
პროკურატურა
პროკურატურის რეფორმა
პროკურატურის რეფორმა
საქართველოს პროკურატურა მკაცრად ცენტრალიზებულია და აქვს მართვის ვერტიკალური სტრუქტურა. თითოეული პროკურორი მთავარი პორკურორის პირდაპირი გავლენის ქვეშაა. როდესაც მმართველი პარტია საპარლამენტო უმრავლესობით მთავარ პროკურორს ნიშნავს, საშუალო და დაბალი რანგის პროკურორებზე ზეგავლენა მარტივდება. ასევე, დაზარალებულს არ გააჩნია ბერკეტი, აირჩიოს მისთვის სასურველი პროკურორი და სასამართლო პროცესზე ჰყავდეს სანდო წარმომადგენელი, მაშინ, როცა ბრალდებულს აქვს საშუალება აირჩიოს მისთვის სასურველი უფლებადამცველი (ადვოკატი). ასევე, არსებული კანონმდებლობა პროკურატურას ანიჭებს გამოძიების უფლებამოსილებას, რაც გამოძიების პროცესში ხშირად პროკურატურის ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს.
პროკურორებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლობის მეტი ხარისხი და მათი ქცევა არ უნდა იყოს ნაკარნახევი ზემდგომი ინსტანციებიდან. დაზარალებულს უნდა ჰქონდეს საკუთარი წარმომადგენლის არჩევის უფლება, ხოლო შსს-ს საგამოძიებო ფუქნცია პროკურატურისგან უნდა იყოს გამიჯნული. არ შეიძლება პროკურატურა თავად იყოს გამომძიებელიც და მტკიცებულებების სასამართლოში წარმდგენიც. ამგვარი სისტემა ნდობის ფაქტორს სრულად უგულებელყოფს. “გირჩი-მეტი თავისუფლების” ხედვა თითოეული პრობლემის სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას ითვალისწინებს:
-
ოლქის პროკურორების არჩევითობა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ
-
ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულისთვის კერძო პროკურორის აყვანის უფლების მინიჭება.. დაზარალებულის ინტერესის დამცველი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან კერძო პროკურორი, რომელიც შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას.
-
პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება.
-
ანტიკორუფციული დეპარტამენტის შექმნა.
-
მთავარი პროკურორის არჩევა საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის 2/3-ების მიერ.
-
ყველა ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, დაზარალებულისთვის ბრალდებულის პატიების უფლების მინიჭება.
გირჩი-მეტი თავისუფლება