმა:

  1. აუცილებელია, მოხდეს ყველა ხარჯის ერთად შეკრება და მათი მიზნობრივ ფულად დახმარებად გადაქცევა

  2. ფულადი დახმარება უნდა მიიღონ გაჭირვებულმა ოჯახებმა. ამისათვის კი ოჯახების რაოდენობის დადგენაა აუცილებელი;

  3. აუცილებელია, გაუქმდეს სალიცენზიო რეგულაციები როგორც ექიმებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებებისთვის;

  4. საჭიროა წამლების იმპორტის დერეგულირება;

  5. საქართველოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების მოსაზიდად უნდა გაუქმდმეს ყველა ბარიერი უცხოური სამედიცინო და სადაზღვევო კომპანიებისთვის .

ჩამოთვლილი ქმედებები ძირეულად შეცვლის სამედიცინო სექტორს და გახდის მას კონკურენტუნარიანს. ასიათასობით ადამიანი კი  გაცილებით მეტ თანხას მიიღებს საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. 

II გეგმა:

გირჩი მოქალაქეებს მეორე გზასაც სთავაზობს, რომელიც  მთავრობის ეტაპობრივ გამოყვანას გულისხმობს ჯანდაცვის სექტორიდან. საწყის ეტაპზე აუცილებელია გაუქმდეს ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ჩანაცვლდეს მასობრივი და ამავე დროს მიზნობრივი სადაზღვევო ვაუჩერით. დღეს ხელისუფლება ფულს  სადაზღვევო კომპანიებს და საავადმყოფოებს  მოქალაქის გვერდის ავლით უხდის. ნებისმიერი სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც  შუამავლის პრინციპზეა აგებული, ზღუდავს თავისუფალ არჩევანს, აძვირებს სერვისს და ამცირებს მის ხარისხს. სწორედ ამიტომ, “გირჩი-მეტი თავისუფლების” პროექტის მიხედვით, 3 მილიონ მოქალაქეზე მეტი მიიღებს სადაზღვევო ვაუჩერს. მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში შეიძინოს უკეთესი დაზღვევა იმაზე მკვეთრად უკეთესი პირობებით, ვიდრე დღეს მას ხელისუფლება სთავაზობს . ვაუჩერული დაფინანსება უკეთეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, დადებითად აისახება სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციაზე. ეს კი სერვისის ხარისხის ზრდას და ფასების შემცირებას ნიშნავს. 

გაგრძელდეს სამედიცინო დაწესებულებების განკერძოების ის პროცესი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გააჩერა. “გირჩი-მეტი თავისუფლების” გეგმით,  უკეთეს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაძლებელია და  საავადმყოფოების განკერძოება, სერვისების  ხელმისაწვდომობის შემცირების თვალსაზრისით, კითხვის ნიშნებს არ ტოვებს. 

ბაზარზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად და კონკურენციის გაზრდისთვის, აუცილებელია ხელისუფლებამ უარი თქვას გაუაზრებელ და მოსახლეობისთვის ზიანის მომტან რეგულაციებზე. კერძოდ:

  • მოხდეს სამედიცინო ლიცენზირების მასშტაბური დეცენტრალიზება, რაც გულისხმობს სახელმწიფო ლიცენზირების მონოპოლიის გაუქმებას და მის გადატანას საბაზრო ურთიერთობებში

  • მედიკამენტების იმპორტი იმ ქვეყნიდან, რომლის მშპ, ერთ სულზე  10 000 დოლარზე მეტია,  გათავისუფლდეს სამთავრობო რეგულაციებისგან, რათა მოქალაქეებს, ბარიერების გარეშე უკეთესი ხარისხის მედიკამენტების შეძენა უფრო დაბალ ფასად შეეძლოთ;

  • სრულად მოიხსნას „ქართული ოცნების“ მიღებული რეგულაცია რეცეპტის გაცემასთან დაკავშირებით, რაც აძვირებს მედიკამენტებს, ხელს უწყობს ოლიგოპოლიური გარემოს ჩამოყალიბებას ბაზარზე და აჩენს მედიკამენტების შავ ბაზარს.

მომხმარებლის პირდაპირი დაფინანსება და ბაზრის დერეგულირება საშუალებას მისცემს ჯანდაცვის სექტორს უფრო მიმზიდველი იყოს ინვესტიციებისთვის, შემცირდეს ფასები მედიკამენტებზე, გაიზარდოს სერვისის ხარისხი, შედეგად კი, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებლები მკვეთრად გამოსწორდეს. 

გირჩი-მეტი თავისუფლება



კომენტარები