
საგარეო ვექტორი და თავდაცვა
საგარეო ვექტორი და სამხედრო სიძლიერე
“გირჩი-მეტი თავისუფლების” ხედვები საგარეო და თავდაცვის სფეროებში ითვალისწინებს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას, ნატოს სრულფასოვან წევრობას, ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების მაქსიმალურად გაღრმავებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის საუკეთესო უსაფრთხოების სერვისების შეთავაზებას.
ტერიტორიული მთლიანობა
საქართველოს, როგორც ქვეყნის უმთავრესი საერთაშორისო მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი სრულად მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ამ მიმართულებით აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება და საერთაშორისო პარტნიორების დაინტერესება, რაც შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პირობებში მოხდეს. აუცილებელია ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და ცვლილებების შემდეგ, ყველა მიმართულებით ქვეყნის რეფორმირება.
-
ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა და მასთან დიალოგი და მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დაიწყებს იმ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულებას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აიღო;
-
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ მიმართული ნაბიჯების შეკავება და აღკვეთა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაცია, კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
-
გვჯერა, საქართველოს აქვს რესურსი პრაგმატულად ითანამშრომლოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან, შესთავაზოს მათ მშვიდობიანი თანაცხოვრება, დაცულობა, ეკონომიკური სარგებელი და გამართული სახელისუფლებო სტრუქტურები;
-
აუცილებელია საერთაშორისო არენაზე აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცება და კონსოლიდაცია;
-
უნდა მოხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების გამყარება, საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობის გზით.
ძლიერი თავდაცვა
საქართველომ უნდა შეძლოს ისეთი თავდაცვის სისტემის შექმნა, რომელიც ქვეყანას მაქსიმალურად აარიდებს თავიდან სრულ ჩამოშლას და მოქალაქეებსა და ბიზნესს ექნებათ დაცულობის განცდა საკუთარ ქვეყანაში.
ქვეყნის ძლიერი თავდაცვისთვის საჭიროა:
-
გაგრძელდეს ნატო-სკენ და ევროპული ღირებულებებისკენ სვლა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება;
-
გაუქმდეს რუსეთთან შუამავლების გარეშე მოლაპარაკებების პროცესი, რომელიც კარასინი-აბაშიძის ფორმატის სახელითაა ცნობილი და ყველა მომდევნო მოლაპარაკება გაიმართოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად;
-
გაძლიერდეს საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება;
-
გაღრმავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებაზე;
-
გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური და ჩანაცვლდეს პროფესიონალი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული საკონტრაქტო გაწვევით;
-
აუცილებელია გაიწეროს გრძელვადიანი სამხედრო სტრატეგია, რომელსაც ქვეყანა მიყვება ეტაპობრივად და ზედმიწევნით ხელისუფლებებისა და მინისტრების ცვლილებების მიუხედავად;
-
სამხედრო სტრატეგიაში აქცენტი უნდა გაკეთდეს მცირერიცხოვან, მაგრამ პროფესიულ ჯარზე. ამისათვის კი აუცილებელია:
-
ნახევრად პროფესიული და მოხალისეობრივ პრინციპზე დაფუძნებული რეზერვი. მოქალაქეები წვრთნებს არასამუშაო დღეებში გაივლიან;
-
ადგილობრივი მოხალისეების მიერ საზღვრისპირა პატრულირების შემოღება. სასაზღვრო პოლიციისგან განსხვავებით, მათი ფუნქცია სამხედრო სადაზვერვო და დივერსიების საწინააღმდეგო მოქმედებები იქნება;
-
პარამილიტარისტული ორგანიზაციების და ცალკეული პირების ორგანიზება, რათა საჭირო მომენტში მათი მობილიზება და სწავლება მოხდეს. მათ უნდა შეძლონ, საჭიროების შემთხვევაში, ჯერ რეზერვის, ხოლო შემდეგ პროფესიული ჯარის ჩანაცვლება;
-
-
დღეს არსებული მინიმალური 2%-ის ნაცვლად, საქართველო შეიარაღებაზე უნდა ხარჯავდეს მშპ-ის სულ მცირე 5%-ს ხელისუფლების ცვლილებიდან მეოთხე წელს;
-
გამარტივდეს სამხედრო მრეწველობაში ინვესტიციის ჩასადებად არსებული რეგულაციები, რათა წახალისდეს ეროვნული სამხედრო მრეწველობა.
-
აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს IT ტექნოლოგიებზე და სამხედრო მიმართულებით, აუცილებელია, დაისახოს ისეთი კონკრეტული ამოცანები, როგორიცაა ამომცნობი სისტემები, ტრაექტორიის გამომთვლელი პროგრამები და სხვა. ასევე, აუცილებელია, რობოტიზებული სისტემების მკვეთრად განვითარება და ახალი ექსპერიმენტული სისტემების გამოცდები და წვრთნები.
გირჩი-მეტი თავისუფლება