ფენიქსისებრი სოციალიზმი

   ადამიანის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი თავის სიბრალულია. სწორედ ეს სიბრალული იწვევს მის მოდუნებას, წარუმატებლობის მიზეზების სადღაც სხვაგან ძებნას და ხელის სხვისკენ გაშვერას.

   ხშირად მოისმენთ ფრაზებს: "არ გამიმართლა", "გარემოებების ბრალია", "არავინ იყო ვინც დამეხმარებოდა" - ეს ყველაზე მსუბუქი ვარიანტებია იმ ურიცხვი ფრაზებიდან, რომლითაც წარუმატებელი ადამიანები ცდილობენ თავიანთი პრობლემები ვინმე სხვას დააბრალონ. ხშირად, კი, იმის სიმამაცეც არ ჰყოფნით, ხელი კონკრეტულ პირებს დაადონ, ამიტომაც აბსტრაქტულ გარემოებებს აბრალებენ. სწორედ ასეთი ადამიანების გულს ედება სალბუნად "დიადი სოციალისტური იდეები". იდეები, რომელიც ქადაგებს თანასწორობას, ერთიანობას, საყოველთაო კეთილდღეობასა და ნათელ მომავალს. თუმცა ეს ყველაფერი, იდეის დონეზეც კი, წარუმატებლობისათვისაა განწირული. მემარცხენე იდეოლოგიის მთავარი ბენეფიტი - თანასწორობა, საჭიროებს ხელოვნურად შეიქმნას პირობები, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს მიეცემა თანაბარი შანსი, იყოს წარმატებული. ამისათვის კი საჭიროა, ის, ვინც უკვე წარმატებულია თავისი ნების საწინააღმდეგოდ დათმოს თავისი წილი წარმატება და გაუნაწილოს ის მას, ვისაც "ცხოვრებაში არ გაუმართლა".

   იმისათვის, რომ გავიგოთ რამდენად დიდი ბოროტებაა სოციალიზმი, უნდა მოვეშვათ ვინმე სხვაზე საუბარს და მისი ყოველი მარწუხი საკუთარ თავზე გავიაზროთ. წარმოიდგინეთ, თქვენ დაიბადეთ, მატერიალური თვალსაზრისით, საშუალო შეძლების ოჯახში. მაშინ, როდესაც თქვენი თანატოლები ერთობოდნენ, თქვენ სწავლობდით. შემდეგ დაიწყეთ მუშაობა რომელიღაც კომპანიაში. მაშინ, როდესაც თქვენი თანამშრომლები პარასკევობით სამუშაო კვირის დასრულებას აღნიშნავდნენ, თქვენ სახლში მიგქონდათ საქმე და შაბათ-კვირას მუშაობაში ატარებდით. ადრე თუ გვიან დაგიფასდათ თავდადება და კომპანიის მმართველ რგოლში მოხვდით. თქვენი შემოსავალი კოლოსალურად გაიზარდა, თუმცა, ამის შემდეგაც არ შეგიწყვეტიათ თავდაუზოგავი შრომა და ისევ ბეჯითად აგრძელებდით თვითგანვითარებას. ამ დროს, კი, მოდის ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი მთავრობის რომელიღაც დეპარტამენტის, რომელიღაცა უფროსი და გავალდებულებთ თქვენი შემოსავლის ნახევარი გაუნაწილოთ თქვენს იმ თანატოლებს, რომლებიც თქვენი სწავლის დროს თამაშობდნენ,

თქვენს იმ თანამშრომლებს, რომლებიც პარასკევობით, ბარში ოდნავ შეზარხოშებულები, ზურგს უკან დაგცინოდნენ თქვენი სიბეჯითის გამო.

გაუნაწილოთ ადამიანებს, რომელთაც არასოდეს, არც ერთი ზედმეტი წუთი არ დაუხარჯავთ წარმატებისთვის და ყოველთვის სხვისგან ელოდნენ მიეღოთ ის, რისთვისაც მათი საკუთარი შრომა იყო საჭირო.

ანდა, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ჭადრაკის პროფესიონალი მოთამაშე ხართ, ყოველი თქვენი სვლა გათვლილია, წლები გაქვთ გატარებული მილიონობით კომბინაციის განხილვაში და თითოეული მოგებული პარტია თქვენი გონების უკიდურესი დაძაბვის შედეგია. ამ დროს კი, მოდის სპორტის სამინისტროს რომელიღაცა დეპარტამენტის, რომელიღაცა უფროსი და გეუბნებათ, რომ თქვენ ვალდებული ხართ თქვენი წარმატება, მედლები, ჩემპიონის სახელი და პატივი გაუნაწილოთ ადამიანებს, რომლებმაც მარტივი სვლების გარდა არაფერი იციან და თამაშისას მიმდინარე სვლაზე ფიქრითაც კი არ იწუხებენ თავს. რთულად მისაღები მოთხოვნაა ხომ?! თუ ამ ორ მაგალითს ფართო მასშტაბებზე გადავიტანთ - სწორედ ამას ითხოვს სოციალიზმი.

დიდი ქარხანა ააშენეთ? - მაშინ ვალდებული ხართ დაასაქმოთ ადგილობრივი მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, ისინი პროფესიონალები არიან,თუ - არა. ან თუნდაც, სხვა ტერიტორიიდან მოყვანილი მუშახელი ორჯერ უფრო იაფად მუშაობდეს. მაღაზია გახსენით? - მაშინ ვალდებული ხართ გადაუხადოთ თქვენს თანამშრომლებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი მინიმალური ანაზღაურება, თუნდაც ამით ზარალობდეთ და მაღაზიის დაკეტვა მოგიწიოთ.

თქვენს კუთვნილ მიწის ნაკვეთში ნავთობი აღმოაჩინეს? - მაშინ ვალდებული ხართ გაუნაწილოთ ეს ნავთობი მთელს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არავინ გეუბნებათ. ათას ლამაზ ისტორიას გიყვებიან თანასწორობასა და საყოველთაო კეთილდღეობაზე. რაც შეიძლება უკეთესად ფუთავენ თავიანთ განზრახვას და თუ მაინც არ დაეთანხმებით, გამუნათებენ, დამპალ კაპიტალისტს, უგულო მატერიალისტსა და კიდევ ათას სისულელეს გიწოდებენ.

   სოციალიზმის მთავარი უბედურება მის შეუქცევადობაშია. თუ დაიწყება ეს პროცესი, მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია. იზრდება და იზრდება საპნის ბუშტივით, მანამ, სანამ არ მიაღწევს უკიდურეს დაჭიმულობას და მაშინ სკდება, სკდება და უდიდეს უარყოფით კვალს ტოვებს, რომლის გამოსწორებასაც შემდეგ უკვე ათწლეულები სჭირდება. ხოლო დასაწყისი თითქმის შეუმჩნეველია, პირველ ეტაპზე, სულ უმნიშვნელო, უწყინარი და საზოგადოების უმრავლესობისათვის მეტად სასურველი ინიციატივით იწყება. მაგალითად, მოდი დავავალოთ ყველა კომპანიას, რომ მისი ოფისის მიმდებარედ მდგარ ხეებსა და გამწვანებას მოუარონ. "მათთვის ხომ ეს არაფერია", "მხოლოდ ერთი მებაღის დაქირავება მოუწევთ", "ისინი ისედაც ძალიან ბევრ ფულს შოულობენ და არ გაუჭირდებათ ოფისთან მდგარი ერთი ხის მორწყვა". მსგავსი თითქოს მეტად უწყინარი ინიციატივით გამოჩნდება ვიღაც მეტიჩარა და როგორც კი საზოგადოებისაგან დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს, მაშინვე აყვებიან ხოლმე კანონმდებლებიც და სულ ცოტა ხანში მივიღებთ ახალ-ახალ რეგულაციას. თანაც როგორი სიამაყით გვიმტკიცებენ ამ იდეის კეთილშობილებას. ყოველთვის ახსენებენ გლობალურ დათბობას, ჩვენს ვალდებულებას ვიზრუნოთ გარემოზე, ლამაზ და უკეთეს ქალაქს, ახალ სამუშაო ადგილებს მებაღეებისათვის. სადმე ჩვენი შვილების ნათელ მომავალსაც ჩააქსოვენ და თუ ვინმე გაბედავს რაიმე უარყოფითის თქმას, მაშინვე ჯვარს აცვავენ, როგორც საზოგადოების მტერსა და მოყვასის ფეხებზე დამკიდებელს. სწორედ აქ არის ძაღლის თავიცა და ქვეყნის განვითარებაც დამარხული; სწორედ ასეთი "უწყინარი რეგულაციებია პირველი მუჭა მიწა, რომელსაც აყრიან ჩვენს მომავალსაც და ამწყოსაც.

   ამ რეგულაციის დაწესებისთანავე, მას მოჰყვება მომდევნო, რომელიც უკვე ამ მებაღის ანაზღაურებას დაარეგულირებს და თან კომპანიას აუკრძალავს, ეს საქმე ვინმე არსებულ თანამშრომელს დაავალოს. აუცილებლად ახალი შტატი უნდა გაჩნდეს, მეტიც სახელმწიფოს შექმნილი. აზარტში შესული საზოგადოება ამასაც ტაშით ხვდება და ყოველი შემდგომი რეგულაცია თუ წესი კიდევ უფრო მეტად შეავიწროვებს "დამპალ კაპიტალისტებს" და განამტკიცებს "საყოველთაო კეთილდღეობას".

   ასე იბადება სოციალიზმი და მისი ბავშვობის უდარდელი ფაზა გრძელდება მანამ, სანამ ბიზნესები უძლებენ და იტანენ მის მოთხოვნებს. თუმცა, მისი ბავშვობაც სრულდება რაღაც მომენტში, ჩნდება პირველი პრობლემები, უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება ახალი წამოწყებები და ახალი საწარმოები.  ბევრად უფრო მეტი ბიზნესი კოტრდება, ან უბრალოდ იხურება, ვიდრე ახალი იხსნება. სწორედ ამ დროს იწყება სოციალიზმის ცხოვრების მეორე ფაზა; მას დასრულებული აქვს ბავშვობა და გადასულია ზრდასრულობის ასაკში, როცა უამრავი ენერგია, ახალი იდეა და მისწრაფებაა. საკუთარი სულელურად გატარებული მოზარდობის ასაკში მიღებული პრობლემების გამოსწორებას, ახალ-ახალი რეგულაციებიც ცდილობს. ქვეყანაში შექმნილ უმუშევრობას კი, მებაღის გარდა, კიდევ ათასი ახალი ხელოვნურად შექმნილი შტატით ებრძვის. ამით კიდევ უფრო ახრჩობს იმ ბიზნესებს, რომლებმაც მოაღწიეს ამ ეტაპამდე და მათ ბოლოდე ანადგურებს. ამაყი გმირის სახით საკუთარ ხელში იღებს წარმოების მართვის სადავეებს და ეტაპობრივად სხვადასხვა საქმიანობის ნაციონალიზაცია ხდება.  პირველ ეტაპზე, ეს პროცესი თითქოს მართლაც უკეთეს ცხოვრებას ნიშნავს, მაგრამ ეს მხოლოდ დილეტანტური თვალსაზრისით. თუკი ჩავუღრმავდებით, მარტივად მივხვდებით, რომ სახელმწიფო საწარმო, რომლის მმართველსაც არავითარი პირადი დაინტერრსება არ აქვს, განწირულია გაკოტრებისთვის, ხოლო მთავრობა ყველაზე ცუდი მენეჯერია.

განვაგრძოთ სოციალიზმის ცხოვრებაზე თვალის მიდევნება და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე.

   ახლა ის უკვე ორმოცს გადაცილებული ადამიანის ასაკშია, როდესაც არსებულის შენარჩუნებაზე ბევრად მეტი დრო იხარჯება, ვიდრე რაიმე ახლის შექმნაზე. თუმცა, წინა პერიოდებში დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე, ვერაფერსაც ვერ ინარჩუნებს, პირიქით, ეტაპობრივად კარგავს და კარგავს იმ "საყოველთაო კეთილდღეობასაც" რომელსაც ახალგაზრდობაში კერძო კომპანიების დატაცებით მიაღწია. ასე წვალებ-წვალებით, ტალონებზე ნაყიდი პროდუქციითა და ცარიელი მაღაზიის თაროებით ატარებს თავისი ცხოვრების ამ ეტაპს და გადადის სიბერეში. მაშინ, როდესაც დიდი ხანია აღარც ახლის შექმნა შეუძლია, ვეღარც არსებულს ინარჩუნებს და ყველაფრით დაღლილი მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი თევზივით დინებას მიყვება. დინებას, რომელიც სულ მალე ჩანჩქერზე გადაჩეხს და საბოლოოდ გასკდება ის საპნის ბუშტიც. გასკდება და გაჩანაგებულ ქვეყანაზე დატოვებს თავის ლორწოვან და გულისამრევ კვალს, რომლის მოშორებასაც ათწლეულები დაჭირდება. 

   სოცილიზმს ფენიქსის თვისებაც აქვს - როგორც კი ჩაიფერფლება, გავა წლები, მისი კვალიც გაქრება, ადამიანები დაივიწყებენ  მის მანკიერებას და შეძლებენ ახლიდან შექმნან რეალური კეთილდღეობა, მაინც გამოვარდება ვიღაც, ვინც იტყვის "მოდი დავავალოთ ყველა კომპანიას, რომ მისი ოფისის მიმდებარედ მდგარ ხეებსა და გამწვანებას მოუარონ". სოციალიზმ დავიწყებული საზოგადოება კი ამ ინიციატივას დადებითად შეხვდება და ისევ დაიწყებს იმ საპნის ბუშტის გაბერვას, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გასკდება. 

ორიოდე სიტყვით საქართველოზე

   1989 წელს, საკუთარი სისხლის ფასად, გამოვეყავით საბჭოთა კავშირს. 1991 წელს დამოუკიდებლობაც გამოვაცხადეთ და ოფიციალურად კაპიტალისტურ მოწყობაზეც გადავედით. 

მაშინ რატომ არ ავყვავდით, რატომ არ ვცხოვრობთ მდიდარ ქვეყანაში? - იკითხავს მავანი.  

  რატომ და იმიტომ, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირს მისი სოციალისტურობის მიზეზით კი არ გამოვეყავით, არამედ მთავარი ინტერესი დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი იყო. მემარჯვენე იდეოლოგია არ ყოფილა საბჭოეთიდან გამოყოფის მთავარი მიზეზი, არც კაპიტალიზმის აშენებაზე გვქონდა წარმოდგენა და საბჭოეთში გაზრდილი ადამიანების დიდი ნაწილი დღემდე "დამპალ კაპიტალისტებად" მოიხსენიებს მდიდრებს და "უიღბლო დაჩაგრულებად" ღარიბებს. ახლაც, ამ წუთასაც ადამიანთა მთელი არმიაა, რომლებიც გვტენიან ხელოვნურად შექმნილ "მებაღის შტატს", გვავალდებულებენ ჩვენივე შრომით შექმნილი დოვლათიდან გამოგონილი გადასახადები გადავიხადოთ, ვარჩინოთ სამთავრობო სტრუქტურა, ვიზრუნოთ "საყოველთაო კეთილდღეობაზე". გვამუნათებენ თუ "მინიმალური სახელფასო ზღვარი" არ მოგვწონს და მონათმფლობელებს გვეძახიან. შახტაში დაღუპული ადამინიანების სიცოცხლით საზოგადოების ემოციებზე თამაშობენ და პათეტიკურად აჯერებენ მათ, თითქოს მემარცხენე იდეები უკეთესი, თანასწორი სამყაროს შექმნას ემსახურება. 

  ხოდა ჩემო იმანო, სანამ ვიღაცა მეტიჩარის დაბრეხვებულ "დიად იდეას" ტაშს დაუკრავდე, გაიხსენე რომ ეს იდეა, ის პაწაწინა საპნის ბუშტია, რომელიც გაიბერება, გაიბერება და ბოლოს ლენინისადმი მიძღვნილ მარშზე მიგერეკება.

ავტორი: ცოტნე ლომიძე



კომენტარები