სასამართლო

სამართლებრივი სახელმწიფო. დაცული სიცოცხლე და კერძო საკუთრება

დღეს საქართველოში ცხოვრება სახიფათოა. გაზრდილი კრიმინალი, პოლიტიზებული პოლიცია და სასამართლო, ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი და წახალისებული ძალადობრივი ჯგუფები საფრთხეს უქმნიან თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და მომავალს. სწორედ ამიტომ, ეფექტური საპოლიციო და სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია იმისთვის, რომ საკუთარ სამშობლოში მოქალაქემ დაცულად იგრძნოს თავი და ყოველდღიურად ქვეყნის დატოვებაზე არ იფიქროს. აუცილებელია, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას იარაღის ფლობისა და ტარების ლიბერალიზაციისკენ და ეტაპობრივად დაინერგოს ისეთი მოდელი, როგორიც შვეიცარიასა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილშია. 

სასამართლოს რეფორმა

ქართული მართლმსაჯულების პრობლემა ცენტრალიზაცია და მმართველობის ვერტიკალური ფორმაა, სადაც მმართველი  პარტიისთვის მარტივად შესაძლებელია სასამართლო ხელისუფლების უზურპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა სასამართლომ რეფორმის არაერთი ტალღა გამოიარა, ის დღემდე  საბჭოთა მართლმსაჯულების ნიმუშად რჩება, სადაც მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტი სისტემის სასარგებლოდ გადაწონის. 

მოსამართლეთა დამნიშნავ ორგანოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჰქვია, რომელიც 15 წევრისგან შედგება. 5 არამოსამართლე წევრს ირჩევს პარლამენტი, 8  მოსამართლე წევრს მოსამართლეთა კონფერენცია (320 მოსამართლისგან შემდგარი), 1 წევრი ინიშნება პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო მე-15 წევრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.

ამგვარ სისტემაში, სასამართლოს დასამორჩილებლად მმართველი პარტიისათვის საკმარისია გაირგება, ერთი მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლეთა კონფერენციასთან. სწორედ  ასეთი დაკომპლექტების წესის შედეგადაა სახეზე, სასამართლო ხელისუფლებას დღეს დაპატრონებული, ხელისუფლებას დამორჩიელებული კლანი. მმართველ პარტიას  კლანის მეშვეობით, საბჭოს წევრების გარდა, უკვე თითოეული მოსამართლის კონტროლი შეუძლია. შესაბამისად, სისტემა, სადაც 320 მოსამართლეს 15 ადამიანი ნიშნავს, მარტივად მანიპულირებადია. ერთადერთი გამოსავალი სისტემის დეცენტრალიზაცია და ვერტიკალის მოშლაა, რაც “გირჩის-მეტი თავისუფლების” ფილოსოფიური ხედვის გარდა, ძლიერი სამართლებრივი ინსტიტუტების მქონე ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა. 

მართლმსაჯულების სისტემის გასამართად აუცილებელია:

  1. გადაიხედოს არბიტრაჟის შესახებ კანონი და საერთო სასამართლო არბიტრაჟთან რეალურ კონკურენციაში ჩადგეს. არბიტრაჟს უნდა შეეძლოს სახელმწიფო სასამართლოს გარეშე გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულების პროცესის დაწყება;

  2. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი უნდა გაუქმდეს, მოქმედი მოსამართლეები უნდა დაინიშნონ კონკრეტული ვადით და პარალელურად მოხდეს სამივე ინსტანციის სასამართლოს ახალი წესებით დაკომპლექტება;

  3. პირველი ინსტანციის მოსამართლეები უნდა აირჩნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რათა მოსამართლის ანგარიშვალდებულება მოქალაქის მიმართ გახდეს არსებითი;

  4. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობა უნდა გაფართოვდეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე;

  5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაუქმება.

  6. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეები იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, უნდა დაინიშნონ, უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტებული უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ;

  7. სააპელაციო და უზენაესი სასამართლოები უნდა დაკომპლექტდეს  ამერიკელი და ბრიტანელი მოსამართლეებით;

  8. საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს და მის ფუნქციები შეითავსოს უზენაესმა სასამართლომ;

  9. სიტყვის თავისუფლებასთან და სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის არსებული დავები უნდა გადაწყდეს პრეცენდენტული სამართლის სისტემით;

ყოველივე ეს, ერთი მხრივ, შეამცირებს ხელისუფლების გავლენას სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო სისტემას დაუბრუნებს ნდობას, რაც უმთავრესი და დღემდე შეუსრულებელი ამოცანაა.

გირჩი-მეტი თავისუფლება



კომენტარები