
ენერგეტიკა
ძლიერი ენერგო-სექტორი და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, იძულებულს გვხდის, ეროვნულ ჭრილში შეფასდეს ენერგო-პოლიტიკა და ხელისუფლებას მკვეთრად გაცხადებული კურსი ჰქონდეს ენერგო-დამოუკიდებლობისკენ.
ჩვენი აზრით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს ენერგო-რესურსების ათვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება, ხელისუფლების და ინვესტორის ჩრდილოვანი, კორუფციული გარიგებებითაა გამოწვეული. აუცილებელია კანონმდებლობის იმგვარი ლიბერალიზაცია, რომ მიწის მესაკუთრეებსა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებების მხარეს ხელისუფლება არ წარმოადგენდეს. მთავრობის ფუნქცია მხოლოდ დადებული კონტრაქტების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა უნდა იყოს. ენერგო-ბაზრის დემონოპოლიზაცია ხელს შეუწყობს სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფების გაუქმებას, რომლებიც ხელს უშლიან სხვადასხვა ტიპის განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების განვითარებას.
იმისთვის, რომ ენერგო-სექტორმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელიია, გაუქმდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ენერგიის კომისია არსებული ფორმით. ეს ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნას და საქართველოს ბაზარს ინვესტიციისთვის მაქსიმალურად მიმზიდველს გახდის. სემეკ-ის არსებული ფორმით გაუქმებისა და ქვეყნისთვის საჭირო ფუნქცია-მოვალეობების ფინანსთა სამინისტროში გადატანა, ჩვენი გეგმით, შემდეგი პირობებით მოხდება:
-
ფინანსთა სამინისტრომ უნდა შეითავსოს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი და „სემეკს“ ჩამოერთვას ლიცენზიის გაცემის ფუნქცია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების, იმპორტიორების, ექსპორტიორების, ბაზრის ოპერატორებისა და მიმწოდებლებისთვის;
-
„სემეკს“ უნდა ჩამოერთვას:
-
მომხმარებლის უფლებების დაცვისა და დავების გადაწყვეტის ფუნქცია;
-
ადმინისტრაციული წარმოების დებულების დამტკიცების ფუქცია.
-
-
სადავო საკითხების განხილვა მოხდეს პირდაპირ სასამართლოში;
-
გაუქმდეს დაწესებული ყველა ზღვრული ტარიფი და აიკრძალოს ბაზარზე ფასწარმოქმნაში ნებისმიერი რეგულატორის ჩართულობა;
-
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტრანსსასაზღვრო რეგულირების ფუნქცია შეითავსოს ფინანსთა სამინისტრომ.
გარდა იმ ზიანისა, რასაც მარეგულირებელი აყენებს ბაზარს, ის კერძო სექტორიდანაც იღებს თანხას და მას საკუთარი შემოსავლებისთვის იყენებს. კერძოდ, 2019 წელს „სემეკის“ მიერ გაცემულმა ხელფასებმა 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ჯამურმა ხარჯებმა კი 12 მლნ ლარზე მეტი.
„სემეკის“ გაუქმება და რეგულატორის ფუნქციის ფინანსთა სამინისტროში გადატანა შესაძლებლობას მისცემს ენერგო-ბაზარს მოიზიდოს მეტი ინვესტიცია და არსებულმა მოთამაშეებმა უფრო გამართულად იმუშაონ საკუთარი და მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე.
ენერგო-სექტორის გამართულად მუშაობისთვის, აუცილებელი პირობაა ელექტრო-გადამცემი ქსელის განკერძოება იმ პირობით, რომ მფლობელი ვალდებული იქნება, უარი არ უთხრას არცერთ კომპანიას მისი სერვისის გამოყენებაზე.
ენერგო-რეფორმის გატარებისას კიდევ ერთი აუცილებელი ნაბიჯი ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრივატიზება და ენერგო-რესურსების მოპოვების დერეგულირებაა. დღეს ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის მონოპოლიურ გარემოს და აიძულებს დაინტერესებულ ინვესტორებს, უარი თქვან საქართველოში ინვესტირებაზე. ენერგო-რეფორმის ეფექტურად გასატარებლად აუცილებელია მასობრივი დერეგულირება და მთავრობის ამ ბაზრიდან გასვლა, რათა ქვეყანამ მოიზიდოს მრავალი ინვესტიცია და გარანტირებული ჰქონდეს ენერგო-დამოუკიდებლობა ოკუპანტი სახელმწიფოსგან.
გირჩი-მეტი თავისუფლება