პოლიცია

პოლიციის რეფორმა

სასამართლო სისტემის მსგავსად, ქართული პოლიციის უმთავრესი პრობლემა მართვის  ცენტრალიზებული ფორმაა. ქვეყანაში მთავარ პოლიციელად შინაგან საქმეთა მინისტრი ითვლება, რომელსაც  სხვადასხვა რანგის 25 ათასამდე პოლიციელი ჰყავს დაქვემდებარებაში. რიგით პოლიცილსა და შს მინისტრს შორის მსგავსი იერარქია რეპრესიული საპოლიციო სისტემის ჩამოყალიბების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, რადგან პოლიციელი მოქალაქის ნაცვლად, სისტემის მსახურებას ირჩევს. სისტემის ბრძანებიდან ნებისმიერი გადახვევა თითოეულ თანამშრომელს შესაძლოა სამსახურის დატოვებად დაუჯდეს. შესაბამისად, პოლიციელისთვის მინისტრის ბრძანების უაპელაციოდ შესრულება ყველაზე დიდი კომფორტია.

საბჭოთა სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა იერარქის მოშლა და საპოლიციო სისტემის დეცენტრალიზაციაა. აშშ-ის საპოლიციო სისტემა ცხადად გვაჩვენებს, რომ მსგავს სტრუქტურაში პოლიციელის დამოუკიდებლობისა და მოქალაქესთან ანგარიშვალდებულების ხარისხი მკვეთრად იზრდება.

  1. მუნიციპალიტეტების დონეზე პოლიციის უფროსებს (შემდეგში შერიფებს) უნდა ირჩევდეს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს ნიშნავს მეტ დეცენტრალიზებას და მეტ პასუხისმგებლობას სამართალდამცავების მხრიდან;

  2. შერიფისთვის შესაძლებელი უნდა იყოს კერძო საპოლიციო კომპანიის დაქირავება, რაც კონკურენციის პირობებში უკეთესი ცოდნის, მორალისა და კვალიფიკაციის პოლიციელების დაქირავების შესაძლებლობას გააჩენდა;

  3. უნდა შემოვიდეს მარშალის ინსტიტუტი, რომელიც დაქვემდებარებული იქნება შს მინისტრს, რომელიც  ძალაუფლების გადამეტების და ბოროტად გამოყენების თვალსაზრისით, გააკონტროლებს თითოეულ ადგილობრივ შერიფს  და კოორდინირებულად იმუშავებს სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან;

  4. უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული უწყება, რომელსაც მხოლოდ ორგანიზებულ და სამოხელეო დანაშაულზე ექნება რეაგირება, რადგან მსგავსი ტიპის დანაშაულების დევნა სპეციფიურ ცოდნას და კოორდინირებას მოითხოვს;

  5. სასაზღვრო პოლიცია უნდა იყოს შს მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ.

გირჩი-მეტი თავისუფლება



კომენტარები