ნარკოპოლიტიკა

ჰუმანური ნარკოპოლიტიკა

საქართველოში ხელისუფლება რეპრესიულ მანქანადაა ქცეული, როდესაც საქმე  ე.წ. ნარკოდანაშაულს ეხება. ათიათასობით ადამიანი სასჯელს იხდის იმის გამო, რომ მიიღო ან აღმოაჩნდა ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება, თუმცა, არავისზე უძალადია. გარდა ამისა, ათასობით უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი დამატებით იბეგრება ჯარიმის სახით ე.წ. ნარკოდანაშაულზე. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის სხეული ეკუთვნის მხოლოდ მას და ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია მოიხმაროს იმ ტიპის საკვები, სასმელი ან ნივთიერება, რომელიც მას მოესურვება. იმისათვის, რომ რეპრესიული მანქანა დაინგრეს, საჭიროა:

  1. გაუქმდეს ყველა ნარკოდანაშაული და ამოღებულ იქნეს ყველა საკანონმდებლო მუხლი საქართველოს კანონების კრებულიდან;

  2. გამოცხადდეს საყოველთაო ამნისტია ნარკოდანაშაულზე და გათავისუფლდეს ათიათასობით ადამიანი, რომელიც იხდის სასჯელს ე.წ. ნარკოდანაშაულისთვის;

  3. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება მოექცეს ერთ კანონმდებლობაში. კერძოდ, როგორც ნარკოტიკული საშუალება კოფეინი ხვდება ეკონომიკურ საქმიანობაში, ისევე უნდა იყოს ყველა დანარჩენი ნარკოტიკული ნივთიერება. 

ჩამოთვლილი ნაბიჯები საშუალებას მისცემს მოქალაქეებს. ერთი მხრივ, თავი დააღწიონ რეპრესიულ სახელისუფლებო მანქანას, ხოლო, მეორე მხრივ, გაჩნდეს სტიმული ქვეყანაში შეიქმნას სარეაბილიტაციო ცენტრები. დღეს ნარკოდამოკიდებული ადამიანი მკურნალობის ნაცვლად,  უსამართლო კანონმდებლობის გამო იხდის სასჯელს. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გაჩნდება მოგებაზე ორიენტირებული ან საქველმოქმედო მიზნით გახსნილი სარეაბილიტაციო ცენტრები, ნარკოდამოკიდებული მოქალაქეები შეძლებენ ყოველგვარი შიშის გარეშე მიმართონ მათ და მიიღონ შესაბამისი სერვისი. 

გარდა პიროვნული თავისუფლების წახალისებისა, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მსუბუქი ნარკოტიკები აქციონ ბიზნესად ისე, როგორც განვითარებული ქვეყნების მზარდ ნაწილშია. ეს დამატებითი სტიმული იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბიდან თავის დაღწევისთვის.

გირჩი-მეტი თავისუფლება



კომენტარები